ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი

ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმიცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფილიალი, დაარსდა 1971 წელს სოფელ ბარდნალაში. პოეტის დამ მედეა ასათიანმა და მეუღლემ ანა ვაჩნაძემ უსასყიდლოდ გადასცეს მუზეუმს პოეტის მამისეული სახლი.

დაახლოებით 170 წლის ქართულ ოდა-სახლს, რომელიც წაბლის ხის ბოძებსა და დოშაყებზე დგას, გარს უვლის რიკულებიანი ღია აივანი. სახლის პირველ სართულზე მოწყობილია დიდი ოთახი („პალატი“) ბუხრითა და მარნით, სადაც დევს მამაპაპეული ხორგა, ჩაჭილა, ხაპი, ხის გობები, სპილენძის კარდალები, თიხის დოქები. ეზოში დგას „სახლის წინ ნაგრიგალარი, გაფითრებული ჭადარი“, იქვე ახლოს მოსჩქეფს „გაცივებული ბინული“. ეზოში შემორჩენილია ლეჩხუმური ჯიშის ხეხილი: თურაშაული, აბილაური, ყინულა, შავი ქლიავი, ცოლიკაურის ჯიშის ყურძენი; ვენახშია პოეტის მამის – მექი ასათიანის საფლავი. პოეტის საწოლ ოთახში (რომელიც გადაჰყურებს ცხენისწყალს, ფანჯრიდან კი ჩანს ხვამლის მთა) დგას საწოლი ლადოსეული ბალიშითა და გადასაფარებლით, დგას ძველისძველი მაგიდა, რომელსაც საწერ მაგიდად იყენებდა ყმაწვილი პოეტი; აქვეა მარმარილოს სამელნე, კალმისტარი, კუთხეში მოთავსებულია ლერწმის თარო ლადოსეული წიგნებით და ის ცისფერი სარწყული, რომელსაც უძღვნა ლექსი („სარწყული“) და სხვ.

სახლ-მუზეუმში პირველი ექსპოზიცია 1971 წელს ნ. აგიაშვილის კონსულტაციით მოამზადეს მ. ასათიანმა და ა. ვაჩნაძემ. 1984 წელს სახლ-მუზეუმს ჩაუტარდა რესტავრაცია და მიეცა ის პირვანდელი სახე, რომელიც სახლს პოეტის სიცოცხლეში ჰქონდა. მოეწყო ახალი ექსპოზიცია. სახლ-მუზეუმის ფონდში 400-მდე ექსპონატია. 1985 წლიდან სახლ-მუზეუმში ტარდებოდა სახალხო დღესასწაული „ლადოობა“ (მაისის ბოლო კვირა); იგი ცაგერში დაწყებული სახალხო დღესასწაულის „ცაგერობის“ (ყოველწლიურად აღინიშნებოდა 1985 წლიდან) გაგრძელება იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]