შინაარსზე გადასვლა

კუკის მთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუკის მთა
კოორდინატები: 043°35′44″ ს. გ. 170°08′27″ ა. გ. / 43.5957472° ს. გ. 170.1410417° ა. გ. / -43.5957472; 170.1410417
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
სიმაღლე 3754 
ქედი სამხრეთი ალპები
პირველი ასვლა 1894
კუკის მთა — ახალი ზელანდია
კუკის მთა

კუკის მთა (ინგლ. Mount Cook; მაორი. Aoraki) — ახალი ზელანდიის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 3754 მ. მდებარეობს სამხრეთ კუნძულზე, ქალაქ კრაისტჩერჩიდან სამხრეთ-დასავლეთით. აგებულია კრისტალური ქანებით. მწვერვალი უნაგირის ფორმისაა, ძალზე ციცაბო ფერდობებით. დაფარულია თოვლითა და მყინვარებით. აღმოსავლეთ კალთაზე ეშვება ტასმანის მყინვარი, ხოლო დასავლეთ ფერდობზე — ჰუკერის მყინვარი. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში 4491 მმ აღწევს. კალთების ქვედა ნაწილში არის ენდემური სახეობებით მდიდარი ზომიერი სარტყლის უნიკალური წვიმის ტყეები. ალპინისტებისა და ტურისტების პოპულარული ადგილია. მოქცეულია კუკის მთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სადაც 2000 მ-ზე მაღლა მდებარე 140-ზე მეტი პიკი და დაახლოებით 70-მდე მყინვარი მდებარეობს.

მთის ადგილობრივი სახელწოდებაა „აორაკი“, რაც მაორი ენაზე ითარგმნება როგორც „დიდი თეთრი ღრუბელი“. სახელი ეწოდა ინგლისელი მეზღვაურისა და მკვლევრის ჯეიმზ კუკის პატივსაცემად. 1991 წელს მომხდარი თოვლზვავის შედეგად მწვერვალს მოსწყდა ქანები (თოვლთან და ყინულთან ერთად), რის გამოც მთის სიმაღლე დაახლოებით 10 მ-ით შემცირდა. კუკის მთაზე პირველი ასვლა განახორციელეს 1894 წელს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]