კოტე ყუბანეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონსტანტინე (კოტე) თეიმურაზის ძე ყუბანეიშვილი (დ. 20 დეკემბერი, 1951, თბილისი) — ქართველი პოეტი და მთარგმნელი.

დაიბადა მხატვარ თეიმურაზ ყუბანეიშვილის და მუსიკის პედაგოგ ნინო დვალის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და გორის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1970-იან წლებში სასჯელს იხდიდა მკვლელობის ბრალდებით. 1980-იანი წლებში მუშაობდა საშუალო სკოლის მასწავლებლად თბილისსა და ჭერემში (გურჯაანის რაიონი). ამავე პერიოდში დაიწყო ლექსების წერა. 1980-იანი წლების ბოლოს მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქართველ დიზაინერთა და ალტერნატიული მუსიკის შემოქმედებით ჯგუფებთან. მუშაობდა მიმომხილველად გაზეთებსა და რადიოში. 1989 წელს ირაკლი ჩარკვიანთან თანამშრომლობით გამოიცა მისი პირველი წიგნი „რეაქტიული კლუბი“, რომელიც „მიწისქვეშა პოეზიის“ კონცეფციის პირველი ნიმუშია საქართველოში.

ყუბანეიშვილს გამოქვეყნებული აქვს 15-მდე პოეტური კრებული. მისი პოეზია სოციალური, ხშირად სატირული ხასიათისაა, ეპატაჟური ელემენტებით. ცნობილია ლექსის კითხვის არტისტული და ექსცენტრული მანერით, რამაც პოპულარობა მოუტანა. საკუთარი პოეზიის გარდა, გამოქვეყნებული აქვს თარგმანები, მათ შორის, „შექსპირის სონეტები“ (1995), „გერმანული ხალხური ბალადები“ (1996), „ვერცხლის საუკუნე. რუსული პოეზია“ (1999), კურტ შვიტერსის „ანნა ბლუმი“ (2001), რადიარდ კიპლინგის რჩეული პოეზია (2002) და სხვ. სხვადასხვა წლებში შექმნილი აქვს ლოზუნგები სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციებისთვის; ხშირად მონაწილეობს დემოკრატიისა და თავისუფლების სახელით გამართულ ღონისძიებებში.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უბიძინენიე : ლექსები (ავტორი). - თბილისი, 2019. - 128გვ.
  • სვეტური პოეზია (ავტორი). - თბილისი, 2012. - 112გვ.
  • Made in Maidan : ლექსები / Kotebook (ავტორი). - თბილისი, 2010. - 194გვ.
  • ლექსები (ავტორი). - თბილისი, Made in Maidan, თობალისი, 2009. - 68გვ.. - ISBN: 9789941405761
  • რაშავორერა = RussiaWarEra : პოემები, ლექსები (ავტორი). - თბილისი, Made in Maidan, თობალისი, 2009. - 110გვ.. - ISBN: 9789941405563
  • ძალა გართობაშია : ლექსები (ავტორი). - თბილისი, 2008. - 249გვ.. - ISBN: 9789941006944
  • თარგმანები (ავტორი). - თბილისი, 2008. - 176გვ.. - ISBN: 9789941006951
  • დამოუკიდებილობა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, თობალისი, 2000. - 48გვ.
  • კოტესტროფები (ავტორი). - თბილისი, 1999. - 48გვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.332.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]