შინაარსზე გადასვლა

კომები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კომები, (წარსულში ზირიანები), კომი-პერმიაკები — კომის რესპუბლიკის მკვიდრი მოსახლეობა. კომების მნიშვნელოვანი ჯგუფები ურალის იქით ცხოვრობენ. საკუთრივ კომების საერთო რაოდენობა 322 ათასი კაცია (1970). ლაპარაკობენ კომი ენაზე, რომელიც რამდენიმე დიალექტს შეიცავს. მორწმუნე კომები მართლმადიდებლები არიან, გვხვდებიან ძველმოწესენიც. კომებისა და კომი-პერმიაკების წინაპრები რომლებთაც საერთო ენა ჰქონდათ, ჯერ კიდევ ძვ. წ. I ათასწლეულში ენობრივი ერთობის გათიშვისა და უდმურტების ცალკე ხალხად გამოყოფის შემდეგ გარკვეულ ხანს კამისპირეთში მცხოვრები ერთ ხალხს შეადგენდნენ. I ათასწლეულის II ნახევარში მათი ნაწილი ზემო კამისპირეთიდან მდინარე ვიჩიგდის აუზში გადასახლდა. აქ ისინი ადგილობრივ მოსახლეობაში აითქვიფნენ და ახალი ტომობრივი გაერთიენბა შექმნეს. II ათასწლეულის დასაწყისში შეიქმნა 2 ტომობრივი გაერთიანება. ერთი მდინარე ვიჩიგდის აუზში, მეორე — კამის აუზში. XVI-XVIII საუკუნეებში კომი ხალხი ზემო ვიჩეგდისა და პეჩორის აუზებში გადასახლდა. მათი მთავარი საქმიანობა იყო მიწათმოქმედება, მეცხოველეობა, ნადირობა, თევზჭერა. XIX საუკუნეში ჩრდილოეთ რაიონებში განვითარდა მეირმეობა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მიიღეს ავტონომია (1921 წელს შეიქმნა კომის ავტონომიური ოლქი, 1936 წელს — კომის ასსრ). განვითარდა მრეწველობა და მექანიზებული სოფლის მეურნეობის კულტურა.