კლდისუბნის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კლდისუბნის ღვთისმშობლის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
რაიონი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი სამნავიანი ბაზილიკა
დეტალები
მასალა თლილი ქვა, კირი, ქვითკირი

კლდისუბნის ღვთისმშობლის ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისუბანში.

კლდისუბნის ღვთისმშობლის ეკლესია ქვედა სოფელში, მდ.რიცეულას მარცხენა მხარეს დგას. ვახუშტი ბატონიშვილი ამ წყალს „სადმელის ხევს“ უწოდებს. სოფ. სადმელი მეზობლად მდებარეობს. აგებულებით ეკლესია გარედან სამნავიან ბაზილიკას წააგავს, ხოლო შიგნით სამ შენობას წარმოადგენს: ერთ დიდ, შედარებით ახალ ეკლესიას (დღეს შუა ნაწილი), მეორეს - ძველ პატარა ეკლესიას (სამხრეთი ნაწილი) და მესამეს - გრძელ შენობას (ჩრდილო ნაწილი), რომელიც შუა ნაწილის თანამედროვე უნდა იყოს. სამივე შენობა ცალ-ცალკე ნაწილს წარმოადგენს და ორგანულად ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის. პირველი ორი შენობა კარგადა არის დაცული, მესამეს კი დასავლეთი მხარე დაქცეული აქვს. სამივე შენობა შირიმის თლილი ქვისა და კირისგანაა ნაგები, თაღები — ქვიტკირისგან. გადახურულია ყავარით. შირიმის ქვას ადგილობრივები სპონტიოს, პონტიკის და პოლტიკის ქვას უწოდებენ. დიდი ეკლესია (შუა ნაწილი) ერთნავიანი შენობაა, ზომებით — 10 მ. X 4,2 მ. ეს ნაწილი შიგნით კირითაა გალესილი, თაღი კარგადაა შენახული.

ეკლესიას დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით კარი აქვს (სამხრეთისა და ჩრდილოეთი კარი გვერდით შენობებში გადის). აღმოსავლეთითა და დასავლეთით თითო სარკმელია გამოკვეთილი. საკურთხევლის შუაში ტრაპეზი დგას. საკურთხეველში ორი დიდი თახჩაა: ერთი ჩრდილოეთით, მეორე — სამხრეთით. ჩრდილოეთის თახჩაში სამკვეთლო უნდა ყოფილიყო გამართული, ხოლო სამხრეთისაში — სალარო.

პატარა ეკლესია (სამხრეთი ნაწილი) ერთნავიანი შენობაა, ზომებით 3,7 მ. X 3,3 მ. მას კარნიზებად მოთეთრო ქვა აქვს, რომელიც ჩუქურთმითაა შეკობილი. სამხრეთ კედელში (გარედან) ჩუქურთმიანი სვეტის ორი ნატეხია დატანებული: ერთი კარის მარჯვნივ, მეორე — მარცხნივ. კარის ძირსაც ამგვარივე ქვა დევს, რომელიც პირით შიგნით არის შებრუნებული. კარი ეკლესიას აქვს სამხრეთით და ჩრდილოეთით (უკანასკნელი დიდ ეკლესიაში გადის): სარკმელი - აღმოსავლეთით - 1, დასავლეთით - 1. საკურთხეველი შუა ეკლესიიდან ორი საფეხურითაა ამაღლებული. კანკელი ქვიტკირისაა. მისი წინა პირი ქვის სვეტებითა და კამარებით ყოფილაშემკული, რომლებიც დღეს თითქმის სულ დანგრეულია.

2006 წლის 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, კისორეთის წმინდა გიორგის ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბოჭორიძე, გ. (1994). რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. თბილისი. გვ, 133-136.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]