კატრინ იაკობსდოუტირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი დაკავშირებულია ისლანდიასთან. ისლანდიაში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ადამიანებს არ აქვთ გვარები: სახელის ნაწილი, რომელიც სრულდება „-სონ“-სა თუ „-დოტირ“-ზე არის არა გვარი, არამედ მამის სახელი, რომლის გამოყენება ისლანდიაში მიღებული არ არის (იხ. ისლანდიური სახელი).
გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის სწორი სახელი არის
კატრინ.
კატრინ იაკობსდოუტირი
კატრინ იაკობსდოუტირი
ისლანდიის პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა30 ნოემბერი, 2017
წინამორბედიბიარნი ბენედიკტსონი

დაბადებული1 თებერვალი, 1976 (1976-02-01) (48 წლის)
რეიკიავიკი, ისლანდია
მოქალაქეობაისლანდია
პოლიტიკური პარტიამწვანეთა მემარცხენე მოძრაობა
მეუღლეგუნარ სიგვალდასონი
შვილებისამი ვაჟი
განათლებაისლანდიის უნივერსიტეტი

კატრინ იაკობსდოუტირი, ისლანდ. Katrín Jakobsdóttir, (დ.1976) - ისლანდიელი პოლიტიკური მოღვაწე, "მწვანეთა მემარცხენე მოძრაობის" თავმჯდომარე 2013 წლიდან, პრემიერ-მინისტრი 2017 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატრინი დაიბადა ისლანდიაში ცნობილი ინტელიგენტების ოჯახში, რომელსაც არაერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ჰყავდა: დიდი ბებია მწერალი იყო, ბიძა - პოეტი, მთარგმნელი და მხატვარი, დედა კი ფსიქოლოგად მუშაობდა. ამასთან, მისი ტყუპი ძმები სვერირ და არმან იაკობსონები ისლანდიის უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებებს ასწავლიან.[1]

ისლანდიის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი (ისლანდიური და ფრანგული ენები) კატრინ იაკობსდოუტირმა 1999 წელს დაამთავრა ბაკალავრის ხარისხით, ხოლო მაგისტრის დისერტაცია დაიცვა ისლანდიური ლიტერატურის სფეროში. თავდაპირველად იგი პედაგოგიური და ჟურნალისტური საქმიანობით იყო დაკავებული: ხუთი წლის მანძილზე მუშაობდა ნახევარ განაკვეთზე ისლანდიის ტელევიზიისა და რადიომაუწყებელობის სამსახურში, 2006 წლამდე თანამშრომლობდა მედიის სხვადასხვა საშუალებებთან, აგრეთვე, ასწავლიდა საკუთარ ალმა-მატერში.

სტუდენტური წლებიდან კატრინ იაკობსდოუტირი აქტიურობდა გარემოს დაცვით საქმიანობაში. როდესაც 1999 წელს ჩამოყალიბდა "მწვანეთა მემარცხენე მოძრაობა", ის ამ პარტიაში გაწევრიანდა, სადაც ოთხი წლის შემდეგ ლიდერის მოადგილე გახდა, 2013 წელს კი თავმჯდომარედ იქნა არჩეული.[2]

იაკობსდოუტირი ალთინგის დეპუტატი 2007 წელს ჩრდილოეთ რეიკიავიკის საარჩევნო ოლქიდან გახდა, 2009-2013 წლებში კი ის კაბინეტის წევრად მუშაობდა. 2009 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტია მმართველ კოალიციაში შევიდა, სადაც კატრინ იაკობსდოუტირი განათლების, მეცნიერების, კულტურის და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების საქმეთა მინისტრი გახდა.

მას ერთობ მრავალმხრივი საპარლამენტო მოღვაწეობა ჰქონდა:

  • განათლების კომიტეტი, 2007–2009;
  • ეკონომიკის და გადასახადების კომიტეტი, 2007–2009;
  • გარემოს დაცვის და კომუნიკაციების კომიტეტი, 2013–2014;
  • ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების საბჭოში ისლანდიის დელეგაციის წევრი, 2013–2014;
  • საგარეო საქმეთა კომიტეტი, 2014–2015;
  • "ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების" და "ევროპის ეკონომიკური ზონის" საპარლამენტო კომიტეტებში ისლანდიური დელეგაციის წევრი, 2014–2016;
  • ევროკავშირი-ისლანდიის საპარლამენტო კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე 2014–2016;
  • სავაჭრო და ეკონომიკურ საქმეთა კომიტეტი, 2015–2017.
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ისლანდიის დელეგაციის წევრი 2017. [3]

მოქმედ პრემიერ-მინისტრს 2016 წელს სკანდალით მოუხდა თანამდებობის დატოვება. რიგგარეშე არჩევნებზე მემარცხენეებმა მეორე ადგილზე გასვლით ისტორიული შედეგი მოიპოვეს. მომდევნო წელს, როდესაც კოალიციის დაშლის შემდეგ ახალი არჩევნები გაიმართა, პარტიამ შედეგი გააუმჯობესა და კოალიციის ჩამოყალიბების უფლება მიიღო თავისი მეტოქეების - პროგრესული პარტიის და დამოუკიდებლობის პარტიის მონაწილეობით. მთავრობას სათავეში კატრინ იაკობსდოუტირი ჩაუდგა.

საგარეო პოლიტიკაში მწვანეები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი არ უნდა იყოს, თუმცა შიდაპოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესებიდან გამომდინარე, რეფერენდუმის საკითხს არ სვამენ დღის წესრიგში. [4] პარტია, აგრეთვე, ეწინააღმდეგება ისლანდიის შესვლას ევროპის კავშირში.

მთავრობამ ახალი სტიმული მისცა გარემოს დაცვის პოლიტიკას. პარტიული მოხელის დანიშვნის ნაცვლად, მინისტრთა კაბინეტში პრემიერმა ქვეყანაში მწვანეთა ყველაზე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი დანიშნა.[5]

ანტიკორუფციული კანონმდებლობის გამკაცრების შედეგად, კორუფციაში მხილებული პოლიტიკური თანამდებობის პირები პარტიიდან გარიცხვას და პასუხისგებაში მიცემას ექვემდებარებიან.

2018 წელს ისლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა ქალებსა და მამაკაცებს შორის თანაბარი შრომითი ანაზღაურების უზრუნველყოფა. ასევე გადაიდგა ნაბიჯები მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაციისკენ.

2019 წლის აგვისტოში მთავრობის თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ ვერ შესძლებდა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტის დროს მასთან შეხვედრას სექტემბერის დასაწყისში, რადგან ამ დროს შვედეთში პროფკავშირების ყოველწლიურ კონფერენციაზე დასწრებას აპირებდა. ამ გადაწყვეტილებით პრემიერმა მკაფიოდ გამოხატა თავისი პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები.[6]

2020 წელს იგი არჩეული იქნა მსოფლიოს ქალი ლიდერების საბჭოს თავმჯდომარედ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]