შინაარსზე გადასვლა

კარმენ ამაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კარმენ ამაია (ესპ. Carmen Amaya, დ. 2 ნოემბერი, 1918, ბარსელონა — გ. 19 ნოემბერი, 1963, ბეგური) — ესპანელი მოცეკვავე, მომღერალი, კინომსახიობი, ფლამენკოს ლეგენდარული მოცეკვავე.

მას უწოდეს „ყველა დროის ფლამენკოს საუკეთესო მოცეკვავე“ [1] და "ყველა დროის ყველაზე გამორჩეული პიროვნება ფლამენკოს მოცეკვავეებს შორის."[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ესპანურ რომანტიკულ, გიტარისტის ხოსე ამაია ამაიას (მეტსახელად ელ ჩინო, ჩინელი) და მიკელა ამაია მორენოს ოჯახში. კარმენი იყო მეორე თერთმეტი შვილიდან, თუმცა მხოლოდ ექვსმა (სამი და და ორი ძმა) მიაღწია ზრდასრულ ასაკს.

იგი წარმოშობით ბოშაა. ის ექვსი წლის ასაკიდან ცეკვავდა და მამასთან ერთად გამოდიოდა ბარსელონას რესტორანში "შვიდი კარიბჭე". მისი ნიჭი პირველად კატალონიელმა ხელოვნებათმცოდნე სებასტიან გაშმა შენიშნა. 1923 წელს იგი მადრიდში გამოვიდა. 1929 წელს მისი დებიუტი შედგა პარიზში, დიდ წარმატებას მიაღწია და გამოდიოდა რაკელ მესლიეს ჯგუფში.

1930 წელს იგი იყო მანუელ ვალეხოს ჯგუფის წევრი, რომელიც გამოდიოდა მთელ ესპანეთში. ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ, ის ცეკვავდა ესპანურ თეატრში, ხოსე ცეპეროს რეკომენდაციით. იმავე წელს მუშაობდა მადრიდში ზარზუელას, ასევე ფონტალბას თეატრში, კონჩიტა პიკერთან, მიგელ დე მოლინასთან და სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად. ეს იყო კარმენის ნამდვილი წარმატება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მან ითამაშა მცირე როლი „ხუან სიმონის ქალიშვილსა“ და „მარია დე ლა ო“-ში, ასევე წარმატებით მუშაობდა ბარსელონაში მუსიკალურ ჟურნალში.

ხუან კარსელერმა კარმენ ამაია დაიქირავა ტურნესთვის. მან მოინახულა რამდენიმე დიდი ქალაქი, მათ შორის სან-სებასტიანი. 1936 წლის 18 ივლისს, როდესაც ესპანეთში გადატრიალება მოხდა, კარმენი და მისი გუნდი ვალიადოლიდის ზორილას თეატრში იმყოფებოდა და მუშაობდნენ კარსელიეს დასთან. იმ დროს ფინანსურად უზრუნველყოფილი იყო და მან შეძლო ეყიდა თავისი პირველი მანქანა. ლისაბონში გამგზავრების წინ, რათა ხელი მოეწერათ იჯარის ხელშეკრულებაზე, მოხდა მანქანის კონფისკაცია და ნოემბრამდე ვერ შეძლეს პორტუგალიაში გამგზავრება.

1936 წლიდან ცხოვრობდა და გასტროლებზე დადიოდა საზღვარგარეთ — პორტუგალიაში, აშშ-ში, ლათინურ ამერიკაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში და სამხრეთ აფრიკაში. მიიღო მაღალი შეფასებები არტურო ტოსკანინისა და ლეოპოლდ სტოკოვსკისგან. 1935 წლიდან იგი თამაშობს ფილმებში, მისი ბოლო კინო როლი ყველაზე კარგად არის ცნობილი ფილმში "ტარანტოს ოჯახი" (1963, "რომეო და ჯულიეტას" ბოშური ვერსია, ფილმში ასევე მონაწილეობს ანტონიო გადესი). მან 1944 წელს თეთრ სახლში მიიღო მონაწილეობა კონცერტში პრეზიდენტ რუზველტის მოწვევით, ხოლო 1953 წელს პრეზიდენტ — ტრუმენის მიწვევით.

როდესაც 1947 წელს კარმენ ამაია ესპანეთში დაბრუნდა, ის უკვე მსოფლიოში ცნობილი ფიგურა იყო. ამერიკაში გატარებულ წლებში იგი არა მხოლოდ პროფესიონალად ჩამოყალიბდა როგორც მოცეკვავე, არამედ ის იყო უკვე ლეგენდა. იმ დროისთვის მისი ცეკვა იყო ყველაზე გაბედული ფლამენკო, რაც კი ოდესმე შესრულებულა თეატრში. იგი გამოირჩეოდა არა მხოლოდ თავისი ხელოვნებით, არამედ გამოირჩეოდა პიროვნული ღირებულებებით, იყო ძალიან გულუხვი ადამიანი, რომელმაც მოიგო ყველას გული.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარმენ ამაია გარდაიცვალა თირკმელების დაავადებით ბეგურში, ჟირონაში, კატალონიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთში, 1963 წელს და დაკრძალულია სანტანდერის ცირიეგოს სასაფლაოზე.

მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო მთელი ფლამენკოს სამყაროსთვის. მის დაკრძალვაზე შეიკრიბა ბოშათა დიდი რაოდენობა ესპანეთიდან და საფრანგეთიდან.

აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონჟუიკის პარკში (ამჟამად პარკი ხუან ბროსა) 1966 წელს დაიდგა კარმენ ამაიას ძეგლი. 1959 წელს, დიდი მოცეკვავის პატივსაცემად, დამონტაჟდა კარმენ ამაიას შადრევანი ცნობილი მოქანდაკის რაფაელ სოლანიკის მიერ. შადრევანი გაიხსნა თავად კარმენ ამაიას თანდასწრებით.

1988 წელს ბარსელონაში, ესპანურ სოფელში, კარმენ ამაიას პატივსაცემად, გაიხსნა მოედანი ფლამენკოს ცეკვის "Tablao de Carmen" შესასრულებლად, სწორედ იმ ადგილას, სადაც ახალგაზრდა ბაილაორამ შეასრულა ეს ცეკვა, ესპანეთის მეფის ალფონსო XIII-ის საპატივსაცემოდ მსოფლიო გამოფენაზე, რომელიც გაიმართა ბარსელონაში 1928 წელს. „ტაბლაო დე კარმენ“- ში გამოფენილია ლეგენდარული მოცეკვავის ორიგინალური ფოტოები და განსაკუთრებულ შემთხვევებში შეგიძლიათ მოისმინოთ მისი მეუღლის, ხუან ანტონია აგუეროს გიტარის ხმა (ლეგენდარული ოსტატის სანტოს ერნანდესის — 1930 წ.), რომელიც დიდი მოცეკვავის მემკვიდრეობის ნაწილია და ეკუთვნის „ტაბლაო დე კარმენის“ დამფუძნებელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hidalgo Gómez F. Carmen Amaya. Barcelona: Estudios P. M., 1995
  • Sevilla P. Queen of the gypsies: the life and legend of Carmen Amaya: flamenco in the theater age, 1910—1960. San Diego: Sevilla Press, 1999

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Clarke, Mary & Crisp, Clement 1981. The history of dance. Orbis, London. p60
  2. Clarke, Mary & Vaughan, David 1977. The encyclopedia of dance & ballet. Pitman, London. p316