შინაარსზე გადასვლა

იჯარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იჯარა (არაბ. إيجار ['iijar] — „ქირა“), არენდა (ლათ. arrendare — „გაქირავება“) — სამოქალაქო სამართალში, უძრავი ან მოძრავი ქონების დროებით დაქირავება სათანადო ხელშეკრულების დადებით და გადასახადი ასეთივე ხელშეკრულების მიხედვით (ქირავნობის გადასახადი). იჯარა სხვი­სი ქონების დროებით გამოყენე­ბისა და სარგებლობის უფლებაა საზღაურის გადახდით. იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე (იჯარის გამცემი, გამქირავებელი) მოვალეა გადასცეს მოიჯარეს (იჯარის მიმღები, არენდატორი, დამქირავებელი) გან­საზღვრული ქონება (მიწა, შენობა-ნაგებობა, საწარმო და სხვ.) დროებით სარგებლობაში განსაზღვრული პირობითა და გარკვეულ საფასურად იმ მიზნით, რომ საიჯარო დროის განმავლობაში ქონების გამოყენების შედეგად მიიღოს შემოსავალი. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა, რომელიც შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის სხვა პირობებზეც. იჯარა ქირავნობის იდენტური ცნებაა, თუმცა ქირავნობის ხელშეკრულების მიზანია მხო­ლოდ მოხმარება, ნივთით სარგებლობა შემოსავლის მიღების გარეშე, ხოლო იჯარით გადაცემული ქონებით სარგებლობის მიზანია წარმოება, როგორც შემოსავლის მიღების წყარო და არსებობის ძირითადი საშუალება. იჯარის ხელშეკრულების დროს მოიჯარე გადაცემული ქონების გამოყენების მატერიალური და სხვა ფასეულობები, რომლებიც შედის იჯარით აღებულ ქონებაში; მიაგირაოს ქონება სუბმოიჯარეს და გადასცეს თავისი უფლებამოსილება და ვალ­დე­ბულე­ბე­ბი იმ პირობით, რომ ეს არ დაარღვევს საწარმოს იჯარის შე­სახებ დადებული ხელშეკრულების მოთხოვნებს. მოიჯარეს ასევე უფლება აქვს განახორციელოს საწარმოს რეკონსტრუქცია, კაპიტალური რემონტი, გააფართოოს, ტექნიკურად გადააიარაღოს და გაზარდოს მისი ღირებულება თუ იჯარის შე­სა­ხებ ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საწარმოს იჯარით გადაცემის შემდეგ ხელშეკრულებაში მონაწილე ორივე მხარეს ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა იჯარით გაცემული საწარმოს კუთვნილი ვალების მიმართ – ამ დროს ყველა ხარჯი, როგორც მეიჯარის ვალ­დებუ­ლე­ბა, იფარება მის მიერ.

არსებობს საიჯარო ოპერაციების ორი სახე: კაპიტალური იჯარა (იგივე ლიზინგი) და ჩვეულებრივი (საოპერაციო, მიმდინარე) იჯარა. იჯარის ობიექტებია: სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, საცხოვრებელი და სამეურნეო შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტი საშუალებები, კავშირგაბმულობის ობიექტები და მოწყობილობები, სხვა­და­სხვა სამეურნეო დანიშნულების ინვენტარი, მანქანა-მოწყობილობები და სამეურნეო მიზნით გამოსაყენებელი სხვა ქონება.

იჯარის ერთ-ერთი გავრცელებული სახეობაა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა, რომლის დროსაც მესაკუთრე მიწის ნაკვეთს გადასცემს მოიჯარეს სამეურნეო გამოყენებისათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ან სამეურნეო ნაგებობებთან (საწარმოსთან) ერთად ან მათ გარეშე, სანაცვლოდ მისგან იღებს საიჯარო ქირას.

საქართველოში საიჯარო ურთიერთობებს არეგულირებს ძირითადი საკანონმდებლო-ნორმატიული აქტები: „სა­ქარ­თვე­ლოს სამოქალაქო კოდექსი“ (1997), კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შე­სა­ხებ“ (1996), „საგადასახადო კოდექსი“ (2010), კანონი „სახელმწიფო ქონების შე­სა­ხებ“ (2010). მიწის გამოყენების ეფექტიანობის ამაღლების მიზნით 2010 წლიდან სა­ქარ­თვე­ლო­ში აიკრძალა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარით გაცემა. შემდგომ ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა მათი პრივატიზება მოიჯარეთა მიერ გამოსყიდვით ან მათთვის იჯარის ხელშეკრულების გაუქმებით. იჯარით გაუცემელი სა­ხელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება ხორციელდება აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით. დღეს საიჯარო ურთიერთობების სისტემის ჩამოყალიბება გარდამავალ ეტაპზეა და დასრულებული არ არის.