კავკასიის საეგზარქოსო
კავკასიის საეგზარქოსო (რუს. Кавказский Экзархат) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციული ერთეული 1917-1920 წლებში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ქართველმა სასულიერო პირებმა აქტიურად დაიწყეს ქართული ეკლესიისათვის ავტოკეფალიაზე ზრუნვა.
25 თებერვალს (10 მარტს) საქართველოს ეგზარქოსს პლატონს წარუდგა დეპუტაცია გურია-ოდიშის სამღვდელოებისა. დეპუტაციაში შედიოდა სამი სასულიერო პირი: დეკანოზი ევგენი შენგელაია, კეთილმოწესე მღვდელი კირილე ჯავახია და მღვდელი ეპიფანე ჩხაიძე. მათ თან ჩამოიტანეს გურია-ოდიშის სამღვდელოების კრების დადგენილება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ. ეგზარქოსთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა 26 თებერვალს ერთად შეკრებილიყვნენ და საკითხი დაესვათ მეფისნაცვალთან[1]. რამდენიმე დღეში შედგა გურია-ოდიშის სამღვდელოების დელეგატებისა და მეფინაცვლის შეხვედრა ეგზარქოს პლატონის შუამდგომლობით. მეფისნაცვალმა ნიკოლოზ ნიკოლოზის ძემ მოუსმინა და დაპირდა დეპუტაციის თხოვნა საქართველოს ეკლესიის კანონიერ უფლებათა დაბრუნების შესახებ გაეგზავნა პეტროგრადში, სადაც უნდა განხილულიყო და მიეღით შესაბამისი გადაწყვეტილება[2].
12 (25 მარტს) მარტს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქართველმა სამღვდელოებამ გამოაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აგრძელებდა თავის ავტოკეფალურ ცხოვრებას. საქართველოს ეკლესიის დროებით გამგედ ერთხმად იქნა არჩეული გურია-ოდიშის მღვდელთმთავარი ეპისკოპოსი ლეონიდე. არჩეულ იქნა ასევე აღმასრულებელი კომიტეტი შემდგარი სამღვდელოთა და ერისკაცთაგან, ხოლო ეგზარქოსის თანამდებობა გაუქმებულად გამოცხადდა. ყველა საეგზარქოსო საქმეები გადავიდა ახლადშექმნილი აღმასრულებელი კომიტეტის ხელში. კრებამ შექმნა შესაფერისი ოქმი, რომლის ტექსტიც გაეგზავნა ახლადშექმნილ რუსეთის დროებით მთავრობას.
13 მარტს მცხეთაში არჩეულმა სრულიად საქართველოს კათოლიკოსის მოსაყდრემ ეპისკოპოსმა ლეონიდემ შემდეგი წერილი მისწერა ნაეგზარქოსალ პლატონს:
აღნიშნულის პასუხად პლატონს უთქვამს, რომ მიეცათ მისთვის ვადა სამი დღე, რათა მისი უფროსობისაგან მიეღო შესაბამისი პასუხი, თუმცა საქართველოს კათალიკოსის მოსაყდრის ეპისკოპოს ლეონიდეს პასუხი იყო ურყევი: „როგორი პასუხიც არ უნდა მიიღოთ ხელმძღვანელობიდან, თქვენ ეგზარქოსობიდან გადაყენებული ხართ და საქართველოში მოქმედებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაო“.
მიუხედავად საქართველოს ეკლესიის თამამი ნაბიჯებისა ეგზარქოსი პლატონი უარობდა უფლებების მოხსნას და იძახდა, რომ მისი გათავისუფლება შეეძლო მხოლოდ იმას ვინც აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნა. ამასთანავე არსებობდა რიგი გაურკვევლობა არაქართველ სასულიერო პირებთანაც, რომლებიც მოღვაწეობდნენ საქართველოში და მათთვის შეუძლებელი იქნებოდა ქართულად დაეწყოთ ღვთისმსახურება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის დროებითმა საბჭომ რუსულ სასულიერო პირებთან ერთად რიგი შეხვედრები გამართა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტს წევრებთან.
3 (16) მაისს ეგზარქოსი პლატონი პეტროგრადში გაემგზავრა რუსეთის წმინდა სინოდის საზაფხულო სესიაზე მონაწილეობის მისაღებად[3]. კავკასიის ეგზარქოსი აპირებდა ოქტომბრის ბოლომდე პეტროგრადში დარჩენას, ხოლო მის მოვალეობას ბაქოს ეპისკოპოსი ნიკოლოზი შეასრულებდა[4].
ივნისის თვეში პეტროგრადში საქართველოს ეკლესიის დეპუტაცია წავიდა გორის ეპისკოპოსის ანტონის, დეკანოს კალისტრატე ცინცაძისა და მღვდელი მ. მაჩაბელი დადასავლეთ საქართველოს წარმომადგენელნი. ვიზიტის მიზეზი იყო დეპუტაციას დროებითი მთავრობისგან დაემტკიცებინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია[5].
საქართველოს ეკლესიის კათოლიკოსის მოსაყდრემ ეპისკოპოსმა ლეონიდემ პეტროგრადიდან მიიღო შემდეგი შინაარსის წერილი: დროებით მთავრობასთან არსებულმა იურიდიულმა კომისიამ დაამტკიცა საქართველოს ეკლესიის დროებითი სამმართველოს დეკლარაცია და ამავდროულად კათოლიკოსს უწოდა მცხეთის მთავარეპისკოპოსი და კათოლიკოს-პატრიარქი ყველა ქართველისა; მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიუჩინა თბილისი. რუსთა სასულიერო უწყების უფროსს დაერქვა თბილისის მთავარეპისკოპოსი და კავკასიის ეგზარქოსი. საქართველოს მხარე უკმაყოფილო დარჩა ამდაგვარი გადაწყვეტილებით და პროტესტი განაცხადა.
აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს საეგზარქოსომ მის დარჩენილ ტერიტორიაზე შეიცვალა თვითსახელწოდება და დაერქვა კავკასიის საეგზარქოსო, რომელმაც 1920 წლამდე იარსება.
მმართველები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მთავარეპისკოპოსი პლატონი (როჟდესტვენსკი) (13 აგვისტო, 1917 — 22 თებერვალი, 1918);
- მიტროლიტი კირილე (სმირნოვი) (1 აპრილი, 1918 — 8 აპრილი, 1920).