კადეშის ბრძოლა
კადეშის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
რამზეს II ეტლზე კადეშის ბრძოლაში (აბუ-სიმბალის ტაძარი) | |||
თარიღი | ძვ. წ. 1274 | ||
მდებარეობა | კადეში, დღევანდელი სირიის ტერიტორია | ||
შედეგი | გამარჯვება ორივე მხარევ თავის თავზე მიიწერა | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
კადეშის ბრძოლა ვიკისაწყობში |
კადეშის ბრძოლა — ბრძოლა ხეთებსა და ეგვიპტელებს შორის, რომელიც გაიმართა ძვ. წ. 1274 წელს, ქალაქ კადეშთან, დღევანდელი სირიის ტერიტორიაზე. ეგვიპტის ჯარს ხელმძღვანელობდა რამზეს II, ხოლო ხეთების ჯარს — მუვათალი II.[1] ეს იყო ყველაზე დიდი ეტლების ბრძოლა, რომელშიც, დაახლოებით, 5 000-6 000 ეტლი მონაწილეობდა[2][3]. ბრძოლაში გამარჯვება ორივე მხარემ თავის თავზე მიიწერა[4], თუმცა რეალურად ბრძოლას გამარჯვებული არ გამოუვლნია.[5]
წინაპირობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანტიკურ სამყაროში სირიის მნიშვნელობა განპირობებული იყო მისი მდიდარი ეკონომიკური რესურსებითა და რეგიონის სავაჭრო შესაძლებლობებით. სწორედ ამიტომ, ის მუდმივად იყო ანტიკური დომინანტი სახელმწიფოების დაპირისპირების მიზეზი და ამ პერიოდში „ტერმინი მსოფლიო ძალა სირიის კონტროლის სინონიმური იყო“.[6]
ძვ. წ. XV საუკუნეში ეგვიპტელები თუტმოს III-სა და ამენჰოტეპ II-ის მმართველობის დროს სირიაზე კონტროლის მოსაპოვებლად მითანის სამეფოს წინააღმდეგ იბრძოდნენ. როგორც ჩანს, ისინი ვერ ახერხებდნენ მითანელთა შეჩერებას და ტერიტორიებსაც კარგავდნენ, თუმცა ანატოლიაში ხეთების გამოჩენის შემდეგ მითანელებმა თავად მოინდომეს სამხრეთელ მეზობელთან დაზავება. მხარეებმა ამენჰოტეპის მმართველობისას შეწყვიტეს ბრძოლა, თუმცა საბოლოო შეთანხმება მისი ვაჟის, თუტმოს IV-ის მმართველობისას გაფორმდა, რომელმაც მითანის მეფის, არტატამას ქალიშვილზე იქორწინა. ამ დროსვე მოხდა სახელმწიფოებს შორის საზღვრების დაზუსტება. მართალია, ეგვიპტემ უარი თქვა ტერიოტორიებზე რეგიონის ჩრდილოეთში, რომლებიც თუტმოს I-ის მმართველობისას მას ეკუთვნოდა, მაგრამ მის შემადგენლობაში დარჩა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კადეში და ამურუ.[6]
ხელშეკრულების დადებამ და რეგიონში მშვიდობის დამყარებამ ეგვიპტეს იქ სამხედრო კონტინგენტის ყოლის საჭიროება მოუხსნა და ტერიტორიას ვასალური წარმონაქმნების მეშვეობით მართავდა. კადეშს ჰყავდა თავისი მეფე, ამენჰოტეპ III-ის მმართველობის პერიოდში კი მის აღმოსავლეთით ჩამოყალიბდა ასევე ამურუს სამეფო, რომელსაც აბდი-აშირტა მეთაურობდა. მისმა ამბიციამ საფრთხე შეუქმნა საზღვრის სტაბილურობას. ისარგებლა რა იმით რომ ეგვიპტე არ იყო დაინტერესებული ასეთი მცირე დაპირისპირებებით, განსაკუთრებით ეხნატონის მმართველობის ხანაში, მან სცადა დაემორჩილება მეზობელი ტერიტორიები, თუმცა საბოლოოდ ჯერ მითანთან მოუხდა დაპირისპირება, შემდეგ კი საქმეში ეგვიპტე ჩაერია და სიტუაცია განმუხტა.[7]
ხეთების გამოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონის სტაბილურობა კიდევ ერთხელ შეირყა ასპარეზზე ხეთების გამოჩენით. ხეთების მეფემ სუფილულიუმა I-მა მითანის სამეფო დაამხო და შემდეგ სირიაში მისი ვასალების დაპყრობას შეუდგა. ხეთები ეგვიპტელებს არწმუნებდნენ, რომ რეგიონში მათი ინტერესი მხოლოდ მითანის ყოფილი ტერიტორიით შემოიფაგლებოდა, თუმცა როგორც ჩანს კადეშის მეფემ ერთპიროვნულად გადაწყვიტა მათ დაპირისპირებოდა და დამარცხების შემდეგ, ხეთების ხელში აღმოჩნდა კადეშიც და უგარითიც, რომლებიც მანამდე ეგვიპტის ვასალები იყვნენ. ხეთებს არ სურდათ ამით ეგვიპტესთან ღია დაპირისპირება გამოეწვიათ, ამიტომ ქალაქი კადეშის მეფის ვაჟს აიტაკამას დაუბრუნეს.[8]
როგორც ჩანს, კადეშში დაბრუნებული აიტაკამა მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ეგვიპტის ვასალი იყო, ხეთების პოლიტიკას ატარებდა და ამჯერად მან დაიწყო მეზობელ ტერიტორიებზე საკუთარი გავლენის გავრცელება. ეგვიპტეს კვლავ არ უნდოდა რეგიონში სამხედრო ძალის გაგზავნა, ამიტომ მის საპირისპიროდ მან ამურუს მეფის, აბდი-აშირტას ვაჟის, აზირუს გამოყენება სცადა. აზირუ სანდო მოკავშირე არ აღმოჩნდა, ეგვიპტურ რესურსებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდა და რამდენიმე წლის ახეტატონში სტუმრის სტატუსით გატარებაც მოუხდა.[8] აზირუს ეგვიპტეში ყოფნის დროს, როგორც ჩანს, ეგვიპტელებმა კადეშის დაბრუნება სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ. შემდგომში აიტაკამა ღიად აცხადებს თავს ხეთების ვასალად და ამ შეტევამ სავარაუდოდ ხეთებისგან საპასუხო ლაშქრობაც გამოიწვია ეგვიპტის ტერიტორიაზე, რომელიც წყაროებში ამკიდ არის მოხსენიებული.[9] ეს შეტევა მიიჩნევა მხარეებს შორის არსებული მოკავშირეობის შეთანხმების (კურუშტამას შეთანხმება) პირველ დარღვევად ხეთებისაგან.[10]
რეგიონში სტატუს-კვო ხეთების მიერ კონტროლირებად ჩრდილოეთ სირიაში სუფილულიუმას ვაჟების ძალების განთავსებამ შეარყია. მათ საბოლოოდ შეძლეს ქარხემიშის დაკავება. ხეთების გავლენა გაიზარდა და ამურუში დაბრუნებულმა აზირუმაც ხეთების მხარე დაიჭირა. ამ პერიოდში ეგვიპტელებმა კადეშს კიდევ ერთხელ შეუტიეს და საპასუხოდ კვლავ ხეთების ლაშქრობა მიიღეს ამკიში.<r22> ეგვიპტის მე-19 დინასტიისათვის ამურუსა და კადეშის დაბრუნება მთავარი სამხედრო ამბიცია გახდა.[11]
ქორწინების შეთავაზება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქარხემიშის ალყის დროს სუფილულიუმამ მოულოდნელი შემოთავაზება მიიღო ეგვიპტის დედოფლისგან ფარაონის გარდაცვალების შემდგომ. მან სუფილულიუმას სთხოვა მისი რომელიმე ვაჟი გაეგზავნა ეგვიპტეში დასაქორწინებლად. როგორც წესი, ითვლება რომ საუბარია ფარაონ ტუტანხამონზე და შესაბამისად, წერილების ავტორი ანხესენამოსი იყო. სუფილულიუმა შემოთავაზებას ეჭვით შეხვდა და მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკების შემდეგ, რომლის დროსაც მისი წარმომადგენლები ეწვივნენ დედოფალს და თავადაც მიიღო ეგვიპტელი მოხელე, გაგზავნა საკუთარი ვაჟი, ზანაზნა, ეგვიპტეში. ქორწინება არ შემდგარა, რადგან ხეთი უფლისწული ეგვიპტელებმა მოკლედ, ანხესენამოსი კი ტუტანხამონის მრჩეველზე, ეიეზე დაქორწინდა, რომელმაც ფარაონის ტახტი დაიკავა.
ფარაონსა და ხეთების მეფეს შორის კორესპონდენციიდან ირკვევა, რომ სუფილულიუმამ ის დაადანაშაულა ვაჟის სიკვდილში და ომიც წამოიწყო, თუმცა ამას სტატუს-კვოს შეცვლა არ მოჰყოლია და ხეთებმა მხოლოდ ეგვიპტელი ტყვეების მეშვეობით გავრცელებული ეპიდემია მიიღეს. თანაც ეიეც და სუფილულიუმაც მალევე გარდაიცვალნენ. ეს უკანასკნელიც და მისი ვაჟი არუვანდა II-ც ამავე ეპიდემიას შეეწირნენ. შემდგომში ურთიერთობა, ასე თუ ისე, დასტაბილურდა და მურსილი II-ს ან მუვათალი II-ის მმართველობის საწყის პერიოდში სავარაუდოდ მათ შორის ხელშეკრულებაც გაფორმდა.
სეთის ლაშქრობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეხნატონის გარდაცვალების შემდეგ, ეგვიპტის პოლიტიკა სამხედრო ძალის გავლენის ქვეშ მოექცა და მას რამდენიმე გენერალიც მართავდა. მათ აღარ აკმაყოფილებდათ დაპყრობილი ტერიტორიების ვასალების მეშვეობით მართვა და ხეთებთან დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაც სურდათ, მაგრამ შინა არეულობების გამო ეს მხოლოდ XIX დინასტიის ფარაონმა, სეთი I-მა მოახერხა.<h15>
თავისი მმართველობის II წლის შემდეგ, სეთი ეგვიპტური ჯარით დაიძრა ჩრდილოეთით „კადეშისა და ამურუს მიწების გასანადგურებლად“.<r52> მან კადეშის დამორჩილება შეძლო და ამან საშუალება მისცა, ჩრდილოეთით ხეთების ტერიტორიაზეც შეჭრილიყო, სადაც ხეთების არმიაც დაამარცხა. როგორც ჩანს, ეს არ ყოფილა მნიშვნელოვანი წინსვლა, რადგან არმია ძირითადად ხეთთა სირიელ ვასალებზე მიუთითებს,<r61> ხეთების მთავარი ძალები კი უბრალოდ ასურელების წინააღმდეგ ბრძოლით იყვნენ დაკავებულნი.<r62> სეთიმ კადეშის შენარჩუნება ვერ მოახერხა და მისი გარდაცვალებისას ქალაქს კვლავ ხეთები აკონტროლებდნენ.<r62>
გამოყენებული ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უილიამ ჯ. მარნეინი, გზა კადეშისკენ, ჩიკაგოს უნივერსიტეტი, 1985
- მარკ ჰილი, მეომარი ფარაონი რამსეს II და კადეშის ბრძოლა, ოქსფორდი, 1993
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kitchen, K.A, "Ramesside Inscriptions", Volume 2, Blackwell Publishing Limited, 1996, pp.16-17
- ↑ M. Healy, Qadesh 1300 BC: Clash of the warrior kings, 39
- ↑ M. Healy, Qadesh 1300 BC: Clash of the warrior kings, 22
- ↑ Nicholas Grimal, A History of Ancient Egypt, Blackwell Books: 1992, p.256
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ., 295-296, თბ., 1980
- ↑ 6.0 6.1 ჰილი, გვ. 9
- ↑ ჰილი, გვ. 11
- ↑ 8.0 8.1 ჰილი, გვ. 13
- ↑ მარნეინი, გვ. 18-19
- ↑ მარნეინი, გვ. 33
- ↑ ჰილი, გვ. 14