კაბიანი ხმალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კაბიანი ხმალი — კაბიანი ხმალი (კაბიანი კალდიმი). მთლიანი სიგრძე - 88 სმ., პირის - 74,5 სმ. ნივთის წარმომავლობა - იმერული.

ხმლის პირი დამზადებულია ფოლადისაგან, ცალლესული, ცალღარიანი, სწორი. აქვს მკვეთრად დაქანებული 6სმ. სიგრძის შაშარი (ორლესული წვერი). პირის ორივე მხარეს შუაში 15სმ სიგრძის თითო ღარია მოცემული. ზედა მხარეს ღარში გამოსახულია დამღა „სამეფო სფეროს“ სტილიზებული გამოსახულება - 1სმ დიამეტრის წრე, რომელსაც ჯვარი აზის, ჯვრის ვერტიკალური ღერძი სფეროს შუაზე კვეთს. დამღა შესრულებულია სპილენძის ზარნიშით. პირის მეორე მხარეს, ღარში მორბენალი მგლის დამღაა გამოსახული. მგლის ფიგურაზე კარგად იკითხება, თათები, სახე და ბალანიც კი (რაც ადასტურებს ხმლის ქართულ და არა ევროპულ წარმომავლობას).

ტარი დამზადებულია ხისგან, რომელზეც გადაკრულია ვერცხლის ორნამენტირებული ფირფიტები და ვერცხლის დაცვარული მავთული (მავ-თული დაზიანებულია). ფრიად საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ტარი პირთან მიმართებაში 30 გრადუსიანი კუთხის დაქანებითაა დაგებული. ტარი ბოლოვდება ნისკარტისებური ფორმით, რომელზეც გადაკრულია ორნამენტირებული ვერცხლის ფირფიტები. ქარქაში დამზადებულია ხისაგან. მასზე გადაკრულია ყავისფერი ტყავი. ქარქაშს აქვს რკინის ბუნიკი და რკინის ორი ბრტყელი სალტე. ზედა სალტეს სიგრძე 12სმ-ია. იგი მორთულია რელიეფურად შესრულებული ყვავილოვანი ორნამენტებით, რომლებიც ერთმანეთისაგან ჰორიზონტალური, რელიეფური ხაზებითაა გამოყოფილი. სალტის უკან მირჩილულია თასმის გასაყრელი რგოლი. მის გვერდით მეორე სალტეა მოთავსებული, ამ სალტის ზედაპირი დაფანჯრულია, ხოლო უკანა მხარეს, მასზეც მირჩილულია თასმის გასაყრელი რგოლი. სალტეების ქვემოთ კი ქარქაშს „აცვია კაბა“ ანუ ქარქაშზე მიმაგრებულია ქალის კაბის „ქვედა ტანის“ ფორმის ორმაგი ტყავი. ტყავი ძალზე დაზიანებულია.

გახეულია გვერდზე, საიდანაც კარგად ჩანს, რომ ქარქაშის ,,კაბიანი” მონაკვეთი მხოლოდ „კაბითაა“ დაფარული და, რომ მასზე არ არის გადაკრული სხვა ტყავი. „კაბა“ ხმლის უკანა მხარეს ლითონის სამსჭვლებითაა (დაზიანებული) შეკრული. აღწერილი ხმალი ქართული კაბიანი ხმალია, რომელიც დას. საქართველოში, კერძოდ, იმერეთში იყო გავრცელებული. კაბიანი ხმალი მხოლოდ ქართულ რეალობაში დადასტურებული ექსპონატია და უფრო სიღრმისეულ შესწავლას მოითხოვს. ამ ხმლისათვის, ასევე დამახასიათებელია მოხრილი ტარი, რომელიც ქართულ რეალობას შეესაბამება და მთელ კავკასიაში ანალოგი არ აქვს. რაც შეეხება დამღას, იგი კალდიმისაა (რომელიც უკვე დავახასიათეთ). აღწერილი ხმალი ქართული კაბიანი კალდიმია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქაფიანიძე მ., ქართული ხმლების ტიპოლოგიისათვის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე, N 1, 2010
  • ჯალაბაძე გ., საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიული ფონდების გზამკვლევი, თბ., 1979