იფხის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იფხის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
ადგილმდებარეობა მესტიის მუნიციპალიტეტი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი დარბაზული
თარიღდება X საუკუნე
დეტალები

იფხის წმინდა გიორგის ტაძარი (ჯგრაგ) — ეკლესია საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის თემის სოფელ იფხში.

იფხის დარბაზული ტაძარი აგებულია X საუკუნეში. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია ფრესკული მხატვრობა ბიბლიური სცენებით. მოხატულობა, სავარაუდოდ, შესრულებულია X საუკუნეში [1].

მოხატულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იფხის წმინდა გიორგის ტაძრის ფრესკები. ფირუზისფერი ფონი საკურთხევლის "ვედრების" კომპოზიციის ფონადაა გამოყენებული, რაც ამ სცენის აქცენტირებას უწყობს ხელს. ფონი მორთულია სტილიზებული ვარსკვლავების გამოსახულებით. ეს მოტივი ფართოდაა გავრცელებული აღმოსავლეთ ქრისტიანულ სამყაროში. თითქმის მთელი კონქი უჭირავს ქრისტეს ფიგურას. აქ "ვედრების" კომპოზიცია თავისებურადაა გადაწყვეტილი - ღვთისმშობლის და იოანეს ფიგურები დაპატარავებულია და შედარებით ქვემოთ სარკმლის გვერდებზეა მოცემული. ანგელოზების ფიგურეიკი, რომელიც ქრისტეს გვერდითაა გამოსახული უფრო მონუმენტურია. მათი აზიდული ფრთები კარგად ეწერება კონქის მოხაზულობაში (ეს კიდევ ერთხელ მინიშნებს სვანეთში მთავარგელოზთა კულტის განსაკუთრებულ პოპულარობაზე).

სამხრეთ კედელზე წმინდა გიორგის (ტაძრის პატრონის) და წმინდა თევდორეს ქვეშ მოცემულია წმინდა მამების გამოსახულებანი, რომელიც საკურთხევლის ნაცვლად აქ მოათავსეს. ჩრდილოეთ კედლის ზედა რეგისტრში მოცემულია "შობა", ქვედა რეგისტრში კი "მიძინების" სცენა, ეს ორი სცენა ღვთისმშობლის ცხოვრების ორ უმნიშვნელოვანეს მომენტს ასახავს. დასავლეთ კედელზე მოცემული "ამაღლების" სცენა კი, ეხმაურება საკურთხევლის "ვედრებას" და საერთო ჯამში აძლიერებს მაცხოვრის დიდების საზეიმო განწყობილებას. აღმოსავლეთქრისტიანულ ტრადიციასთან კავშირზე მიუთეთებს იფხის მოხატულობის "შობის" სცენაში, დიდი ზომის ანგელოზის გამოსახულება, რომელმაც ერთ-ერთი სირიული აპოკრიფის თანახმად ბეთლემამდე მიიყვანა მოგვები (იაკობ მცირის პროტოსახარების სირიული ხელნაწერი). იფხის მოხატულობის ნახატი შედარებით გართულებულია: ტეხილი ხაზების გვერდით, აქ დენადი ან სპირალურად დახვეული ხაზი ჩნდება, ნაკლებად ხისტია მოძრაობები, შედარებით შერბილებულია ცალკეული დეტალების უტრირებაც. აქედან გამომდინარე იფხის მოხატულობაში თავს იჩენს ის ტენდენციები, რომელიც ქართული კედლის მხატვრობის შემდგომი ევოლუციის ნიშნად შეიძლება მივიჩნიოთ.

იფხის მოხატულობა X-XI სს. მიჯნით შეიძლება დავათარიღოთ. მოხატულობაში ყურადღებას იპყრობს ერთი არატრადიციული დეტალი - "შობის" სცენაში მწყემსები და "ყრმის განბანვის" სცენაში კი მონაწილე ქალები შარავანდითაა გამოსახული, რაც პროვინციული წარმოშობის ოსტატის იკონოგრაფიული "თვითნებობად" შეიძლება მივიჩნიოთ. აცისა და იფხის მოხატულობათა მსგავსება წარმოშობს ვარაუდს, რომ შესაძლოა ის ერთი ოსტატის ხელწერას მიეკუთვნებოდეს, თუმცაღა სხვადასხვა პერიოდში იყოს შესრულებული. ყოველ შემთხვევაში ეჭვს არ იწვევს, რომ ეს ორი მხატვრობა ერთი ჰამქრიდან გამოსული მხატვრების მიერაა შესრულებული.

ეკლესიას, 2006 წლის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]