იკვლივგორანის ლომისის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იკვლივგორანას ლომისის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იკვლივგორანას სამხრეთ-აღმოსავლეთით, 2 კილომეტრზე. თარიღდება VIII-IX საუკუნეებით.

ეკლესია ორნავიანია, სიგრძე 7.4 მეტრი, სიგანე 6.8 მეტრი. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვებითა და კირის დუღაბით. გარეთა კედლებში გამოყენებული ქვები შედარებით მოზრდილია. ქვები შერჩეულია და ერთმანეთთან მჭირდოდაა მიწყობილი, თუმცა არ ქმნიან სწორხაზოვან რიგებს. ეკლესიის სხვა არიტექტურულ ელემენტებში ასევე გამოყენებულია შირიმის ქვები.

ეკლესიის ორივე ნავი აფსიდიანია, და ერთმანეთს ორმალიანი თაღედით უკავშირდებიან. თაღები ეყრდნობიან სწორკუთხა ბურჯს, რომელიც დაგვირგვინებულია ნატეხი ქვით გამოყვანილი კაპიტელით. მსგავსი კაპიტელებითაა დასრულებული თაღედის განაპირა კედლებიც.

შესასვლელი სამხრეთ ნავის სამხრეთ კედლის შუაშია. ძველად, გარედან კარი თარაზულად, ხოლო შიგნიდან ნახევარწრიული თაღით იყო გადახურულუ.

ორივე ნავის აფსიდი ნახევარწრიულია. ორივეში თაღოვანი, გარეთკენ შევიწროებული სარკმელია გაჭრილი. ორივე სარკმის თაღი, როგორც შიგნიდან ისე გარედან მთლიანად შირიმის ქვაშია გამოკვეთილი. მთავარი ნავის აფსიდის გვერდებში თითო პატარა, ოთხკუთხა ნიშია. სამხრეთ ნავის აფსიდა კი ნიშების გარეშეა. აფსიდები დასრულებულია წესიერი ფორმის კონქებით. მთავარი ნავის კონქის თაღი აფსიდის მხრებზეა დაყრდნობილი. სამხრეთ ნავის კონქის თაღი კი მარტივპროფილიან კაპიტელებზე. მათავარი ნავის კონქის წყობიდან, ოდნავ გამოშვერილი ქვებით გამოვანილი თაროა, რომელიც აფსიდს მთელს სიგრძეზე გაუყვება.

ორივე ნავი შიგნიდან გადახურულია ნახევარცილინდრული კამარით. მთავარ ნავს, გარდა საკურთხევლის სარკმლისა, ასევე ანათებს სამხრეთ კედელში გაჭრილი ორი პატარა, ოთხკუთხა სარკმელი. სამხრეთ ნავს, საკურთხევლის სარკმლის გარდა სხვა სარკმელი არ აქვს.

აღმოსავლეთ ფასადზე, მთავარი ნავის სარკმელი შემკულია ნახევარწრიული რელიეფური თაღით. იგი დაყრდნობილია იმავე პროფილის ორ სვეტზე, რომლებსაც ბოლოში ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვთ. სარკმლის ქვემოთ, ერთ ქვაში გამოკვეთილია რელეფური ჯვარი.

მთავარი ნავი გადახურული იყო ორქანობიანი სახურავით, ხოლო სამხრეთ ნავი ცალქანობიანი სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]