ივლიანე ხაინდრავა (უფროსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ივლიანე ლევანის ძე ხაინდრავა, იულიან ხაინდროვი (რუს. Иулиан Леванович Хаиндров) (დ. 1873, სოფ. ლეხაინდრავო, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, — გ. 18 ივლისი, 1938, ქ. ხარბინი, ახლანდ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) — რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში, შემდეგ ქალაქ ხარბინის ქართული კოლონიის ხელმძღვანელი, მრეწველი.

ხაინდრავა წარმოშობით სენაკის მაზრის აზნაურთა ოჯახიდან იყო. ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის დროს ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, 1890-იან წლებში იყო ანარქისტული ჯგუფის წევრი და მონაწილეობდა ქუთაისის გუბერნატორზე თავდასხმაში, რის გამოც 25-წლიანი გადასახლება და კატორღული სამუშაოები მიუსაჯეს. 14 წელი გაატარა ციმბირში, შემდეგ კი ჩინეთში გადავიდა და დასახლდა მანჯურიაში, ქალაქ ხარბინში, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას მოკლებული იყო და რუსეთის იმპერიიდან გაქცეული და გადასახლებული სხვადასხვა ეროვნების ადამიანების თავშესაფრად იქცა. ხაინდრავამ ტყის მოპოვებისა და დამუშავების საქმეს მოჰკიდა ხელი და გამდიდრდა. 1908 წელს ხარბინში დააფუძნა ქართული სათვისტომო, რომლის პირველი და უცვლელი თავმჯდომარე თვითონვე იყო გარდაცვალებამდე. ეწეოდა ქველმოქმედებას; მისი ინიციატივითა და მონაწილეობით დაარსდა ქართული კლუბი, ბიბლიოთეკა, სკოლა, ურთიერთდამხმარე სალარო. დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ხარბინის მრავალეთნიკურ მოსახლეობაში. 1916 წელს ფარულად იმყოფებოდა საქართველოში. გარდაიცვალა 1938 წელს. ანდერძის მიხედვით უნდა დაეკრძალათ მშობლიურ სოფელში, რაც ვერ შესრულდა. დაკრძალულია ხარბინის ე.წ. ახალ სასაფლაოზე. ივლიანე ხაინდრავას ოჯახიდან ცნობილია: შვილები — მწერლები ლევან და ლიდა ხაინდრავები, შვილიშვილები — პოლიტიკოსი და პუბლიცისტი ივლიანე, პოლიტიკოსი და რეჟისორი გოგა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Незабытые могилы. Российское зарубежье: некрологи 1917-1997. Том 6. Книга 3. Х-Я. М., 2007.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]