თრეხვის ქვაბები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თრეხვის ქვაბები — ისტორიული, არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს სოფელ თრეხვსა და მეხეთს შორის, ქარელიდან 12 კილომეტრზე, მდინარე ხვედრულის მარცხენა ნაპირზე. ციცაბო, შვეული კლდის ქარაფებში გამოკვეთილია ქვაბთა 4 კომპლექსი.

I, II და III კომპლექსები სოფელ თრეხვის სამხრეთ-დასავლეთითაა, ე. წ. სოროთხევში (სამშენებლო წარწერის მიხედვით თარიღდება XI საუკუნით); IV კომპლექსი სოფელ მეხეთის მახლობლად მდებარეობს (თარიღდება V-VI საუკუნეებით). ქვაბების უმეტესი ნაწილი გაფართოებული და გადაკეთებული ბუნებრივი მღვიმეებია. ქვაბების საფასადო მხარე ამოშენებულია ქვითკირის კედლით (ამჟამად თითქმის მთლიანად ჩამოშლილ-ჩამონგრეულია, ამიტომ ქვაბებში მოხვედრა მხოლოდ მთასვლელური ტექნიკის გამოყენებით შეიძლება). გამოკირულა ქვაბები უფრო ხშირად გვხვდება I და III კომპლექსებში. კლდე, რომელშიც ქვაბებია გამოკვეთილი, თიხა-ფიქალოვანი ქანებია, რაც კლდის სიბრტყის სუფთად დამუშავების საშუალებას არ იძლევა. ფიქალი ფენა-ფენად არის ნახლეჩ-ნამტვრევი სამტვრევი და ბრტყელპირიანი იარაღით. ქვაბები ტერასებზეა განლაგებული, ქანის ერთი შრის გასწვრივ, ერთ იარუსად (არის გამონაკლისებიც. მაგალითად, IV კომპლექსის ქვაბების ქვედა და ზედა იარუსებს შორის სხვაობა 15 მეტრია).

კომპლექსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

I კომპლექსის სიგრძე 70 მეტრია, II-ის - 35 მ., III-ის - 90 მ., IV- ის - 60 მ; I კომპლექსში 16 სათავსია, II - ში - 6, III -ში - 11, IV-ში - 17. ყოველ ტერასაზე კლდის გაყოლებით ან მის სიღრმეში გამოჭრილია თითო საკმაოდ დიდი და მაღალი სწორკუთხედის მსგავსი სათავსი. კედლის სიბრტყეები და კუთხეები, იატაკი, ბრტყელი თუ კამაროვანი ჭერი დამუშავებულია. გვხვდება სარკმლები, საჭრაქეები, მცირე და მოზრდილი ნიშები, ნიში-თახჩები (ეს ელემენტები უხეშად არის დამუშავებული). იქ, სადაც წყალი ჟონავდა, მოწყობილია წყალსაცავები. I კომპლექსის № 2 ქვაბში შუა ოთახში სწორკუთხა წყალსაცავია; II კომპლექსის № 1 ქვაბში იმავე ფორმის წყალსაცავი სათავსის მარჯვნივ კუთხეშია მოწყობილი და მასში წყალი კედლის კუთხიდან გამოყვანილი მილით გროვდება.

გეგმურ-სივრცობრივი სტრუქტურით საინტერესოა I კომპლექსის 1, 2, 4 და 15 ქვაბები. №1 და №2 ქვაბებში კლდის სიღრმეში გამოჭრილია ერთმანეთთან ღიობებით დაკავშირებული 2-2 სწორკუთხა ოთახი. ჭერი დაქანებულია. № 4 ქვაბი გამოკირულა ქვაბია. მის გრძივ კედლებში, 3 მეტრის სიმაღლეზე, ხის ძელების გასადები ბუდეებია ამოკვეთილი II სართულის იატაკისათვის.

კარგად არის მოღწეული № 15 გამოკირულა ქვაბი. სათავსის წინ წინკარია. ფასადის ქვითკირის კედელი მთლიანად არ ფარავს ქვაბს - ამოყვანილია 2,25 მეტრზე. კედელში შესასვლელი-ღიობი და სარკმელია. შესასვლელის ორივე მხარეს სათავსში მერხებია. ბრტყელი ჭერი და კედლები სუფთად არის დამუშავებული. № 15 ქვაბში 1957 წელს აღმოჩნდა წარწერიანი ქვაჯვარი - ფირუზისფერი ქვიშაქვის სწორკუთხა ფილა (64,5 X 25,5 X 12,5 მ). ფილაზე გამოსახულია აყვავებული ჯვარი, რომლის ქვედა მკლავის ძირში, წრიულ კოპზე ამოკვეთილია თარიღი, ხოლო ამავე მკლავის ორივე მხარეზე ასომთავრული წარწერაა:

ვიკიციტატა
„მე ლეონტი მროველმან დიდითა მოჭირვებითა აღვაშენე ესე ქუაბი ხატისათვის ღმრთეებისა და დღესა ჭირისასა ნავთსაყუდელად რუისისა საყდრისა შვილთათვის ჟამთა შინა ალფარსალან სულტანისაგან ოხრობისათა...“

ქორონიკონი ადასტურებს, რომ ქვაჯვარის შესრულების თარიღია 1066 წელი. მიჩნეულია, რომ წარწერაში მოხსენიებული ქტიტორი XI საუკუნის ცნობილი ქართველი მოღვაწე ლეონტი მროველია.

III კომპლექსის გამოკირულა ქვაბების ფასადი თითქმის ერთი მთლიანი კედელია და ზღუდის შთაბეჭდილებას ტოვებს. აქ № 1 ქვაბის 5 მეტრი სიგრძის ქვითკირის კედელში დატოვებულია ფართო შესასვლელი-ღიობი. სარკმლები განლაგებულია ორ რიგად (სავარაუდოა, ქვაბი ორსართულიანი იყო). ქვედა სარკმლების გვერდებზე სწორკუთხა და სამკუთხა ნიშებია. ქვაბში გვხდება ქვევრებიც. განსაკუთრებით საინტერესოა III კომპლექსის მარანი.

IV კომპლექსის ქვაბები გეგმური და სივრცობრივი სტრუქტურით სრულიად განსხვავებულია. ქვაბები შემთხვევითი ფორმისაა, მცირე ფართობის. ეს სამონაზვნო ქვაბებია, ე. წ. უდაბნო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6888