თრდატ არშაკუნიანი
თრდატ არშაკუნიანი | |
---|---|
წოდებები
სომხეთის უფლისწული | |
საგვარეულო | არშაკუნიანები |
შვილ(ებ)ი | გნელ არშაკუნიანი |
მამა | ტიგრან VII |
რელიგია | ქრისტიანობა |
თრდატ არშაკუნიანი (სომხ. Տրդատ Արշակունի) — სომხეთის უფლისწული არშაკუნიანთა სამეფო დინასტიიდან. მეფე ტიგრან VII-ის ძე და არშაკ II-ის ძმა. დედოფალ ფარანძემის პირველი ქმრის, გნელ არშაკუნიანის მამა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თრდატის დაბადების თარიღი უცნობია. იგი იყო სომხეთის მეფე ტიგრან VII-ისა და მისი უცნობი სახელის მქონე მეუღლის რიგით მესამე ძე[1]. მამამისი სომხეთში 339-დან 350 წლამდე მეფობდა. თრდატის რიგით მეორე უფროსი ძმა, არშაკ II გახდა მამის მემკვიდრე, რომელიც სომხეთში 350-დან 368 წლამდე მეფობდა, როგორც რომაელთა ვასალი. თავად თრდატს სახელი დაარქვეს მისი დიდი პაპის, სომხეთის გამაქრისტიანებელი მეფის, თრდატ III-ის ხსოვნის პატივსაცემად. როგორც წესი ეს სახელი სომხეთის პართიული წარმომავლობის მეფეებს ერქვათ ხოლმე.
ერთობ აგრესიული პოლიტიკის გამტარებელმა სასანიანთა ირანის შაჰმა შაპურ II-მ რომის იმპერიასა და მის მოკავშირეებს ომი გამოუცხადა, რის გამოც, პირველ რიგში მთელ სპარსეთსა და მესოპოტამიაში დაიწყო ქრისტიანების საშინელი დევნა და შევიწროვება, რადგან მათ ავტომატურად რომაელთა ჯაშუშებად აღიქვამდათ. შაპურ II-ის ამგვარმა ქმედებებმა მძიმე დარტყმა მიაყენა რომის პრესტიჟსა და ავტორიტეტს ახლო აღმოსავლეთში. ჯერ კიდევ თრდატის მმამის მეფობის დროს, შაპური თავისი ჯარებით შეიჭრა სომხეთში, რომელიც რომის ვასალი, ქრისტიანი მოკავშირე და მისი ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო კავკასიაში. ამ შემოჭრისას შაპურმა მოახერხა და უფლისწული თრდატ არშაკუნიანი მისი ცოლ-შვილითურთ ტყვეებად აიყვანა. მიუხედავად მრჩეველთა მოწოდებისა, რომ გაეთავისუფლებინა ისინი, შაპურმა სომხეთის სამეფო ოჯახის წევრები ირანში პოლიტპატიმრებად წაიყვანა[2]. ტყვეობის დროს შაპურმა თრდატის მამას, მეფე ტიგრანს თვალები დასთხარა და დილეგში ჩააგდო, რომთან მოკავშირეობისა და შეთქმულების მოწყობისათვის.
შაპურ II-ის სისასტიკემ და სამეფო ოჯახის წევრებთან მოპყრობამ განარისხა სომეხი დიდებულები, რის გამოც მათ მასობრივი აჯანყება წამოიწყეს და რომაელებს მიმართეს დასახმარებლად, რათა არშაკუნიანები გამოეხსნათ. მათ მოახერხეს, და წარმატებით განდევნეს შაპურის ჯარები სომხეთიდან. დამარცხების შემდეგ შაპურმა ხელი მოაწერა სომხეთის სამეფო ოჯახის წევრების გათავისუფლებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს. ისინი მართლაც გაათავისუფლა და სომხეთში დააბრუნა. დაბრმავებულმა და ამის გამო ღრმად დეპრესიაში ჩავარდნილმა მეფე ტიგრანმა უარი თქვა ქვეყნის მართვაზე და 350 წელს ტახტიდან გადადგა თავისი ძის, არშაკ II-ის სასარგებლოდ[3].
თრდატისა და არშაკის ურთიერთობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ცნობილია, რომ უფლისწული თრდატი ძმამ რომის იმპერატორ ვალენტინიანე I-ს გაუგზავნა პოლიტიკურ მძევლად, რომელსაც იგი საპატიო ტყვეობაში ჰყავდა კონსტანტინოპოლში. მას შემდეგ, რაც არშაკი სასანიანთა მხარეს გადასვლაში ამხილეს, იმპერატორის ბრძანებით თრდატი მოკლეს.
ცნობილია, რომ თრდატი დაქორწინებული იყო, თუმცა მისი ცოლის ვინაობა უცნობია. მას ერთადერთი ძე ჰყავდა, უფლისწული გნელი, რომელიც ასევე არშაკის სამეფო კარის ინტრიგებს ემსხვერპლა. იგი არშაკმა მოაკვლევინა და შემდეგ მის ქვრივ ფარანძემზე იქორწინა[4].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Encyclopaedia Iranica: Armenia and Iran II. The pre-Islamic period
- Movses Khorenatsi’ History of Armenia, 5th Century
- V.M. Kurkjian, A History of Armenia, Indo-European Publishing, 2008
- E. Gibbon, The History of the Decline and Fall of the Roman Empire (Google eBook), MobileReference, 2009