შინაარსზე გადასვლა

გნელ არშაკუნიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გნელ არშაკუნიანი
სომხეთის უფლისწული
დაიბადა უცნობია
გარდაიცვალა აგვისტო, 359
საგვარეულო არშაკუნიანები
მეუღლე(ები) ფარანძემი
მამა თრდატ არშაკუნიანი
რელიგია ქრისტიანობა

გნელ არშაკუნიანი (სომხ. Գնել Արշակունի; გ. აგვისტო, 359) — სომხეთის ტახტის მემკვიდრე უფლისწული არშაკუნიანთა დინასტიიდან. მეფე არშაკ II-ის ძმისწული და მისი მემკვიდრე. დედოფალ ფარანძემის პირველი ქმარი.

გნელის დაბადების თარიღი უცნობია. იგი სომეხი უფლისწულის, თრდატ არშაკუნიანისა და მისი უცნობი სახელის მქონე მეუღლის ძე. იგი თავად სომხეთის მეფე არშაკ II-ის ძმისწული და რომაელთა ვასალ სომხეთის მეფე ტიგრან VII-ის შვილიშვილი იყო. იმის გამო, რომ არშაკს შვილები არ ჰყავდა, მის მემკვიდრედ სწორედ უფლისწული გნელი განიხილებოდა.

ამ დროის სომხეთი ერთობ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში იყო. ოფიციალურად იგი რომის იმპერიის ვასალი იყო და საერთო რწმენის გამოც, სომეხი მონარქები პროდასავლურ პოლიტიკას ატარებდნენ, თუმცა, იმავდროულად უხდებოდათ ასევე ძლევამოსილი სასანიანთა ირანის შემოტევების მოგერიება. ირანის შაჰანშაჰ შაპურ II-ს ერთობ დიდი ამბიციები ამოძრავებდა და გამუდმებით ცდილობდა სომხეთის მონარქთა შევიწროვების გზით სამეფოს დაპატრონებოდა, რითაც კავკასიაში რომაელთა მთავარ დასაყრდენს ჩაიგდებდა ხელში. სწორედ ამ მიზეზით, სომხეთის მმართველებს ორივე მხარისათვის უწევდათ ანგარიშის გაწევა. ამგვარ ვითარებაში სპარსეთში დიპლომატიური მისიით წარგზავნილი თრდატ არშაკუნიანი თავისი ცოლ-შვილითურთ შაპურ II-მ დაატყვევა.

გნელის ცოლი, ცხენზე ამხედრებული მებრძოლი დედოფალი ფარანძემი

სპარსელთა ტყვეობაში გაზრდილი გნელი უკან, სომხეთში საკმაოდ გვიან დაბრუნდა. დაბრუნებიდან მალევე, ვინაიდან იგი ტახტის მემკვიდრე იყო და დინასტიის გაგრძელებაც მასზე იყო დამოკიდებული, მეფე არშაკმა ის სიუნიქის პროვინციის ძლევამოსილი მმართველის ქალიშვილზე, ფარანძემზე დააქორწინა. ფარანძემი იმ დროის სომხეთში ცნობილი იყო სილამაზითა და კეთილგონიერებით, ამიტომაც მას სამეფო ოჯახშიც არაერთი მამაკაცი ეტრფოდა.

ფარანძემზე შეყვარებულ მამაკაცთა სიაში იყო გნელის ბიძაშვილი, უფლისწული ტირიტიც, რომელსაც ერთობ შეშურდა, რამეთუ მანამდე თავადაც ითხოვა მისი ხელი, თუმცა ფარანძემის მამისაგან მკაცრი უარი მიიღო. ამის გამო მან გნელის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა განიზრახა. ამის გამო ტირიტი მივიდა მეფე არშაკთან და უთხრა: „გნელს თავად უნდა მეფობა და შენი მოკვლა. ყველა წარჩინებულსა და ნახარარს მოსწონს იგი, ამიტომაც ისინი მის ბატონობას ამჯობინებენ შენსას. მეფეო, დაუკვირდით რას სჩადით, თქვენი ხსნა თქვენს ხელთაა“[1].

ამის შემდეგ მეფე არშაკი გადაემტერა გნელს, რის გამოც გნელი ფარანძემთან ერთად გაიქცა სამეფო კარიდან. არშაკმა ეს იმის დასტურად მიიჩნია, რომ პრინცი მართლაც დამნაშავე იყო და ჩათვალა, რომ შეთქმულების დასაჩქარებლად გაიქცა პროვინციის მმართველებთან. ამის აღსაკვეთად კი არშაკმა 359 წლის აგვისტოში მოაკვლევინა გნელი.

ამ მოვლენიდან მალევე ტირიტი ეახლა მეფე არშაკს და სთხოვა გნელის ქვრივის, ფარანძემის ხელი. მეფეს მანამდეც სმენოდა, რომ ტირიტი ცრუ ბრალდებებს უყენებდა გნელს, რათა მის ცოლზე ექორწინა, ამიტომაც ამ დროს მან განუცხადა: „ახლა უკვე დარწმუნებით ვიცი, რომ ჭორები მართალი იყო. გნელი მისი ცოლისათვის მომაკვლევინე...“[2] ამის გამო, განრისხებულმა არშაკ II-მ ჯარისკაცებს პრინცი ტირიტიც მოაკვლევინა[3]. აღსანიშნავია, რომ არშაკმა მალევე თავად იქორწინა ფარანძემზე, დედოფლად დაისვა იგი და შეეძინა მემკვიდრეებიც, მათ შორის მომავალი მეფე პაპი.

  • Faustus of Byzantium, History of the Armenians, 5th Century
  • Encyclopaedia Iranica: Armenia and Iran II. The pre-Islamic period
  • R.G. Hovannisian, The Armenian People From Ancient to Modern Times, Volume I: The Dynastic Periods: From Antiquity to the Fourteenth Century, Palgrave Macmillan, 2004
  • V.M. Kurkjian, A History of Armenia, Indo-European Publishing, 2008
  • E. Gibbon, The History of the Decline and Fall of the Roman Empire (Google eBook), MobileReference, 2009
  1. Faustus of Byzantium, History of the Armenians, Book IV, Chapter 15
  2. Faustus of Byzantium, History of the Armenians, Book IV, Chapter 15
  3. Faustus of Byzantium, History of the Armenians, Book IV, Chapter 15