თენგიზ შავლოხაშვილი
თენგიზ შავლოხაშვილი (დ. 1 ნოემბერი, 1946, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუსიკალური განათლება მიიღო მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის თბილისის მეოთხე სამუსიკო სასწავლებელში (1963-1967), მუსიკის თეორიის, ფორტეპიანოს და კომპოზიციის სპეციალობით. მისი პედაგოგები იყვნენ: ლენა ედილაშვილი, ელიკო ბარაბაძე (მუსიკის თეორია), იდა ფიდელმანი, ქსენია ჯიქია (ფორტეპიანო), ნოდარ მამისაშვილი (კომპოზიცია). ადრეული ასაკიდან მეცადინეობდა კომპოზიციაში კომპოზიტორ ალექსანდრე (შურა) შავერზაშვილთან.
1972 წელს დაამთარა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, კომპოზიციის სპეციალობით (პროფესორ ალექსი მაჭავარიანის კლასი), ხოლო 1977 წელს – ასპირანტურა (ამავე პროფესორთან). 1972 წლიდან ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს თბილისის III სამუსიკო სასწავლებელში; 1978 წლიდან იყო კინოსტუდია „ქართული-ფილმის“ მულტგაერთიანების მუსიკალური რედაქტორი.
კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში და შემდგომშიც რეგულარულად გადიოდა კონსულტაციებს მოსკოვისა და პეტერბურგის კონსერვატორიის პროფესორებთან კომპოზიტორთა შეშოქმედებით სახლში „ივანოვო“. 1973 წლიდან სსრკ კომპოზიტორთა კავშირის წევრია. თენგიზ შავლოხაშვილის საკომპოზიტორო შემოქმედება მოიცავს სიმფონიურ, ვოკალურ-სიმფონიურ, კამერულ, საგუნდო და ვოკალური მუსიკის ჟანრებს. ამასთან ერთად, იგი კინომუსიკის ავტორიცაა. დაწერილი აქვს ნაწარმოებები ანიმაციური ფილმებისთვის: „ბომბორა სწავლას იწყებს“ (1973); „კომბლე“(1979), „ძველი თბილისის სურათები“(1982), "ბატი ტასიკოს თავგადასავალი“ (1984); მუსიკალური თეატრისათვის – „თეთრი მანდილი“ (1972, ერთაქტიანი ოპერა); სიმფონიური ნაწარმოებები: პატარა უვერტიურა სიმფონიური ორკესტრისათვის (1977); „ძველი თბილისის ცხოვრებიდან“ ორი სიმფონიური სურათი (1977); კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1979); სიმფონია №1 (1983); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები: პიესები ფორტეპიანოსათვის (1967); პიესები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1968); სონატა ფორტეპიანოსათვის (1969); სიმებიანი კვარტეტი (1974); ოთხი საბავშვო პიესა (1983); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები: „დედა“ ვოკალური ციკლი ქალის ხმისა და ფორტეპიანოსათვის (1970); კანტატა სოპრანოსა და ინსტრუმენტული ანსამბლისათვის (1976), „სამშობლო გეძახის“ სიმღერა ბანისა და ფორტეპიანოსათვის (1979); ორი საბავშვო სიმღერა (1979); ვოკალურ–ინსტრუმენტული პოემა ვოკალური ტერცეტისათვის (სოპრანო, მეცო–სოპრანო, ბანი), სიმებიანი ორკესტრის, ორღანისა და დასარტყამი ინსტრუმენტებისათვის (1980) და სხვა.
თენგიზ შავლოხაშვილი მრავალი წლის მანძილზე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის მეოთხე სამუსიკო სასწავლებელში, დოცენტის თანამდებობა ეკავა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კომპოზიციის კათედრაზე. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებული სამუსიკო სასწავლებლების მეთოდური კაბინეტის კონსულტანტად, ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელის კონსულტანტად, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივნად, საქართველოს ტელე-რადიო კორპორაციის მხატვრული კოლექტივების გენერალურ დირექტორად, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ორკესტრის დირიჟორად. გარდა ამისა, აქტიურად მონაწილეობდა მუსიკალური ცხოვრების პროცესებში. გამოქვეყნებული აქვს ასამდე საგაზეთო და საჟურნალო პუბლიკაცია. მას ეკუთვნის სამეცნიერო შრომები ალექსი მაჭავარიანის მეორე სიმფონიისა და სულხან ნასიძის სიმფონია – „ფიროსმანის“ საორკესტრო დრამატურგიის შესახებ, აგრეთვე – ლექციების კურსი გაორკესტრების თეორიაში, მეთოდური ნაშრომი (ტესტები) საკონსერვატორო გამოცდებისათვის საკრავთმცოდნეობაში. მანვე თარგმნა ქართულ ენაზე თამარ ნაგორსკაიას წიგნი – „თანამედროვე მუსიკის სანოტო დამწერლობა“.
2002 წლიდან კომპოზიტორი ცხოვრობს და მოღვაწეობს ირანში. წლების მანძილზე მუშაობს თეირანის სახელმწიფო კაპელის მთავარ დირიჟორად, თეირანის სიმებიანი კვარტეტის სამხატვრო ხელმძღვანელად და თეირანის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 513
- Композиторы и музыковеды грузии, тб., 1984, გვ. 452