თელავის საცხოვრებელი სახლი (ნადიკვრის 26)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ნადიკვრის  ქუჩაზე (№ 26). პროექტის თანახმად, აგებულია 1880-1881 წლებში. სახლი, თავდაპირველად, ჩათიშვილებს ეკუთვნოდა, შემდგომ კი „სობოროს“ დეკანოზს, იოანე შიუკაშვილს.

სახლზე მიმაგრებულია მემორიალური დაფა წარწერით:

ვიკიციტატა
„ამ სახლში 1870-1938 წლებში ცხოვრობდა ნიკოლოზ (ნიკო) შიუკაშვილი.“

სახლი ერთსართულიანია, ხუთოთახიანი. ძირითადად ნაგებია კვადრატული აგურით. ინტერიერში ოთახების განლაგება თავდაპირველია. შემორჩენილია ბუხრები. შენობა გრძივი ფასადით ქუჩისკენაა მიმართული. ფასადზე მშვილდისებური თაღით გადახურული ორი სადარბაზო კარი და მშვილდისებრთაღოვანივე, სადა საპირეში ჩასმული, ექვსი სარკმელი გამოდის, რომელთა შორის აგურის წყობით გამოყვანილი რესტირებული, ვერტიკალური ზოლებია ჩართული. ფასადის კიდეები ნალისებრი თაღით დასრულებული, ჩაღრმავებული არის მქონე, პილასტრისებრი შვერილითაა აღნიშნული. შესასვლელები კედლის ბოლოებშია. მათ შორის ერთი (მარცხენა ბოლოში მდებარე) — მოგვიანებით ამოუშენებიათ და სარკმლად გადაუეთებიათ. სარკმელთა ალათები სწორკუთხაა.

სადარბაზოს კარი ხისაა, ორფრთიანი. დამუშავებულია მარტივი, ნაკვეთი სახეებით, კარს ხისავე, თუნუქით დაბურული გვიანდელი მარკიზი აქვს. ფასადი დასრულებულია დაბალი, შვერილი ზოლით, რომელსაც ძირი განიერი, კბილანისებური ელემენტებით აქვს დამუშავებული. მათ შორის თითო, რუსტირებული, ვერტიკალური ზოლების ასწვრივაა, ხოლო თითო — კარ-სარკმლების. შენობას, მარჯვნიდან, ეკვრის „რუსული“ აგურით ნაგები, ხის მოზრდილი ძელით თარაზულად გადახურული ალაყაფის კარი, რომლის წინა მხარე ჩაღრმავებული, სწორკუთხა არეებითაა დამუშავებული. შენობის გვერდითა ფასადები აგურისა და რიყის ქვის შერეული წყობითაა ამოყვანილი. ორივე ფასადი დასრულებულია სამკუთხა ფრონტონით

ეზოს მხარეს სახლი ძლიერ არის გადაკეთებული. ამ მხრიდან მას ხის მოაჯირიანი აივანი (ამჟამად სახეცვლილია) გასდევდა, რომლის სახურავი აგურის კვადრატულ ბოძებზე იყო დაყრდნობილი. აივანზე გამომავალი კარ-სარკმლების გადახურვა მშვილდისებრია, ხოლო ალათები — სწორკუთხა. შენობა გადახურულია კრამიტით დაბურული, ორკალთა სახურავით.

2011-2012 წლებში შენობას ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, რის შედეგადაც მას დაუბრუნდა თავდაპირველი იერ-სახე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]