თელავის საცხოვრებელი სახლი (კვირიკე დიდის 14)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლიარქიტექურული ძეგლი თელავში. მდებარეობს კვირიკეს დიდის ქუჩაზე (№ 14). თარიღდება XIX საუკუნის დასაწყისით.

სახლი ერთსართულიანია, დაბალი, ქუჩისპირა, აგურის ფასადი გალესილია ცემენტით. ძველებური სახე იკვეთება მხოლოდ საერთო მასაში. ფასადის მარცხენა ნახევარს სამკუთხა ფრონტონი ასრულებს, რომლის ქვემოთ, მიწის პირას, ორი თაღოვანი სარკმელია განთავსებული. სადარბაზოს კარი ძველია. იგი ხისაა, ორფრთიანი. დამუშავებულია კვეთილობით. კარი უშუალოდ, ეზოს მხარეს მდებარე, ხის აივანზე გადის, რომლის მოაჯირებიც და აფრებიც შეცვლილია. აივანზე გამომავალი ღიობეიბს თავსართები და ალათები ავთენტურია, რკალური. ეზოს, ქუჩის მხარეს, რიყის ქვის ზღუდე აკრავს.

2011 წელს, სახლს ქუჩის მხარეს ნალესობა ჩამოაცალეს, გააუქმეს შესასვლელი და ფასადის ნაწილი ცემენტით შელესეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]