თელავის საცხოვრებელი სახლი (ბ. ჩოლოყაშვილის 1)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლიარქიტექურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე (№ 1). აგებულია XIX საუკუნის ბოლოს. ამჟამად შენობაში ფუნქციონირებს სასტუმრო „ძველი თელავი“.

სახლი ორსართულიანია. ნაგებია აგურით. უკანასკნელ პერიოდში ნაგებობამ მნიშვნელოვნად დაკარგა ავთენტური ფასადი, რომელიც თელავის ისტორიული მუზეუმის ფოტოფონდში დაცულ XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთ ფოტოსურათზეა შემონახული.

პირველი სართული გახსნილია ფართო ღიობებით, რომლებშიც სავაჭრო რიგები იყო განთავსებული. მეორე სართული მაღალი, სწორკუთხა სარკმლებით არის დანაწევრებული. სარკმლები სწორკუთხა საპირეებშია ჩასმული, რომელიც კაზმული პილასტრებით არის მოსაზღვრული. შენობის ფრიზი და ლავგარდანი დეკორატიული ნაძერწობითაა შემკული. ორნამენტული მოტივები სადაა, თანაბარზომად გადანაწილებული. ნაგებობის ცენტრის ღიობები ლითონის შეკიდულ აივანზე გამოდის, რომლის კონსოლებიც ჭედურია. შემორჩენილია სადარბაზო, ძველი ხის კიბე, ხის სადა აივანი და ძველი ალაყაფის კარი.

სახლს დიდი ზომის, კამაროვანი სარდაფი აქვს. სახლი „გვიანი კლასიციზმის“ სტილის საინტერესო ნიმუშია.

2011-2012 წლებში სახლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები (პროექტის ავტორი, არქიტექტორი ვაჟა ორბელაძე).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]