თელავის საცხოვრებელი სახლი (ბ. ახოსპირელის 6)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი, მჭედლის სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. დგას ბეგლარ ახოსპირელის ქუჩაზე (№ 6). თარიღდება XIX საუკუნის დასაწყისით. შეიცავს უფრო ადრინდელ ფენებსაც.

წარმოადგენს თავისი დროისათვის დამახასიათებელ საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ სახეობას, სადაც საცხოვრებელი და სავაჭრო (ან სახელოსნო) ერთმანეთთან უშუალო კავშირშია. სახლი ორსართულიანია. ნაგებია აგურისა და რიყის ქვის რიგების მონაცვლეობით. ორივე სართულს ცალკე შესასვლელი აქვს. პირვეკ სართულზე სახელოსნოა მოწყობილი. შესასვლელის წინ, ქუჩის მხარეს, ორი საფეხურია. კარის ორივე მხარეს - თითო სარკმელი. პირველი სართულიდან მეორეზე მოხვედრა ხის შიდა კიბის მეშვეობით ხდება. მეორე სართული საცხოვრებელია, რომელიც მცირე ზომის სადარბაზოთი უკავშირდება ქუჩას. სადარბაზოს შემდეგ ბაქანია, რომლიდანაც ვხვდებით საცხოვრებელ თუ სამეურნეო დანიშნულების ოთახებსა და ღია, სვეტებიან აივანზე. საცხოვრებელი ოთახი ორია. ისინი, როგორც ერთმანეთთან, ისე აივანთან (დიდი ოთახი) და ტერასასთან (უფრო მცირე) თითი კარითა და ორ-ორი სარკმლით არის დაკავშირებული. სამეურნეო დანიშნულების ოთახები პირვანდელი სახით არ შემორჩენილა, მაგრამ კონფიგურაციით ადრინდელი გეგმის საფუძველზეა ამოყვანილი. მეორე სართულის აივანზე აგურით ნაწყობი, გარედან შებათქაშებული სამი სვეტია. გვერდითა სვეტები ოთხკუთხაა, შუა კი - მრგვალია და მარტივი თავსართითაა დასრულებული. სვეტებს შორის ხის რიკულებით შედგენილი მოაჯირია. შენობის მთავარი ფასადის კედელი გამაგრებულია კონტრფორსით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 2