თბილისის რესტორნები
XIX საუკუნის II ნახევარში და შემდეგაც თბილისში მრავლად იყო რესტორნები. ხშირად ერთსა და იმავე ადგილას არსებული რესტორანი დროთა განმავლობაში იცვლიდა სახეს. ისეთ რესტორანს ძველი დროისთვის რომ გაეძლოს და დღესაც ფუნქციონირებდეს, ვეღარ შეხვდებით. ძველ რესტორნებში ამჟამად სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულება-ორგანიზაციებია განთავსებული, რესტორნებსაც რესტორნებთან არავითარი კავშირი აღარ აქვთ. თბილისის ცნობილი რესტორნები იყო: „ოდესსკაია“ (1846, ალექსანდრეს მოედანი); დიუბეკის (1846), ფელიეტის (1846) — ერევანსკის (ახლანდელი თავისეფლების) მოედანი. ბლიუშეს (1851) — ნიკოლოზის მოედანი; ხარინის რუსული ტრაქტირი (1851) დიდი — (ერევანსკის მოედანი); ფინკეს 1851 — ატამანის ახლანდელი ლადო გუდიაშვილის ქუჩა; ფინკეს (1855) — განის, ახლანდელი გალაკტიონის ქუჩა. ორთაჭალის ბაღში იდგა რესტორანი „ელდორადო“, მთაწმინდაზე კი — „განდეგილი“. თუ XIX-XX საუკუნეების დამდეგს თბილისის ძველ უბნებში საქეიფო და დროის გასატარებელი ადგილი ისევ დარაბიანი დუქნები და სარდაფები იყო, თბილისის ახლანდელ უბნებში ჯერ „რესტორაციის“, მოგვიანებით კი რესტორნის სახელით იხსნებოდა ახალ-ახალი დროის სატარებელი და გასართობი სახლები. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად თბილისში აგებულ სასტუმროებს თან ჰქონდათ რესტორნები. სასტუმროების პირველი სართული მერე და მერე დაეთმო რესტორნებს. მაგალითად, სასტუმრო „ორიენტის“ პირველი სართული ჯერ სავაჭრო მაღაზიებს ეჭირათ. მათი ადგილი რესტორნებმა მოგვიანებით დაიკავა. სასტუმროების გარდა, რესტორნები თბილისის ახალ უბნებშიც საცხოვრებელი სახლების სარდაფებში იყო განთავსებული — „სიმპატია“, „სიცოცხლე“, „გემო“ და ა. შ. ორთაჭალის ბაღების გარდა თბილისელები ზაფხულის ცხელ დღეებში XIX-XX მიჯნაზე საქეიფოდ და გასართობად მიეშურებოდნენ ჯერ კიდევ ქალაქიდან მოშორებით მდებარე „მუშთაიდის ბაღში“. XIX საუკუნეში თბილისში ჩამოსული ერთი მოგზაური მოგვითხრობს:
„გასაოცარია, თუ როგორ უყვართ ქართველებს გართობა და დასვენება. გაივლით გერმანელთა დასახლებას, მიემართებით მუშთაიდისკენ, ყოველ ნაბიჯზე გვხვდება სხვადასხვა კლუბები — შესაკრებები, სათავყრილობო ადგილები. ხალხმრავლობაა, ყოველმხრიდან ისმის მუსიკის და სიმღერის ხმა, სვამენ ღვინოს და ფანტავენ — ქარს ატანენ ფულს და მღერიან და ღრეობენ არა მდიდრები, ძლიერნი ამა ქვეყნისანი, არამედ ქალაქის დაბალი ფენიდან გამოსულები — ხელოსნები, ვაჭრები... მათთან შეხვედრისას შეიძლება ისინი განსაჯოთ, გაკიცხოთ კიდეც, მაგრამ ეს განსჯა კიარა უფრო კეთილი „შურია“. „გშურთ“ მათი ბედნიერება, უშუალობა, ეროვნული ხასიათი, რომელიც გამოიხატება თვითდაჯერებით, სიცოცხლით, დარდიმანდობით...“
|
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მუშთაიდის ბაღი თბილისელმა მოქალაქემ გორგიჯანიძემ შეისყიდა და ამის შემდეგ ბაღს ხშირად გორგიჯანიძის ან გორგიჯანოვის ბაღსაც ეძახდნენ. ძველი პრესის ფურცლებზე ხშირად ქვეყნდებოდა ასეთი განცხადება:
„დირექცია მ. ა. გორგიჯანოვისა. მიხეილის პრ., მუშტაიდის ბაღის შესასვლელთან ტელეფონის N152. ბაღი და თეატრი გორგიჯანოვისა. ყოველდღე „ვარიეტე“, საზღვარგარეთელი და რუსი გუნდის და აკაპელას პირველი კლასის მსახიობები, რუსული დიდი ქორო. საღამოს განმავლობაში სრულდება დაახლოებით 75 ნომერი. საღამოს 9 საათიდან ორკესტრი სიმებიანი. „ვარიეტეს“ დასაწყისი ზუსტად 10 საათზე. პირველი კლასის სამზარეულო. ბრწყინვალე ბუფეტი, როტონდა, კაბინეტი“. “მუშტაიდის ბაღი“ აღდდგომის მეორე დღიდან პირველ ოქტომბრამდე, ყოველდღე, საღამოს 6 საათიდან ღამის 12 საათამდე დაუკრავს ქალთა სიმებიანი ორკესტრი. პირველი კლასის ბუფეტი, რუსული და საზღვარგარეთული სასმელებით. აზიური და ევროპული სამზარეულო, გამოცდილი კულინარის მეთვალყურეობით. ღია სცენა. ფასები ზომიერი, შესვლა უფასო.“
|
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 749, ISBN 99928-20-32-2.