თარგი:დღის სტატია:10-21
ტრაფალგარის ბრძოლა (21 ოქტომბერი, 1805) — საზღვაო ბრძოლა ბრიტანეთის სამეფო ფლოტსა და ფრანგებისა და ესპანელების კოალიციურ ძალებს შორის. ბრძოლა გაიმართა მესამე კოალიციის ომის ფარგლებში, ევროპაში მიმდინარე ომის ფონზე. კოალიციის ძალებს მეთაურობდა ფრანგი ვიცე-ადმირალი ვილნევი, ბრიტანელებს კი გამოჩენილი ადმირალი ჰორაციო ნელსონი. ნელსონის განკარგულებაში იყო 27 სახაზო გემი, მტრის 33-ის საპასუხოდ. ბრძოლამდე ნელსონმა ბრძანა „ვიქტორიდან“ გადაეცათ ლეგენდარული სიგნალი: ინგლისი მოელის, რომ ყველა ადამიანი თავის მოვალეობას შეასრულებს (ინგლ. England expects that every man will do his duty). ის დღეს ცნობილია, როგორც ნელსონის სიგნალი. ძალთა თანაფარდობის მიუხედავად ბრძოლა ბრიტანელების ბრწყინვალე გამარჯვებით დაგვირგვინდა. ბრიტანელთა დანაკარგები მცირე იყო, თუმცა ბრძოლის მიწურულს ფლაგმანზე, საპარადო ფორმაში გამოწყობილი ნელსონი მტრის სნაიპერის ტყვიამ შეიწირა.