თავისუფლების მონუმენტი (თბილისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თავისუფლების მონუმენტი.
მონუმენტი განთავსებულია თავისუფლების მოედნის ცენტრში

თავისუფლების მონუმენტიქალაქ თბილისის ცენტრალურ მოედანზე 2006 წლის 23 ნოემბერს აღმართული წმინდა გიორგის ქანდაკება. მონუმენტის საერთო სიმაღლე, მოედნის ნიშნულიდან, 35 მეტრია, აქედან ქანდაკებისა 5,6 მ[1]. ჩამოსხმულია ბრინჯაოში და იწონის 27 ტონას, მის მოოქროვებაზე 2 კგ ოქრო დაიხარჯა. ქანდაკების ავტორია მხატვარი და მოქანდაკე ზურაბ წერეთელი, რომელმაც სკულპტურა ქალაქს საჩუქრად გადასცა, ხოლო მონუმენტის პროექტისა - საპროექტო ორგანიზაცია „დიზაინსტუდია - ზურაბ წერეთელი“[1]. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ქანდაკების გახსნა საგანგებოდ დაემთხვა 23 ნოემბერს - გიორგობის დღესასწაულსა და „ვარდების რევოლუციის“ 3 წლისთავს. მონუმენტის გახსნა საზეიმოდ აღინიშნა კონცერტებით.

მონუმენტს საფუძველი ერთი წლით ადრე, 2005 წლის 23 ნოემბერს საზეიმოდ ჩაეყარა, როდესაც ოთხი ქვეყნის - საქართველოს, რუმინეთის, უკრაინისა და ესტონეთის პრეზიდენტებმა, სპეციალურ კაფსულაში მოთავსებული „თავისუფლების მემორანდუმი“ მონუმენტის საძირკველში მოათავსეს. პრეზიდენტებთან ერთად, მემორანდუმს ხელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ და ადამიანის უფლებების დამცველმა ანატოლი შარანსკიმ მოაწერა. მონუმენტის გახსნა თავიდან 2006 წლის 26 მაისს იგეგმებოდა, თუმცა მშენებლობის გაჭიანურების გამო გადაიდო.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 „დიზაინსტუდია - ზურაბ წერეთელი“, პროექტი: „თავისუფლების მოედანი, სტელა - წმინდა გიორგი“. ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის არქივი, 2005.