შინაარსზე გადასვლა

ზურაბ ჭავჭანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზურაბ ჭავჭანიძე (დ. 25 მაისი, 1953, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი, სპორტსმენი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით.

მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიისა და ოკეანოლოგიის კათედრაზე. მუშაობდა საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სამმართველოში 1979-1980 წლებში, 1980 წლიდან — საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ფიზიკისა და აგრომეტეოროლოგიის კათედრაზე. მუშაობდა აგრეთვე აგროსამრეწველო კომპლექსის მართვის სპეციალურ უმაღლეს სკოლაში ლაბორატორიის გამგედ და არისტოტელეს სახელობის ბერძნულ-ქართულ უნივერსიტეტში პრორექტორად. გამოქვეყნებული აქვს 70 სამეცნიერო ნაშრომი, მისი სამეცნიერო ინტერესების ძირითადი სფეროა ტენის რეჟიმი და მისი რეგულირება მთიან რეგიონებში. შეისწავლა საქართველოში გვალვის ჩამოყალიბების მეტეოროლოგიური პირობები, მათი გეოგრაფიული კანონზომიერებანი, გვალვების მოსალოდნელი განმეორადობა, ნალექების გადანაწილება დახრილ ზედაპირზე, ნიადაგში ტენის რეგულირების პრობლემები. მუშაობს ატმოსფერო-ნიადაგის წყლის ბალანსის პრობლემაზე, კლიმატოლოგიასთან დაკავშირებული ეკოლოგიური სამართლის საკითხებზე. მსახურობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 1995 წლიდან, კითხულობს ლექციების კურსს საქართველოს გეოგრაფიაში, ეკოლოგიაში და ეკოლოგიურ სამართალში. საქართველოს ათლეტიზმის ნაკრები გუნდის უფროსი მწვრთნელია 1985 წლიდან. საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის მიერ აღიარებულია მე-20 საუკუნის საუკეთესო ქართველ მწვრთნელად. ზურაბ ჭავჭანიძე მსოფლიოს 35-გზის ჩემპიონია ათლეტიზმში ვეტერანებს შორის. მინიჭებული აქვს პოლიციის პოლკოვნიკის სპეციალური წოდება.

დაიცვა 1989 წელს საკანდიდატო დისერტაცის თემა — „გვალვებისა და ნალექიანი პერიოდების ფორმირების პირობები და განაწილების ხასიათი საქართველოს ტერიტორიაზე“, ხოლო სადოქტორო დისერტაციის თემა — „მთიანი ტერიტორიის დატენიანების კანონზომიერებანი და ნიადაგის ტენის რეგულირების პრობლემები (საქართველოს მაგალითზე)“ 1994 წელს.

  • 2016 — სპორტის რაინდის წოდება
  • 2003 — ღირსების ორდენი
  • საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე
  • საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
  • გვალვები, უნალექო და ნალექიანი პერიოდები საქართველოში - თბ., მეცნიერება, 1992, გვ. 113 - ISBN 5520014817
  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი - თბ., 2003, გვ. 298-299

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]