ზურაბ ლაბახუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ზურაბ აკაკის ძე ლაბახუა (დ. 4 ნოემბერი, 1938, სოხუმი2004) — აფხაზი სახელმწიფო მოხელე. სკკპ წევრი (1966). საქართველოს დამსახურებული ინჟინერი. საქართველოს სსრ მეთერთმეტე მოწვევის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ასსრ მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა ნ. ლაკობას სახელობის სოხუმის №10 საშუალო სკოლა. 1963 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით; სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია 1980 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ „საქქალაქმშენსახპროექტის“ სოხუმის ფილიალში ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1963-1969 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად; 1969 წლიდან პარტიულ სამუშაოზეა, ჯერ საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების ინსტრუქტორად, შემდგომ კი პარტიის სოხუმის საქალაქო კომიტეტის მდივნად; 1973 წელს არჩეულ იქნა სოხუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; 1975 წელს დაინიშნა აფხაზეთის ასსრ ადგილობრივი მრეწველობის მინისტრად; 1977-1980 წლებში მუშაობდა საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგედ; 1980-1985 წლებში იყო საქართველოს პროფსაბჭოს მდივანი; 1985-1987 წლებში საქართველოს სსრ ნავთობპროდუქტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე; 1988 წლიდან საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1988-1990 წლებში მშენებლობის ერთიანი სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე; 1990 წლის 6 ნოემბრიდან აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებით დაინიშნა აფხაზეთის ასსრ მინსტრათა საბჭოს თავჯდომარის მოადგილედ[1]. 1993 წლიდან მოღვაწეობდა მოსკოვში; მუშაობდა კორპორაცია „მონტაჟსპეცსტროის“ პრეზიდენტის მრჩევლად, „მოსინტერსტროის“ ფირმა „ტვერსკაია 16“-ის გენერალური დირექტორის მოადგილედ, ეროვნულ საქმეთა და ფედერაციულ ურთიერთობათა და დსთ-ის საქმეთა მინისტრის მრჩევლად; ხელმძღვანელობდა „სოიუზნეფტეგაზინვესტის“ კონსორციუმის სამშენებლო კომპლექსს; 1993 წელს იყო აფხაზეთის აღორძინების ფონდ „ფენიქსის“ დამაარსებელი; გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია და ნარკვევი ქართველ და აფხაზ ხალხთა თანამეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე; არაერთგზის იყო არჩეული საქართველოს სსრ და აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოების დეპუტატად. 1994 წელს მოსკოვში გამოსცა წიგნი „საქართველო-აფხაზეთის ომი. ზოგიერთი დოკუმენტები, ინტერვიუ, წერილები, კომენტარები 1992-1993 წწ.“ («Грузино-абхазская война. Некоторые документы, интервью, письма, комментарии 1992 – 1993 гг.»), სადაც მან წარმოადგინა თავისი ხედვები აფხაზეთის ომთან დაკავშირებით. აღნიშნულის გამო აფხაზეთის მთავრობისაგან დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

ჯილდოები და მედლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მედალი „შრომითი მამაცობისთვის“;
  • საპატიო ნიშნის ორდენი;
  • შრომის წითელი დროშის ორდენი;
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება, ქ. სოხუმი, 1990 წლის 6 ნოემბერი