ზემო მაჩხაანის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზემო მაჩხაანის კოშკიარქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ ზემო მაჩხაანში, ბენაანთ უბანში, ბენაშვილების ეზოში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით კოშკი ბოსტაშვილებს ეკუთვნოდათ.

კოშკი გეგმით კვადრატულია (გარეთა ზომები ფუძის დონეზე 6,3x6,3 მეტრია), ზემოთკენ შევიწროებული. შემორჩენილია ხუთი სართულის სიმაღლეზე (სიმაღლე 10,6 მეტრი). დაზიანებულია: ჩამონგრეულია სართულშუა გადახურვები, რომლებიც ხის კოჭებზე ყოფილა გამართული (შემორჩენილია კოჭების საყრდენი ბუდეები), მონგრეულია მეხუთე სართულის კედლების ზედა ნაწილი. სართულის შემორჩენილ კედლებში ნაპრალები და ხვრელებია გაჩენილი.

კოშკი ნაგებია სწორხაზოვან რიგებად დაწყობილი, თანაბარი ზომის რიყის ქვით, კირის დუღაბზე. გარეთა კუთხეები გამოყვანილია კვადრატული აგურით. კედლები ორივე მხრიდან გასწორებულია ბათქაშით.

კოშკის შესასვლელი I სართულის დასავლეთ კედელშია. კარი შეისრული თაღითაა გადახურული. შესასვლელის წირთხლები და თაღი აგურისაა. I სართული საცხოვრებელია, უსათოფურო. სართულის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში ორ-ორი სწორკუთხა ნიშაა. ჩრდილოეთ კედელში, ნიშებს შორის, მოწყობილია გეგმით ნახევარწრიული, შეისრულთაღოვანი ბუხარი. დანარჩენი სართულები სათავდაცვოა. კედლებში გარეთკენ დახრილი, ცალმაგი სათოფურებია გაჭრილი. მეოთხე და მეხუთე სართულების დასავლეთ კედელში თითო განიერი და მაღალი სწორკუთხა ღიობია, რომლებიც ხით ყოფილა გადახურული (შემორჩენილია კვალი). სართულები ერთმანეთს მისადგმელი კიბით უკავშირდებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]