ზედა მუქედის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზედა მუქედის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მუქედში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზედა მუქედის წმინდა გიორგის ეკლესია დიდი ზომის დარბაზული ტაძარია, როგორც გარედან ისე შიგნით ნაგებია რუხი ფერის ქვიშაქვით. საფასადო წყობისათივს გამოყენებულია კარგად გათლილი კვადრები. ეკლესია გეგმით წარმოადგენს სწორკუთხედს აღმოსავლეთით დასრულებულს ფართე, ნახევარწრიული საკურთხევლით. მასში დატანებულია სამი თაღოვანი ნიში. ერთი ნიში საკურთხევლის ცენტრშია. მის აქეთ-იქით კი გაჭრილია ორი, თაღით დასრულებული, მაღალი სარკმელი. საკურთხეველსა და დარბაზს ერთმანეთისგან გამოყოფს ბემა, რომელიც დაფიქსირებულია შიგნით შემოწეული კედლებით. საკურთხევლის მხრებსა და ამ კედლებს შორის სარკმლებია დატანებული. ამათგან სამხრეთისა კედლიანად განგრეულია. გრძივი კედლები დანაწევრებულია ორი წყვილი ქვის პილასტრით, რომელიც დარბაზს პირობითად ყოფს სამ მონაკვეთად. პილასტრები ამავე კედლებში დატანებულ კარის ღიობების გვერდით მდებარეობს. ანალოგიური გადაწყვეტაა დასავლეთი კარისა. ყოველგვარი დეკორის გარეშე. ეკლესიის შიდა გეგმას ზუსტად პასუხობს გარე აბრისი. ფასადებზე კარ-სარკმლები აქცენტირებულია ხისტი ლილვებით. ყველა კარს მიუყვება ტეხილი ლილვი. ყველაზე მეტად აქცენტირებულია სამხრეთი კარის ღიობი. ლილვებს გააჩნიათ სვეტისთავები, ბაზა და მანჟეტები. ტიმპანში გამოსახულია გოლგოთას ჯვარი. არქიტრავის ქვას კი გაუყვება რვიანისებრი ორნამენტის ორი ჰორიზონტალური მწკრივი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10213