შინაარსზე გადასვლა

ზაქარია აგულეცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზაქარია აგულეცი (სომხ. Զաքարիա Ագուլեցի; დ. 26 სექტემბერი, 1630 ― გ. 1691) — სომეხი ვაჭარი, მემატიანე.

ზედწოდება „აგულეცი“ მიიღო მშობლიურ სოფელ აგულისიდან. 17 წლის ასაკიდან ჩაება სავაჭრო საქმიანობაში. იმოგზაურა ამიერკავკასიაში, ირანში, ოსმალეთში, დასავლეთ ევროპაში და შეადგინა „დღიური“, რომელიც 3 ნაწილისაგან შედგება. I ნაწილი შეიცავს ცნობებს აღმოსავლეთ და დასავლეთ სხვადასხვა ქალაქს შორის მანძილისა და მარშრუტების შესახებ. II ნაწილში წარმოდგენილია 1647-1681 წლებში პირადად ნანახი და გაგონილი ამბები; III ნაწილში მოცემულია საკუთარი ოჯახის ბიოგრაფიული ქრონიკა. თხზულება გამოიცა სომხურ (1938) და რუსულ (1939) ენებზე.

საქართველოს შესახებ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაქარია აგულეცის „დღიური“ საყურადღებო ცნობებს შეიცავს XVII საუკუნის თბილისისა და იმდროინდელი საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ქართული ისტორიული წყაროებისგან განსხვავებით, ზაქარია ვახტანგ V-ის ხოშკარში გარდაცვალების თარიღად ასახელებს 1676 წელს. მასთან პირველად ვხვდებით ვახტანგ V-ის მოწამვლის ცნობას. ზოგიერთი ახალი დეტალით ავსებს ჩვენს ცოდნას ვახტანგ V-ის სიკვდილის შემდეგ საქართველოში შექმნილ პოლიტიკუტ სიტუაციაზეც. საყურადღებოა მისი ცნობა დასავლეთ საქართველოში ოსმალთა სამხედრო ექსპედიციაზე არჩილ ვახტანგის ძის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ზაქარიას ცნობები სომხეთში მოღვაწე, შაჰის სამსახურში მყოფი ქართველი ეროვნების მოხელეებზე [მაგ., ერევნის სახანოს ქართვ. მმართველი ზალ-ხანი (1679–85), ცნოს ბატონი ფარსადან-ბეგი და სხვ.], თბილისის ზარაფხანაზე, 1651 წლის 11 აგვისტოს დიდი წყალდიდობის შესახებ თბილისში და სხვ.

  • დღიური, ნაწ. 2–3. ძვ. სომხურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ლ. დავლიანიძემ, თბ., 1979.
  • მელიქსეთ-ბეგი ლ., ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1941.
  • მაისურაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 321.