შინაარსზე გადასვლა

ზადენი (ნასოფლარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზადენი (მრავალმნიშვნელოვანი).

ზადენი — ნასოფლარი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის ჩრდილოეთით, მაღალ გორაზე. მდინარე ოცხის მარცხენა ნაპირზე.

ლეონტი მროველის ტექსტში ჩანართის სახით შეტანილი ცნობით, ანდრია მოციქულმა „...შთავლო ხევი ოძრახისა და მოვიდა საზღუართა სამცხისათა, დაივანა სოფელსა, რომელსა ეწოდების ზადენ-გორა. მიხედნა მოციქულმან და იხილნა კაცნი მის ადგილისანი რამეთუ უზორვიდეს კერპთა ყრუთა, და ილოცა მოციქულმან წმიდისა მის ხატისა მიმართ. და ყოველნი იგი კერპნი დაემხუნეს და შეიმუსრნეს”. 1595 წლის გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით გორა და ზადენი ცალკეული სოფლებია, რომლებიც ირიცხებიან ახალციხის ლივაში, ოძრხის ნაჰიეში.

ამ პერიოდისათვის ზადენში 20 კომლი ქართველი ცხოვრობდა. მათ მოსავალს შეადგენდა ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი და ბოსტნეული. ჰყავდათ ღორი, ცხვარი, ფუტკარი. სოფელი ყოველწლიურად იხდიდა 7 000 ახჩას. ჩილდირის ვილაიეთის ჯაბა დავთარში სოფელი აღარ გვხვდება. სავარაუდოდ 1694-1732 წლებში იგი უკვე გაუკაცრიელებული იყო. 1932–1933 წლებში ზადენის ნასოფლარზე კარგად ჩანდა ერთმანეთის მახლობლად მდებარე ორი უზარმაზარი ქვა, იქვე იყო ოთხ-ოთხი ქვისაგან შედგენილი აკლდამები, ნასახლარები, დიდი ლოდებით დახურული დერეფნები.

  • ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 298.
  • ბოჭორიძე გ., მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში, თბ., 1992.