შინაარსზე გადასვლა

ზაალ ქიქოძე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ზაალ (ზალიკო) ქიქოძე)
ტერმინს „ზაალ ქიქოძე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ზაალ ქიქოძე (რევოლუციონერი).
ზაალ ქიქოძე
დაბადების თარიღი 26 ოქტომბერი, 1948
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 16 ივლისი, 2005
უშბა, სვანეთი
მეუღლე(ები) მარინა თაბუკაშვილი
შვილ(ებ)ი არჩილ ქიქოძე; მარიამ ქიქოძე

ზაალ ქიქოძე (დ. 26 ოქტომბერი, 1948, თბილისი — გ. 16 ივლისი, 2005, უშბა) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, არქეოლოგი, ლექტორი, მთამსვლელი.

ახალგაზრდა ზაალ ქიქოძე მუცოში (ხევსურეთი)

ზაალ ქიქოძე დაიბადა 1948 წლის 26 ოქტომბერს ქალაქ თბილისში. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არქეოლოგიის სპეციალობით. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ 1974 წლამდე მუშაობდა კახეთის არქეოლოგიურ ექსპედიციაში, რომლის ფარგლებშიც, ნატალია პადვიგინასთან და გოგი მინდიაშვილთან ერთად, მიიღო მონაწილეობა ცნობილი წნორის ოქროს ლომის აღმოჩენაში[1].

ზაალ ქიქოძე გამოჩენილ არქეოლოგ ბარბარა აიზეკთან ერთად

1974 წლიდან დაინტერესდა ქვის ხანის არქეოლოგიით. 1970-იანი წლების მიწურულს აქტიურად იყო ჩართული წონის მღვიმის არქეოლოგიური ექსპედიციის საქმიანობაში. 1970-იანი წლების მიწურულს და 1980-იანების დასაწყისში, 3 წლის განმავლობაში, იმაღლებდა კვალიფიკაციას ქალაქ ლენინგრადში. პარალელურად, ამ პერიოდში დაინტერესდა ჯავახეთის მიმართულებით, სადაც ასევე იყო ჩაბმული არქეოლოგიურ საქმიანობაში. ამ პერიოდშივე, ის იყო ერთ-ერთი პირველი არქეოლოგი, რომელმაც გამოიჩინა განსაკუთრებული ყურადღება და ინტერესი დმანისის პრე-ისტორიული ფენების გამოკვლევის მიზნით არქეოლოგიური ექსპედიციის ჩატარების მიმართულებით. ზაალ ქიქოძე თანამშრომლობდა ქვის ხანის არქეოლოგიის ისეთ გამორჩეულ წარმომადგენლებთან, როგორებიც იყვნენ ბარბარა აიზეკი და რიდ ფერინგი და ასევე, ანთროპოლოგ ფილიპ კოლთან.[1][2]

ტრანსკავკასიური რკინიგზის საწინააღმდეგო მოძრაობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980-იან წლებში, არქიტექტორ ლევან კალანდარიშვილთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად, ჩაუდგა სათავეში ტრანსკავკასიური რკინიგზის პროექტის საწინააღმდეგო მოძრაობას, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ისევე როგორც საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე კულტურულ მემკვიდრეობას და ბუნებრივ გარემოს, ასევე ინგუშეთისაც. რკინიგზის გაყვანის საწინააღმდეგო მოძრაობას არაერთი წინაღობის დაძლევა მოუწია საქართველოში და მის მიღმა. ზაალ ქიქოძის და მისი თანამოაზრეების მიერ წარმოებულმა აქტიურმა კამპანიამ შედეგი გამოიღო და საბჭოთა ხელისუფლებამ ხელი აიღო აღნიშნულ პროექტზე.

თბილისის ომის დროს ზაალ ქიქოძე ქალაქის ცენტრში დაჭრილების დახმარებით იყო დაკავებული, ხოლო აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ, რამდენიმე მთამსვლელთან ერთად, ის აფხაზეთიდან გამოქცეული დევნილების, სვანეთის მთებით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის პროცესში იღებდა მონაწილეობას, რომლის დროსაც ხშირად საკუთარი მხრებით გადმოყავდა დევნილები. 1980-იანი წლების მიწურულს და 1990-იანი წლების დასაწყისში წინ აღუდგა ქართული საზოგადოების გარკვეულ სეგმენტებში რადიკალური ეთნო-ნაციონალიზმის გამოვლინებებს. ამ იდეოლოგიას ის არაერთი სიტყვით გამოსვლითა თუ ჩანაწერით აღუდგა წინ. ხშირად ამახვილებდა ყურადღებას საქართველო ეთნო-რელიგიური მრავალფეროვნების ისტორიაზე. ამ მიმართულებით მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩანაწერი გამოქვეყნდა 1990 წლის ნოემბერში, გაზეთ „სახალხო განათლებაში“ სახელწოდებით: „"ქართული გენის", ადამიანისა და კონფორმიზმის შესახებ“.[3] ქიქოძე ემხრობოდა ტერმინ „ერი“-ს ფართო განმარტებას, რომელიც თავის თავში არ მოიცავდა ეთნიკურობის აღმნიშვნელ სემანტიკას. ამავე პერიოდში ის აქტიურად უჭერდა მხარს დიალოგს და ქართულ-აფხაზური თუ ქართულ-ოსური კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას. ამ პერიოდში გამოხატული მისი მიდგომების გამო არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი. ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდგომ აგრძელებდა კომუნიკაციას საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებ ოსებთან და არაერთი სამეცნიერო თუ ჰუმანიტარული ვიზიტი განახორციელა აღნიშნულ ტერიტორიებზე.

ცხოვრების ბოლო წლები და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაალ ქიქოძის ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა 2000-იან წლებშიც გაგრძელდა. განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა საკუთარი კულტურისა და ისტორიის მიმართ თანამედროვე ქართული საზოგადოების აღქმებთან მიმართებით. 2003 წლის ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა:

ვიკიციტატა
„...დღევანდელ ქართველს წარსულთან არაფერი აკავშირებს. ჩვენ საკუთარი კულტურის მომხარებელნიც კი ვერ ვართ.[1]

პარალელურად, ზაალ ქიქოძე აქტიურად განაგრძობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლე ადამიანების სოციო-ეკონომიკური თუ სხვა მიმართულებით დახმარებას. ზაალ ქიქოძე ასევე განაგრძობდა ქვეყნის უცხოელი ვიზიტორების მეგზურობას საქართველოს მთასა თუ ბარში. 2005 წლის ივლისში ერთ-ერთი ასეთი მეგზურობისას, მეგობარ მერაბ ხაბაზთან ერთად, მწვერვალ უშბაზე ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა. ზაალ ქიქოძე 2005 წლის 16 ივლისს გარდაიცვალა. [1]

„პირადად მე ძალიან მიყვარს საზღვრის დარღვევა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი ჰობია.“

თბილისში, მთაწმინდაზე, ზაალ ქიქოძის საცხოვრებელ სახლთან არსებულ ქუჩას მისი სახელი ეწოდა. მწვერვალ უშბის ძირში დამონტაჟდა შალვა ლეჟავას მიერ დამზადებული ზაალ ქიქოძის და მერაბ ხაბაზის ხსოვნის მემორიალური დაფა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 შემდგენელები: მარიამ ქიქოძე, მარინა თაბუკაშვილი, არჩილ ქიქოძე (2006). ზალიკოს საქართველო. თბილისი: პეტიტი. 
  2. არჩილ ქიქოძე. მამაჩემის შესახებ. 1tv.ge.
  3. ზაალ ქიქოძე. ,, ,,ქართული გენის, ადამიანისა და კონფორმიზმის შესახებ.