ვოლოდიმირ ბაკლანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვოლოდიმირ ბაკლანი
Baklank.jpg
ვოლოდიმირ ბაკლანი
ქვეყანა (სპორტი) უკრაინის დროშა უკრაინა
ეროვნება უკრაინელი
დაბადების თარიღი 25 თებერვალი, 1978 (1978-02-25) (44 წლის)
დაბადების ადგილი კიევი, უკრაინის სსრ, სსრკ
წოდება დიდოსტატი (1998)
ფიდე რეიტინგი 2584 (მაისი 2022)
მაქსიმალური რეიტინგი 2656 (ოქტომბერი 2014)
ჯილდოები და პრემიები ღირსების III ხარისხის ორდენი

ვოლოდიმირ ბაკლანი ((უკრ. Володимир Баклан), (ინგლ. Vladimir Baklan) დ. 25 თებერვალი, 1978, კიევი, უკრაინის სსრ, სსრკ) ― უკრაინელი მოჭადრაკე, დიდოსტატი (1998), უკრაინის ორგზის ჩემპიონი 1997 და 1998 წლებში. უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში 2000 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი[1] და 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონი[2]. მუშაობს უკრაინის ჭადრაკის ფედერაციაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვოლოდიმირი 1978 წელს კიევში დაიბადა და ჭადრაკის თამაში ადრეულ ასაკში ისწავლა. 90-იან წლებში, სამშობლოში, იგი ერთ-ერთ საუკეთესო მოჭადრაკედ ითვლებოდა და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. სხვადასხვა დროს სამ ასაკობრივ კატეგორიებში უკრაინის ჩემპიონობა მოიპოვა, 12 წლამდელებში, 14 წლამდელებში და 16 წლამდელებში. 1989 წელს ლენინგრადში სსრკს 12 წლამდლებში გახდა ჩემპიონი. 1992 წელს დუისბურგში მსოფლიოს 14 წლამდელთა ჩემპიონატზე მეხუთე-მეთერთმეტე ადგილები გაინაწილა, ხოლო მომდევნო წელს სომბატჰეიში ევროპის 16 წლამდელებში მეოთხე-მეცხრე ადგილები გაიყო. 1995 წელს ვერდენში ევროპის 18 წლამდელეთა ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო.

ვოლოდიმირი უცხოეთში საერთაშორისო ტურნირებზეც გამოდიოდა, 1995 წელს კაპელ-ლა-გრანდში იმარჯვა, 1997 წელს ბელგიის ღია ჩემპიონატის პრიზიორი გახდა, ხოლო ბუნდესლგაში თავის დაფაზე ინდივიდუალური ვერცხლის მედალი აიღო. მაისში ალუშტაში უკრაინის ჩემპიონატზე ითამაშა, 9 პარტიაში 8 ქულა დააგროვა და 75 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა. უკრაინის ჩემპიონი მომდევნო წელსაც, იმავე ქალაქში გახდა. ბალკანმა 9 პარტიიდან 7 ქულა დააგროვა და პირველზე ლუბომირ მიხალეცთან და ოლეგ ბერეზინთან ერთად გავიდა.

1998 წელს გრონინგენის ტურნირზე პირველ-მეორე ადგილები გაინაწილა. იმავე წელს იუგოსლავიის, ხოლო მომდევნო წელს საფრანგეთის პირველობებზე მედლები აიღო. მსოფლიოს ჩემპიონატის 1998-1999 წლის გათამაშებაზე, დონეცკში, ზონალურ ტურნირზე მოსინჯა ძალები, 1 პარტია მოიგო, 8 ყაიმით დაასრულა, 2 წააგო, 32 მონაწილეს შორის 23-ე ადგილს დასჯერდა და მომდევნო ეტაპზე ვეღარ გადავიდა. 2002 წელს რუსული პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა, ყაზახური კლუბის „რუს ლადიას“ შემადგენლობაში.

2005 წელს სამ ტურნირზე იმარჯვა, თებერვალში ელვისებურ ჭადრაკში ნიდერლანდების ჩემპიონატი[3] და Essent Open მოიგო[4], ოქტომბერში კი ბალაგერის ტურნირზე „X Ciutat de Balaguer IO“, სამ სხვა მოჭადრკესთან ერთად პირველი-მეოთხე ადგილი გაინაწილა[5]. მომდევნო წელს ნარსისო იეპესის მემორიალზე იმარჯვა.

2007 წელს უკრაინის საყოველთაო თამაშები კიევის გუნდს მოაგებინა, იგი პირველ დაფაზე ასპარეზობდა, 7 პარტიიდან 5 ქულა აიღო და ინდივიდუალურ ვერცხლის მედალსაც დაეუფლა. 2008 და 2010 წლებში ევროპის საკლუბო ჩემპიონატებზე ორი გუნდური ბრინჯაოს მედალი მოიგო. 2008-ში კიევის "PVK-ს" შემადგენლობაში სარეზერვო დაფაზე თამაშობდა, ხოლო 2010-ში ჩერნიჰივის "A DAN DZO & PGMB-ში" მესამე დაფაზე. 2009 წელს ხანტი-მანსიისკში ფიდეს მსოფლიოს თასზე იასპარეზა და პირველივე ეტაპზე დაასრულა გამოსვლა. იგი 128 მონაწილეს შორის რეიტინგით 44-ე იყო და დაძაბულ ბრძოლაში ალექსანდრ შაბანოვთან დამარცხდა 3,5:4,5. 2011 წელს Reykjavik Open-ზე პირველ-მეექვსე ადგილები გაიყო[6]. 2018 წლის დეკემბერში კიევში უკრაინის ჩემპიონატზე გამოვიდა. 1 მოიგო, 7 ყაიმით დაასრულა, 1 წააგო, მეექვსე ადგილზე გავიდა და ჩემპიონს ერთი ქულით ჩამორჩა.

ბალკანი უკრაინის ჭადრაკის ფედერაციაში სპორტულ-ტექნიკურ კომისიას ხელმძღვანელობს. კიევში საჭადრაკო ტურნირებს უწევს ორგანიზაციას და მოთამაშის კარიერასაც აგრძელებს.

ვოლოდიმირ ბაკლანი. ვარშავა. 2009 წელი

უკრაინის ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში 2000-2003 წლებში ხუთ დიდ ტურნირზე გამოვიდა, ორ საჭადრაკო ოლიმპიადაზე, ორ ევროპის და ერთ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატებზე. ოლიმპიადაზე ერთხელ გუნდური ბრინჯაო მოიგო, მსოფლიოზე კი გუნდური ოქრო. სულ ნაკრების შემადგენლობაში 38 პარტია ჩაატარა და 22,5 ქულა შესძინა, აქედან 12 მოიგო, 5 წააგო და 21 ყაიმით დაასრულა. შედეგიანობა 59,2%.

წელი ტურნირი ჩატარების ადგილი ქვეყანა დაფა რეიტინგი + = შედეგი % ტურნირის რეიტინგი გუნდური შედეგი პირადი შედეგი
2000 საჭადრაკო ოლიმპიადა სტამბული უკრაინა 3 2611 2 7 0 5,5 з 9 61,1 2622 ბრინჯაო 24
2001 მსოფლიოს ჩემპიონატი ერევანი უკრაინა 3 2590 1 4 1 3 з 6 50 2587 ოქრო 6
2001 ევროპის ჩემპიონატი ლეონი უკრაინა 2 2590 3 2 2 4 з 7 57,1 2565 11 11
2002 საჭადრაკო ოლიმპიადა ბლედი უკრაინა 3 2607 2 6 1 5 з 9 55,6 2571 14 44
2003 ევროპის ჩემპიონატი პლოვდივი უკრაინა 3 2600 4 2 1 4,5 з 7 71,4 2692 5 5

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა უკრაინის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ეროვნული უნივერსიტეტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bartelski, Wojciech. 34th Chess Olympiad: Istanbul 2000. OlimpBase. ციტირების თარიღი: 2009-06-28
  2. Bartelski, Wojciech. 5th World Team Chess Championship: Yerevan 2001. OlimpBase. ციტირების თარიღი: 2009-05-04
  3. Crowther, Mark. (2005-02-21) Dutch Open Blitzchess Championship. London Chess Center. ციტირების თარიღი: 2009-06-28
  4. Harikrishna wins Essent Crown Group. ChessBase (2005-11-02). ციტირების თარიღი: 2009-06-28
  5. Tournament report October 2005: X Ciutat de Balaguer. World Chess Federation. ციტირების თარიღი: 24 November 2009
  6. Reykjavík Open – six players win with 7.0-9 points. ChessBase (2011-03-17). ციტირების თარიღი: 17 March 2011