შინაარსზე გადასვლა

ვოგეზები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვოგეზები
ვოგეზები
ვოგეზები
კოორდინატები: 48° ჩ. გ. 7° ა. გ. / 48° ჩ. გ. 7° ა. გ. / 48; 7
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტერიტორიული ერთეული ელზასი
ლოთარინგია
ფრანშ-კონტე
უმაღლესი წერტილი ბალონ-დე-გებვილერი
სიმაღლე 1423 
სიგრძე 160 კმ
სიგანე 40-50 კმ
ამგებელი ქანები პალეოზოური - მეზოზოური
ვოგეზები — საფრანგეთი
ვოგეზები

ვოგეზები (ფრანგ. Vosges) — მთები საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში. გადაჭიმულია მერიდიანული მიმართულებით 160 კმ-ზე, სიგანე 40-50 კმ. მთავარი მწვერვალია ბალონ-დე-გებვილერი (1423 მ). ვოგეზები იყოფა ორ: სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილად. სამხრეთი ვოგეზების საშუალო სიმაღლეა 950 მ. მთების დასაწყისის სიახლოვეს, ბელფორის გასასვლელის ჩრდილოეთით, აღმართულია მთა ბერენკოპფი (1005 მ). ჩრდილოეთი ვოგეზები შედარებით დაბალია. ვოგეზები სამხრეთით უფრო აწეულია და გრანიტებისგანაა აგებული.[1]

ჩრდილოეთისაკენ ის თანდათან ეშვება და პერმული და ცარცული ქვიშაქვებით არის დაფარული. გრანიტული ვოგეზების მომრგვალებულ გუმბათისებურ მწვერვალებს მთების ჩრდილო ნაწილში ცვლის ქვიშაქვების მაგიდისებური ბაქნები, რომლებშიც ჩაჭრილია ციცაბოკალთებიანი ღრმა ხეობები. ვოგეზების აღმოსავლეთი კალთა ციცაბოდ ეშვება ზემო რაინის დაბლობისაკენ, დასავლეთი კალთა დამრეცია.[2]

ვოგეზები ჰერცინული მასივის ტექტონიკურად აზევებულ გუმბათს წარმოადგენს, რომლის ცენტრალური ნაწილი დაიძირა და მის ადგილზე ზედა რაინის დაბლობის გრაბენი ჩამოყალიბდა. გუმბათის აღმოსავლოეთი გაგრძელებაა შვარცვალდი.[2]

ვოგეზების სამხრეთი ნაწილი აგებულია კრისტალური ქანებით. მწვერვალებზე შემორჩენილია მეოთხეული გამყინვარების კვალი. ჩრდილოეთ ნაწილში ქვიშაქვიანი პლატოებია. კალთები 1200 მ სიმაღლემდე შემოსილია წიფლის, სოჭისა და ნაძვის ტყეებით. განვითარებულია მიწათმოქმედება, სატყეო მეურნეობა. ქვიშაქვიანი ვოგეზები დაფარულია ხშირი ტყით და მეჩხრადაა დასახლებული. მდინარეთა ხეობებში მდელოები და სოფლებია.[1]

ზამთრობით ვოგეზები იფარება თოვლით, რომელიც მთების მწვერვალებზე ხუთი თვის განმავლობაში რჩება. მთავარი ქალაქებია ეპინალი, სენ-დიე.[3]

  1. 1.0 1.1 დობრინინი ბ. დასავლეთი ევროპის ფიზიკური გეოგრაფია. თბილისი, საქ.: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 329 თბ. 1953. 
  2. 2.0 2.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 440.
  3. ვოგეზები — გეოგრაფიული ენციკლოპედია