ვლადიმერ როინიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმერ როინიშვილი
დაბ. თარიღი 7 იანვარი, 1932(1932-01-07)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 7 მარტი, 2016(2016-03-07) (84 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ფიზიკოსი და ინჟინერი
მუშაობის ადგილი ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
ნათესავ(ებ)ი Q17043345?
ჯილდოები ლენინური პრემია

ვლადიმერ როინიშვილი (დ. 7 იანვარი, 1932, თბილისი — გ. 7 მარტი, 2016) — ქართველი ფიზიკოსი, მეცნიერი, ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. ორი წლის განმავლობაში სწავლობდა კონსერვატორიის საორკესტრო ფაკულტეტზე (ჩელო). 1957-1962 წლებში იყო ფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1962-1966 წლებში — უფროსი ინჟინერი. 1966-1969 წლებში — უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1969-1994 წლებში — მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორატორიის გამგე. 1994 წლიდან სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს მრჩეველი. არის 120 სამეცნიერო სტატიისა და ერთი გამოგონების ავტორი.

1970 წელს მიენიჭა ლენინური პრემია გიორგი ჩიქოვანთან ერთად ელემენტარულ ნაწილაკთა სტრიმერული კამერის გამოგონებისათვის.

ვლადიმერ როინიშვილი ერთ–ერთი პირველი საბჭოთა მეცნიერია, მათ შორის, ვინც ჟენევაში მიიწვიეს CERN-ის ექსპერიმენტში მონაწილეობისთვის. ამ ამბავს იგი ასე იხსენებდა: „1957 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა ასპირანტურაში გავაგრძელე, სადაც ჩემი ხელმძღვანელი იყო გიორგი ჩიქოვანი. ჩვენი ჯგუფი, ასევე გიორგი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით, ნაპერწკლოვანი კამერის დეტექტორის პროექტზე მუშაობდა, მაგრამ მოულოდნელად ბატონი გიორგი გარდაიცვალა. CERN-ში, სადაც იგი მოღვაწეობდა, უნდოდათ, რომ მისი საქმე ასევე ქართველ მეცნიერს გაეგრძელებინა, რათა გაგრძელებულიყო CERN-ისა და საქართველოს კავშირი. საბედნიეროდ ეს ქართველი მეცნიერი მე აღმოვჩნდი. მაშინ 37 წლის ვიყავი. ერთწლიანი მუშაობის შემდეგ CERN-მა აღნიშნული ექსპერიმენტი, თავისი დანადგარით პროტვინოს ინსტიტუტში (მოსკოვის ოლქი) გადმოიტანა. მეც იქ გადამიყვანეს“.

საბჭოთა მეცნიერები, ძირითადად, პროტვინოდან ხვდებოდნენ CERN-ში. ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა. ვლადიმერ როინიშვილმა რამდენიმე წელი იმუშავა სერპუხოვის ამაჩქარებელზე, 1972 წელს კი CERN-ის წარმომადგენლები წავიდნენ და თან წაიღეს თავისი დანადგარები. ამის შემდეგ, წლების განმავლობაში, მას CERN-თან აქტიური ურთიერთობა აღარ ჰქონია, თუმცა ზოგიერთ მეცნიერთან პერიოდულად თანამშრომლობდა. 1990-იანი წლებში დაიწყო CERN-თან ურთიერთობის ახალი ეტაპი. ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომლები დღემდე იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ექსპერიმენტში. ერთ-ერთ ექსპერიმენტს, CMS-ს, ვლადიმერ როინიშვილი ხელმძღვანელობდა. ამასთან, იგი იყო ექსპერიმენტ „კოლაიდერის“ და CERN-ის ავტორთა კოლექტივის წევრი. CERN-ში წელიწადში ორჯერ ჩადიოდა, რათა ახალი ხელმძღვანელობის არჩევნებში მიეღო მონაწილეობა ან ინსტიტუტის მუშაობის მიმართულებები განესაზღვრა. თუმცა, მსოფლიო მნიშვნელობის ფიზიკოსი წუხდა იმაზე, რომ შესაძლოა, ცოტა ხანში ქართველ მეცნიერებს CERN-ში მუშაობა ვეღარ გაეგრძელებინათ და ერთ–ერთ ინტერვიუში ავრცელებდა მიმართვას: „ვსარგებლობ შემთხვევით და მივმართავ თანადგომისთვის საქართველოში მეცნიერების განვითარებისათვის პასუხისმგებელ პირებს — სავარაუდოდ LHC–ი და CMS–ი ოცი წლის განმავლობაში იმოქმედებს და საქართველოს მეცნიერთა რამდენიმე თაობა შეძლებს ამ არაჩვეულებრივ დანადგარზე მუშაობასა და კვლევების ჩატარებას ფიზიკის ამ მეტად საინტერესო დარგში. თუმცა ამისთვის აუცლიებელია მიზანდასახული სახსრების გამოყოფა, რათა ჩვენ მოგვეცეს CMS-ში სრულფასოვანი თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობა“ — ითხოვდა ღვაწლმოსილი მეცნიერი.

საკანდიდატო დისერტაცია — „იზოტროპული თვისებების მქონე ტრეკული ნაპერწკლოვანი კამერის მახასიათებლები და მუშაობის მექანიზმი“, დაიცვა 1964 წელს.

სადოქტორო დისერტაცია — „ინკლუზიურ მეზონ-ნუკლონური გამოკვლევა და მეზონური მდგომარეობები რეაქციებში სერპუხოვის ენერგიებზე“ — 1974 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 8 : პედაგოგი — სამეული / მთ. რედ.: ირ. აბაშიძე [და სხვ.]. თბ., [1984], გვ. 423
  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 199

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]