ვილიამსის სინდრომი
ვილიამსის სინდრომი — გენეტიკური დაავადება , რომელსაც თან ახლავს დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნები, ფსიქიკური განვითარების შეფერხება, სწავლის უნარის დაქვეითება და ყურადღების დეფიციტი.
ვილიამის სინდრომის გამომწვევი მიზეზები და დამახასიათებელი ნიშნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარკვეული მიზეზების გამო, ვილიამსის სინდრომის მქონე ადამიანებს არა აქვთ გენეტიკური მასალა მე-7 ქრომოსომაზე , იმ გენის ჩათვლით, რომელიც ცილის ელასტინს ქმნის. ელასტინის გენის ნაკლებობა ვილიამსის სინდრომის ბევრი ფიზიკური მახასიათებლის მიზეზია. დიაგნოზი დგინდება დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის (დნმ) გენეტიკური ანალიზის საფუძველზე.
ვილიამსის სინდრომის ფიზიკური მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამახასიათებელია დაბადებისას მცირე წონა და მისი ნელი ტემპით მატება პირველი წლის განმავლობაში.
- კუნთების დაბალი ტონუსი და საერთო სისუსტე.
- კვების პრობლემა ჩვილობის ასაკში - რაც დაკავშირებულია სახის კუნთების დაბალ ტონუსთან; ბავშვის ზრდასთან ერთად კვების სიძნელე ქრება.
- ხშირია თირკმელთან დაკავშირებული სამედიცინო პრობლემები.
- ჰიპერაკუზია - ზედმეტად გაძლიერებული სმენა; ამის გამო ხმაური და ხმამაღალი ბგერები ბავშვს აშინებს. ეს მდგომარეობა ასაკის მატებასთან ერთად უმჯობესდება.
- ჰიპერკალცემია- სისხლში კალციუმის მოჭარბება, რაც იწვევს ,,ძლიერი ტკივილის,, მსგავს სიმპტომებს და ძლიერ გაღიზიანებადობას. დარღვეულია კალციუმის და ვიტამინების მეტაბოლიზმი.
დამახასიათებელი სახის ნაკვთები:
- პატარა,მაღლა აწეული ცხვირი
- დიდი და მსხვილი ტუჩები,ფართო პირი
- მომცრო ნიკაპი
- შეშუპება თვალების გარშემო
- მომცრო,მეჩხერი კბილები
- ხშირად, განსაკუთრებულად ღია ფერის თვალები
გულ-სისხლძარღოვანი პრობლემები:
- შევიწროებული აორტა
- შევიწროებული ფილტვის არტერიები
ვილიამსის სინდრომის ფსიქოლოგიური მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფსიქიკური განვითარების შეფერხება:გვიან იწყებენ სიარულს და მეტყველებას , გვიან ითვისებენ ყოველდღიური თვითმომსახურების ჩვევებს.
- პრობლემები მსხვილ მოტორიკაში :პრობლემები აქვთ მოძრაობის კოორდინაციაში, წონასწორობაში, კუნთების ძალაში, სხეულის პოზებში.
- პრობლემები წვრილ მოტორიკაში:უჭირთ თასმებისა და ღილების შეკვრა ასევე მაკრატლის,კალმისტრის, ფანქრის ხმარება.
- პრობლემები აქვთ სივრცითი მიმართებების აღქმასა და ცნობაში.
- ახასიათებთ ყურადღების კონცენტრაციის სირთულე;გაფანტულობა.
- აქვთ არამდგრადი ემოციური სფერო,რაც იმას ნიშნავს,რომ სიხარულისას ბავშვი ძალიან იგზნება, ხოლო წყენისას ადვილად ტირის. აშინებს მოულოდნელი სტიმულები. აქვს მიდრეკილება ძლიერი შფოთისადმი.
- მათთვის დამახასიათებელია კარგი ხანგრძლივი მეხსიერება, კარგი მხედველობითი ხანმოკლე მეხსიერება და კარგი მხედველობითი აღქმა.
- ამ სინდრომის მქონე ბავშვები მგრძნობიარეები არიან სხვის განწყობების მიმართ; კარგად იგებენ სხვის ემოციებს; ურთიერთობაში მეგობრულები და გახსნილები არიან.
- ასევე აქვთ კარგი მუსიკალური სმენა.
ზოგიერთ ბავშვს, შეიძლება, დამახასიათებელი თვისებების მინიმუმი ჰქონდეს, ზოგიერთს კი ყველა თვისება მკვეთრად ჰქონდეს გამოხატული.
ვილიამსის სინდრომის გავრცელების სიხშირე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვილიამსისი სინდრომის მქონე პირიდან შთამომავლობაზე ამ სინდრომის გადაცემის რისკი 50%-ია. პოპულაციაში, აღნიშნული სინდრომის გამოვლენის სიხშირე დაბალია: ყოველ 20 000 ახალშობილზე-1 ბავშვი. სინდრომი თანაბრად ვლინდება ორივე სქესში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გ.ბახტაძე;ა.ქისტაური;გ.ბახტაძე; თერაპიული ლექსიკონი-"საქართველო",თბილისი 1991
- თ.გაგოშიძე; ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები-"ნეკერი",თბილისი 2007