ვერხვიანის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვერხვიანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვიანის სამხრეთით, ექვსასიოდე მეტრზე, ვენახებს შორის მდებარე, პატარა ბორცვზე. ადგილობრივი მოსახლეობა ეკლესიას ციხეს უწოდებს.

ეკლესია დარბაზულია, სავარაუდოდ თარიღდება XVI საუკუნით. ნაგებია საშუალო ზომის რიყის ქვითა და კირის ხსნარით. ქვა შერჩეულია და დაწყობილი თანაბარი სიმაღლის, თარაზულ რიგებად. კონსტრანტულ ნაწილებში გამოყენებულია აგური. კედლები გამაგრებული ყოფილა ხის მსხვილი ძეგლებით.

შენობა ძლიერ დაზიანებულია: მთლიანადაა ჩამონგრეული კამარა. დანგრეულია სამხრეთ და დასავლეთ კედლის დიდი ნაწილი. განგრეულია აფსიდის კედლის შუა ნაწილი. შემორჩენილ კედლებს, მიწიდან 2-2,5 მეტრ სიმაღლეზე, გარედან და შიგნიდან, საპირე წყობა ჩამოშლილი აქვს.

შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან ჰქონია. იგი გარედან ჩასმული ყოფილა აგურით გამოყვანილ, საფეხურით შეღრმავებულ, სწორკუთხა არეში, რომლისგანაც მხოლოდ ზედა, მარცხენა ნაწილიღაა შემორჩენილი. ჰქონდა თუ არა ეკლესიას მეორე შესასვლელი არ ჩანს.

აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ორივე გვერდში, სიმეტრიულად, მოწყობილია თითო მაღალი შეისრულთაღოვანი ნიშა. მათი გეგმის მოხაზულობა თითქმის ნახევარწრიულია. თაღები კი, აგურითაა ნაწყობი. აგურითაა ნაწყობი საკურთხევლის სარკმლის თაღიც, რომელიც როგორც შიგნიდან, ისე გარედანაც შეისრულია და გარეთკენ მკვეთრად ვიწროვდება. აფსიდი კონქითაა გადახურული, რომლის ქვედა ნაწილი აგურისა და რიყის ქვის რიგების მონაცვლეობითაა ამოყვანილი, ზედა კი, მთლიანად აგურისაა. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელი და გრძივი კედლების შესაბამისი ბოლოები კონქის ქუსლის დონემდეა შემორჩენილი, რის გამოც კონქი გარედან მთლიანად გაშიშვლებულია და შორიდან გუმბათს წააგავს.

ეკლესიის დარბაზი შემაღლებულ პროპორციებში ყოფილა გადაწყვეტილი. დარბაზის გადამხურავი კამარა დაყრდნობილი ყოფილა საბჯენ თაღზე. საკუთრივ თაღი კი - პილასტრებზე, რომელთა წყობაში აგურიც იყო გამოყენებული. პილასტრის ნაშთი დარბაზის ჩრდილოეთ-დასავლეთ კუთხეშიცაა. ამ უკანასკნელს დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენი თაღი ეყრდნობოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]