ვაგიფ სულთანლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვაგიფ სულთანლი
ვაგიფ სულთანლი.jpg
დაბადების თარიღი 26 მარტი, 1958
დაბადების ადგილი შაჰევენი, ქურდიმირის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ
საქმიანობა მწერალი, ლიტერატურათმცოდნე და მთარგმნელი
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Azerbaijan.svg აზერბაიჯანი
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი რომანი, მოთხრობა და ესე

ვაგიფ სულთანლი (ვაგიფ სულთან ოღლი ვერდიევი; აზერ. Vaqif Sultanlı) — აზერბაიჯანელი პროზაიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, 1994 წლიდან აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1999).[1]

ვაგიფ სულთანლი დაიბადა 1958 წლის 2 მარტს აზერბაიჯანის სსრ-ის ქურდამირის რაიონის სოფელ შაჰსევანში.

დაამთავრა სოფელ ქოჰნაბაზარის საშუალო სკოლა (1964 – 1974). პარალელურად სწავლობდა ქურდამირის რაიონულ მუსიკალურ სკოლაში (1970 – 1975). რაღაც დროის განმავლობაში მუშაობდა მუშად ქურდამირის ელექტროქსელში (1974 – 1976).

1981 წელს წარჩინების დიპლომით დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი, რის შემდეგაც ვ.სულთანლი გააწესეს აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ისმაილლის რაიონის სოფელ კალაჯიგის საშუალო სკოლაში. შემდგომში სწავლა გააგრძელა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ლიტერატურის კათედრის ასპირანტურაში.

დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ხასიათის პრობლემა აზერბაიჯანულ დრამატურგიაში“ (1984). მუშაოდა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლად, უფროსს მასწავლებლად და დოცენტად (1984 – 1991). ამჟამად პროფესორია (1999) უნივერსიტეტის ისტორიის კათედრაზე. 1997 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „მუჰამედ ამინ რასულზადეს ცხოვრება და ლიტერატურული მოღვაწეობა“ (1997). აქტიურად ეწევა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. 1991 წელს დააარსა აზერბაიჯანთმცოდნეთა ასოციაცია და არჩეულ იქნა მის თავმჯდომარედ.

მუშაობდა ლიტერატურული გადაცემების კორესპონდენტად ამერიკული რადიოსადგურების („თავისუფლება“ და „თავისუფალი ევროპა“) აზერბაიჯანულ რედაქციაში (1995 – 1998). გახლდა რამდენიმე ჟურნალის მთავარი რედაქტორი, რომლებიც გამოდიოდნენ პოლონეთში („ხუდაფარინი“, 1995), შვედეთში („არაზი“, 1996 – 1997), აშშ-ში („მსოფლიოს აზერბაიჯანელები“, 2000 – 2012).

თურქული ლიტერატურის ორგანიზაციის („კვიპროსი-ბალკანეთი-ევრაზია“) კავკასიური ბიუროს ხელმძღვანელია. მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციების, სიმპოზიუმებსა და ფორუმების მონაწილე და მომხსენებელია.

ჰასან ბეკ ზარდაბის სახელობის პრემიისა (1995) და თურქული ლიტერატურის ორგანიზაციის („კვიპროსი-ბალკანეთი-ევრაზია“) პრემიის (2002) ლაურეატია. 2014 წელს დაჯილდოვდა ეგვიპტის კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელით.

იყო არჩეული მსოფლიოს აზერბაიჯანელთა კონგრესის საბჭოს წევრად, რომლის ყრილობები ჩატარდა შვედეთში (2001), ნიდერლანდებში (2002), გერმანიაში (2004), ბელგიასა (2008) და დიდ ბრიტანეთში (2010).

2012 წელს დაარსებული საერთაშორისო ეპოსების კვლევების საზოგადოების (ცენტრალური ოფისი მდებარეობს პეკინში) წევრია (The International Society for Epic Studies).

2018 წელს არჩეულ იქნა მწერალთა საერთაშორისო ასოციაციის წევრად, რომელიც მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]