შინაარსზე გადასვლა

ეშერის დოლმენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეშერის დოლმენები — ადრებრინჯაოს ხანის დოლმენების ჯგუფი. მდებარეობს სოხუმის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშერაში, კიურდერეს დასახლებაში.

პირველი დოლმენის ზომებია 2,1 X 2,93 X 3,68 მ. აღმოჩენილია ბრინჯაოს სფერული ღილები, კასრისებური მძივები, სფერული ფორმის საკინძი, სპირალური სამაჯურის ფრაგმენტი და მოწითალო და მოშავო ფერის ჭურჭლის ნატეხები.

მეორე დოლმენი გაძარცულია. მისი ზომები: 2,5 X 2,55 X 2,02 მ. ინვენტარიდან შემორჩენილია ბრინჯაოს შუბისპირი.

მესამე დოლმენის ინვენტარი: ბრინჯაოს ცული, ანკესი, შუბისპირები, მძივები, მოწითალო კეცის ჭურჭელი.

მეოთხე დოლმენში გამოვლინდა სპილენძის ცული, ფირფიტები, კასრისებური და მრგვალი მძივები, საკიდი, სპირალური საყურეები, სფერული ღილები, მოწითალო ფერის ჭურჭლის ფრაგმენტები.

მეხუთე დოლმენში აღმოჩნდა: ბრინჯაოს შუბისპირი, სარტყელი, ბიკონუსური მძივები, საკიდები, თიხის ჭურჭელი.

მეექვსე დოლმენის ინვენტარში შედის ბრინჯაოს შუბისპირი, კაჟის ისრისპირები, თიხის კვირისტავი, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. დოლმენი თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლო პერიოდით.

  • ჯაფარიძე ო., დოლმენური კულტურა საქართველოში, თსუ შრომები, ტ. 77, თბ., 1959

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]