შინაარსზე გადასვლა

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
უწყების შესახებ
შეიქმნა 2006
საიტი
www.sciencelib.ge

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა დაარსდა 1941 წელს, თბილისში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის დაარსებისთანავე და თავდაპირველად ემსახურებოდა მხოლოდ აკადემიის მეცნიერ-თანამშრომლებს. არაერთი რეფორმის შემდეგ, თანამედროვე სახით, 2006 წლიდან განაგრძობს მუშაობას. განახლებული ბიბლიოთეკის პირველი დირექტორი 2006-2021 წლებში ირაკლი ღარიბაშვილი იყო.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა შეიქმნა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის დაარსებისთანავე 1941 წელს და თავდაპირველად ემსახურებოდა მხოლოდ აკადემიის მეცნიერ-თანამშრომლებს. გარდა ამისა, ფუნქციონირებდა აკადემიის სისტემაში შემავალ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებთან არსებული ბიბლიოთეკები. აკადემიის ზრდასთან ერთად დაისვა ფუნდამენტალური ბიბლიოთეკის შექმნის საკითხი, რაც 1945 წელს დადებითად გადაწყდა.

1949 წელს ბიბლიოთეკას სათავეში ჩაუდგა ვ. უზნაძე, რომლის ბიბლიოთეკის შიდა სტრუქტურის ჩამოყალიბება მოახერხა. ამ დროისათვის ბიბლიოთეკის წიგნების ფონდი უკვე 400 000 ბეჭდურ ერთეულს შეიცავდა. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცეოდა უცხოეთში გამოცემული ქართველოლოგიური ლიტერატურისა და საზღვარგარეთის ძველი კულტურული კერების სიძველეთსაცავებში დაცული ქართული ხელნაწერების მიკროფილმების მიღებას საერთაშორისო წიგნთგაცვლით. საქმიანი კონტაქტები ბიბლიოთეკას საზღვარგარეთის 60–ზე მეტი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიასთან,ბიბლიოთეკასთან და მუზეუმთან ჰქონდა დამყარებული. სხვადასხვა დროს ბიბლიოთეკამ ანდერძით ან შესყიდვით მიიღო ცნობილი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების – ექვთიმე თაყაიშვილის, ვუკოლ ბერიძის, ს. ნარიკაშვილის, ვ. ვორონინის, ა. ბაიკოვის, მ. პოლიევქტოვის, გ. ლომთათიძის, ნ.ლორთქიფანიძის, ძმები ი. და ვ. ასლანიშვილების და სხვ. – პირადი ბიბლიოთეკები. პოეტმა-აკადემიკოსმა იოსებ გრიშაშვილმა სახელმწიფოს უანდერძა ასიათასტომიანი ბიბლიოთეკა-მუზეუმი, რომელიც მრავალ იშვიათ გამოცემას შეიცავს. იოსებ გრიშაშვილის სახლ-მუზეუმიც დღეს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შემადგენლობაშია.

ბიბლიოთეკის შენობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოთეკა დაარსებიდან ფართობის მხრივ სივიწროვეს განიცდიდა, რადგან აკადემიის პრეზიდიუმის შენობაში იყო განთავსებული. ამიტომ გადაწყდა (რაშიც დიდი წვლილი სწორედ ვ. უზნაძესაც მიუძღოდა) საბურთალოზე, ცირკის მოპირდაპირე მხარეს, აკადემქალაქის (სადაც იმ დროისათვის უკვე რამდენიმე სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი იყო განლაგებული) ულამაზეს ტერიტორიაზე, საგანგებოდ აგებულიყო სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობა, რაც 1970 წლისთვის განხორციელდა (არქიტექტორები გ. ლეჟავა და ი. ლიბერმანი). დღესდღეობით ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა მდებარეობს სწორედ ამ კაპიტალურ ხუთსართულიან ნათელ შენობაში (მ. ალექსიძის ქ. 1–4) ,რომელიც ისეა აგებული, რომ მკითხველს მომსახურების მხრივ მაქსიმალური კომფორტი შეექმნას.ბიბლიოთეკას აქვს 90-მდე სამუშაო ოთახი, საერთო სამკითხველო დარბაზი 200 კაცისათვის, 6 დარგობრივი სამკითხველო დარბაზი თავის დამხმარე წიგნობრივი ფონდით. შენობის საერთო ფართობი 10000 მ²–ია, ეზოსი კი – 1,25 ჰა.

ფონდები, სტრუქტურა და საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ბიბლიოთეკის და გ. მიქელაძის სახელობის სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკის (კოსტავას ქ. 47) გაერთიანების შედეგად ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ იურიდიულ პირად. კოსტავას ქუჩა 47–ში ფონდის ძირითადი ნაწილი პატენტებია – 20 მლნ. ერთეული, სტანდარტები, სამეცნიერო-ტექნიკური შრომები, კატალოგები და ა.შ.

ამჟამად ს. ს. ი. პ. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა (ასე ჟღერს მისი სრული სახელწოდება) საქართველოს ერთ-ერთი დიდი ბიბლიოთეკაა, რომლის წიგნების ფონდი 3,5 მილიონს აღწევს, აქედან 600 ათასზე მეტი უცხოური გამოცემაა. აქ დაცულია არაერთი მეცნიერისა თუ საზოგადო მოღვაწის პირადი ბიბლიოთეკა, აგრეთვე, მრავალი რარიტეტული გამოცემა, მათ შორის ისეთებიც, რომელთა მხოლოდ ერთადერთი ეგზემპლარია შემორჩენილი. ვატიკანის ბიბლიოთეკიდან მიღებულია ვ. კორბოს წიგნი, რომელშიც აღწერილია V-VI სს. ქართული მონასტრის ნაშთები; ოქსფორდის უნივერსიტეტიდან მიღებულია X საუკუნის ხელნაწერის – ბრეთის სახარების მიკროფილმი; აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკიდან მიღებულია IX-XI საუკუნეების სინური და იერუსალიმური ქართული ხელნაწერების მიკროფილმები. ბიბლიოთეკის ფონდში ინახება "ვეფხისტყაოსანი"ს ყველა ქართული გამოცემა და თარგმანი და ბევრი სხვა უნიკალური გამოცემა.

1996 წელს ბიბლიოთეკამ მოიპოვა ევრაზიის გრანტი, რამაც მას საშუალება მისცა კიდევ უფრო გაემდიდრებინა წიგნადი ფონდი უცხოენოვანი სამეცნიერო ლიტერატურით.

ბიბლიოთეკაში ინტენსიურად ინერგება უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიები, სამკითხველო დარბაზები აღიჭურვა ქსეროქსებით, მიკროფირების საკითხავი აპარატურით, საპროექციო და აუდიო-ვიდეო აპარატურით, ასევე ფართოვდება ინტერნეტის ქსელი, რაც მაქსიმალურად უწყობს ხელს მკითხველის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, აძლევს მას საშუალებას გაეცნოს უცხოურ მოწინავე სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებს ელექტრონული კატალოგის მეშვეობით.

ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს ბიბლიოგრაფიის, დაკომპლექტების, დამუშავების, აბონენტთა მომსახურების, ჰიგიენისა და რესტავრაციის განყოფილებები, საამკინძაო სახელოსნო, ფოტოლაბორატორია. ბიბლიოთეკაში ჩამოყალიბდა ისეთი ახალი სტრუქტურები, როგორიცაა სამეცნიერო ინფორმაციის ანალიზის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ელექტრონული რესურსებით მომსახურების, სამეცნიერო–ტექნიკური თარგმანის ჯგუფები. 2007 წელს ბიბლიოთეკაში შეიქმნა უსინათლოთა მომსახურების ცენტრი, სადაც უსინათლო პირებს შეუძლიათ ისარგებლონ ე.წ. „ხმოვანი“ კომპიუტერით.

ბიბლიოთეკას აქვს გამოწერილი ისეთი ცნობილი გამომცემლობების მონაცემთა ბაზები, როგორიცაა კემბრიჯის, ოქსფორდის უნივერსიტეტების ჟურნალები, ასევე ამერიკის ფიზიკის საზოგადოების ჟურნალები და სხვ.

ბიბლიოთეკაში ხშირად იმართება სამეცნიერო სიმპოზიუმები, საღამოები, ტარდება სემინარები და სპეციალური კურსები (მათ შორის საქართველოს სხვა სამეცნიერო ბიბლიოთეკების თანამშრომელთა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის), სამეცნიერო ლიტერატურის გამოფენა–გაყიდვები, რომლებსაც ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.

საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას მჭიდრო კავშირები აქვს სხვადასხვა ქვეყნის, კერძოდ, ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, შვედეთის, ინგლისის, აშშ–ს, უკრაინის, რუსეთის, პოლონეთის, ლატვიის, ლიტვის და ა. შ. წამყვან სამეცნიერო დაწესებულებებთან და ბიბლიოთეკებთან. ფართოდაა დანერგილი საქართველოსა და ამ ქვეყნების შორის წიგნებისა და პერიოდული გამოცემების გაცვლა–გამოცვლისა და სამუშაო გამოცდილების ურთიერთგაზიარების პრაქტიკა.

განახლებული ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პირველი დირექტორი 2006-2021 წლებში (გარდაცვალებამდე) ირაკლი ღარიბაშვილი იყო.

  • უზნაძე ვ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა.– თბილისი:"მეცნიერება",1965.– 115 გვ.
  • ზაალიშვილი მ.,ფირცხალავა ნ.60 წელი მეცნიერების სამსახურში//საქართველოს ბიბლიოთეკა.– 2000.– № 1.– გვ.22–24.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]