ენ ასქიუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენ ასქიუ
მშობლიური სახელი ინგლ. Anne Askew
დაბადების თარიღი 1521
ლინკოლნშირი, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 16 ივლისი, 1546
სმიტფილდი, სიტი, ინგლისი
საქმიანობა პოეტი, მწერალი, მქადაგებელი
რელიგია პროტესტანტიზმი
მეუღლე(ები) თომას კაიმი
შვილ(ებ)ი 2 შვილი
მშობლები მამა: უილიამ ასქიუ
ენ ასქიუს ცოცხლად დაწვის ილუსტრაცია

ენ ასქიუ (ინგლ. Anne Askew; დ. 1521 - გ. 16 ივლისი, 1546) — ინგლისელი მწერალი, პოეტი და პროტესტანტი მოწამე, რომელიც დაწვეს კოცონზე ერესის გამო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენ ასქიუ დაიბადა 1521 წელს ლინკოლნშირში. მამისი უილიამ ასქიუ, იყო მდიდარი მიწის მესაკუთრე, რომელიც მსახურობდა მეფე ჰენრი VIII ტიუდორის სასამართლოში. იგი ისტორიაში შევიდა, როგორც ანა ბოლეინის სასამართლო პროცესის ერთ-ერთი ნაფიცი მსაჯული. ენი ხუთი შვილიდან მეოთხე იყო. ორი ალალი ძმისა და ორი ალალი დის გარდა, მას ორი ნახევარძმაც ჰყავდა. იგი ასევე დაკავშირებული იყო რობერტ ასკესთან, მეფის წინააღმდეგ წმინდა მომლოცველთა აჯანყების ლიდერთან[1]. უილიამ ასქიუ გეგმავდა თავისი უფროსი ქალიშვილის, მართას, თომას კაიმზე დაქორწინებას. თუმცა მართა ქორწილამდე გარდაიცვალა. მაშინ მამამ გადაწყვიტა ენის დაქორწინება თომასზე, რათა ნიშნობისგან მიღებული ფული შეენარჩუნებინა. ენი მაშინ 15 წლის იყო.

ენი იყო ერთგული პროტესტანტი, რომელიც კითხულობდა ბიბლიას, იმახსოვრებდა მონაკვეთებს და მთელი ცხოვრება პროტესტანტიზმის ერთგული დარჩა. ენის ქმარი კათოლიკე იყო და მათთვის რთული იყო ერთმანეთთან ურთიერთობა. ენმა ორი შვილი გააჩინა, სანამ ქმარი რელიგიური რწმენის გამო სახლიდან გააგდებდა მას. თუმცა, უცნობია, შეძლეს თუ არა ბავშვებმა გადარჩენა და გაზრდა. ენის არც ერთი თანამედროვე არ ახსენებს მათ. სანამ თომასი ენს სახლიდან გააგდებდა, ასქიუ განქორწინებას ცდილობდა[2].

უსახლკაროდ დარჩენის შემდეგ ენი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. იქ ის შეხვდა სხვა პროტესტანტებს და განაგრძო ბიბლიის შესწავლა. მან ქმრის სახელის ნაცვლად ქალიშვილობის სახელის გამოყენება ამჯობინა. ლონდონში ყოფნისას ენი მქადაგებელი გახდა.

1545 წლის მარტში, ქმრის ბრძანებით, ასქიუ დააპატიმრეს და დააბრუნეს ლინკოლნშირში. თომასმა მოითხოვა, რომ ქალი სახლში დარჩენილიყო, მაგრამ ენი გაექცა მას და დაბრუნდა ლონდონში ქადაგების გასაგრძელებლად.

1545 წლის 10 მარტს ენ ასქიუ დააპატიმრეს. გამოძიების დაწყებამდე იგი წარდგა კომისიის წინაშე. ამის შემდეგ იგი ლონდონის ეპისკოპოსმა ედმუნდ ბონერმა დაკითხა. მან ბრძანა ენის 12 დღით პატიმრობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი უარს ამბობდა რაიმეს მონანიებაზე. რამდენიმე ხნის შემდეგ ის გირაოს სანაცვლოდ გამოიყვანეს.

1546 წლის 19 ივნისს ასქიუ კვლავ დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. მომდევნო ორი დღის განმავლობაში ის დაკითხეს ჯონ დადლიმ, სტივენ გარდინერმა, თომას რისლიმ (კანცლერი) და უილიამ პეჯეტმა (მეფის მთავარი მდივანი). მათ ის სიკვდილით დასჯით შეაშინეს, მაგრამ მან უარი თქვა ერესის აღიარებასა და მისი პროტესტანტი ნაცნობების სახელების დასახელებაზე. ენი აწამეს. წამების შემდეგ მას უკვე აღარ შეეძლო დამოუკიდებლად სიარული. ესქიუს არც ერთი სახელი არ უხსენებია და ის საკანში დააბრუნეს.

1546 წლის 16 ივლისს, 26 წლის ასაკში, ენ ასქიუ კოცონზე დაწვეს[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]