ენცეფალოპათია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ენცეფალოპათია
კლასიფიცირება და გარე წყაროები
დარგი ნევროლოგია, ფსიქიატრია
ICD-10 G92., G93.7, G93.8
ICD-9 348.30
MeSH D001927

ენცეფალოპათიათავის ტვინის დიფუზური დაზიანების სინდრომია. მას ზოგჯერ ფსევდოენცეფალიტსაც უწოდებენ. ენცეფალოპათია წარმოდგება ორი სიტყვისაგან: ანატომიურად „ენცეფალონ“ ნიშნავს ტვინს, ბერძნულად „პათოს“ - ტანჯვას, დაავადებას. ჩვეულებრივ, თავის ტვინის დიფუზურ დაზიანებას ტვინის ქსოვილის იშემია (სისხლმომარაგების დარღვევა) და ჰიპოქსია (ჟანგბადოვანი შიმშილი) განაპირობებს. შედეგად სხვადასხვა დაავადება და პათოლოგიური მდგომარეობა ვითარდება, რომელთა გამოც ნერვული უჯრედები (ნეირონები) იღუპება.

განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ ენცეფალოპათიებს.

თანდაყოლილი ენცეფალოპათიები შეიძლება განპირობებული იყოს მეტაბოლიზმის გენეტიკური დეფექტებით, თავის ტვინის განვითარების ანომალიებით, უკავშირდებოდეს პერინატალურ (მუცლადყოფნის) პერიოდში დამაზიანებელ ფაქტორთა ზემოქმედებას, მაგალითად, თავის ტვინის ჰიპოქსიას და ქალასშიდა სამშობიარო ტრავმას.

შეძენილი ენცეფალოპათიები აღმოცენდება პოსტნატარულ (დაბადების შემდგომ) პერიოდში თავის ტვინზე დამაზიანებელ ფაქტორთა ზემოქმედებით. გამომწვევ მიზეზსა (ეტიოლოგიასა) და პათოგენეზზე დამოკიდებულებით განასხვავებენ შეძენილი ენცეფალოპათიების რამდენიმე ჯგუფს:

  • პოსტტრავმულს - რომელიც, ფაქტობრივად, ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი, მოგვიანებითი შედეგია;
  • ტოქსიკურს - რომელიც განპირობებულია ნეიროტროპული ნივთიერებების (ეთილის სპირტი, ქლოროფილი, ბარბიტურატები, ტყვია და სხვა) სისტემატური ზემოქმედებით (მაგალითად, ალკოჰოლური ენცეფალოპათია, სხვადასხვა სახის მოწამვლები), ასევე ბაქტერიული ტოქსინების დამაზიანებელი გავლენით (მაგალითად, ბოტულიზმის, დიფთერიის, ტეტანუსის დროს და სხვა);
  • სხივურს - რომელიც გამოწვეულია შინაგან ორგანოთა დაავადებების დროს განვითარებული მეტაბოლური დარღვევებით. მაგალითად, ღვიძლის დაავადებათა დროს, რომელთაც ახლავს ჰეპატოციტების (ღვიძლის უჯრედების) ნეკროზი და ღვიძლის სისხლძარღვოვანი სისტემის ცვლილებები. ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებელყოფა ღვიძლის მიერ ვეღარ წარმოებს, შესაბამისად, სისხლის მიმოქცევის დიდი წრეში მოხვედრისას შემდეგ ეს მავნე ნივთიერებები ტოქსიკურად მოქმედებენ თავის ტვინზე და იწვევენ ღვიძლისმიერ ენცეფალოპათიას. მეტაბოლურ ენცეფალოპათიას მიეკუთვნება აგრეთვე თირკმლების პათოლოგიასთან, ურემიასთან (ურემიული ენცეფალოპათია) დაკავშირებული თავის ტვინის დაზიანებანი, აგრეთვე პოსტდიალიზური დემენცია და დიალიზური დისბალანსის სინდრომი. კუჭქვეშა ჯირკვლის პათოლოგიასთან დაკავშირებულია პანკრეასული ენცეფალოპათია, რომელიც უხშირესად მწვავე პანკრეატიტის გართულების სახით აღმოცენდება, ასევე ჰიპოგლიკემიური, ჰიპეროსმოსური და ჰიპერგლიკემიური ენცეფალოპათიები.
  • სისხლძარღვოვანს - რომელიც განპირობებულია თავის ტვინის სისხლით მომარაგების ქრონიკული დარღვევით. დისცირკულატორული ენცეფალოპათია შეიძლება განვითარდეს თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის (ათეროსკლეროზული ენცეფალოპათია), ჰიპერტონიული დაავადების (ჰიპერტონიული ენცეფალოპათია), ვენური ნაკადის შეფერხების (ვენური ენცეფალოპათია) დროს. მწვავე ჰიპერტონიული ენცეფალოპათია ვითარდება ჰიპერტონიული დაავადების ავთვისებიანი მიმდინარეობის დროს შეინიშნება. მეტაბოლური ენცეფალოპოათია მწვავედ მიმდინარეობს ფილტვის ვენტილაციის, სისხლის მიმოქცევის, ქსოვილოვანი ცვლის დარღვევებით გამოწვეული ჰიპოქსიის (ჟანგბადოვანი შიმშილის) დროს. მაგალითად, არტერიული წნევის ხანგრძლივად დაქვეითებისას გულსა და მსხვილ სისხლძარღვებზე მიმდინარე ოპერაციების დროს. ჰიპოქსიური ენცეფალოპათიის მაგალითია აგრეთვე პოსტრეანიმაციული ენცეფალოპათია.

ენცეფალოპათია შესაძლოა განვითარდეს ორგანიზმში წყლის შეკავებისას, ოსმოსური წნევის დაქვეითებისა და ჰიპონატრიემიის (სისხლში ნატრიუმის დაბალი შემცველობა) დროს, რომელიც ანტიდიურეზული ჰორმონის მოჭარბებული გამოყოფის შედეგად წარმოიქმნება სხვადასხვა სიმსივნური პათოლოგიის, ტრავმების, სისხლდენების, ფილტვის დაავადებების დროს. ჰიპერთერმიით გამოწვეული ენცეფალოპათიის დროს აღინიშნება ჰიპოთალამუსის (თავის ტვინის სტრუქტურაა) დისფუნქცია შემდგომი მეტაბოლური დარღვევებით.

ნებისმიერი სახის ენცეფალოპათიის განვითარების მექანიზმს უხშირესად საფუძვლად უდევს თავის ტვინის ჰიპოქსია, რომელიც, თავის მხრივ, გამოწვეულია თავის ტვინის სისხლმომარაგების გაუარესებით, ვენური სისხლსავსეობით, შეშუპებით, თავის ტვინზე ენდოგენური თუ ეგზოგენური ტოქსინების ზემოქმედებით, ტვინის ქსოვილის მეტაბოლურ დარღვევათა გაღრმავებით. მსგავსი პათოგენეზური მექანიზმების არსებობა სხვადასხვა სახის ენცეფალოპათიების დროს (სპეციფიკურ სიმპტომებთან ერთად) იწვევს დაახლოებით ერთგვარ მორფოლოგიურ ცვლილებებს თავის ტვინში. ესენია: თავის ტვინის დიფუზური ატროფია, ნეირონთა რაოდენობის შემცირებითა და დეგენერაციული ხასიათის ცვლილებებით მათში, ნეკროზის წვრილი კერები, თავის ტვინის თეთრი ნივთიერების დემიელინიზაცია გლიურ უჯრედთა პროლიფერაციასთან ერთად, თავის ტვინის შეშუპება, მიკროჰემორაგიები (სისხლჩაქცევები) თავის ტვინში, ზოგჯერ სისხლის სტაზის (შეგუბების) ნიშნებით, თავის ტვინის გარსების შეშუპება და სისხლსავსეობა. სხვადასხვა სახის ენცეფალოპათიების დროს დამახასიათებელ თავისებურებებს ქმნის დაზიანებათა სპეციფიკური გამოხატულება და უპირატესი ლოკალიზაცია ტვინის თეთრ ან რუხ ნივთიერებაში, აგრეთვე ტვინის სისხლმომარაგების დარღვევის შესაბამისი ხარისხი.

სიმპტომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენცეფალოპათიები კლინიკურად განსხვავებულად გამოიხატება. მათი ადრეული ნიშანია გონებრივი შრომისუნარიანობისა და მეხსიერების დაქვეითება, ძილის დარღვევა, მოდუნებულობა დღისით, ზოგადი დაღლილობა და სისუსტე. პაციენტები ხშირად უჩივიან დიფუზურ თავის ტკივილს, ხმაურს ყურებში, ზოგად სისუსტეს, გუნება-განწყობის არამდგრადობას, გაღიზიანებადობას. ნევროლოგიური შემოწმებისას შეიძლება გამოვლინდეს ნისტაგმი (მხედველობის გაორება), სმენისა და მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, კუნთოვანი ტონუსისა და მყესთა რეფლექსების მომატება, პათოლოგიური პირამიდული და ორალური რეფლექსების არსებობა, კოორდინაციის დარღვევა, ვეგეტატიური ცვლილებები. აღნიშნული სიმპტომები და დარღვევები შესაძლოა პროგრესირებდეს ძირითადი დაავადების (რომელსაც თან ახლავს ენცეფალოპათია) განვითარებისდა კვალად. ასეთ შემთხვევებში მოგვიანებით სტადიებზე ვლინდება მკვეთრად გამოხატული ნევროლოგიური სინდრომები: მაგალითად, პარკინსონის, ფსევდობულბური. პაციენტთა ნაწილს შესაძლოა ფსიქიკის დარღვევებიც გამოუვლინდეს.

თავის ტვინის მძიმე, გენერალიზებული დაზიანების დროს, როდესაც აღინიშნება მიკროცირკულაციის მნიშვნელოვანი დარღვევა და თავის ტვინის შეშუპება, ენცეფალოპათიის კლინიკური სურათი მწვავედ ვითარდება: პაციენტს აღენიშნება ზოგადი მოუსვენრობა, ძლიერი თავის ტკივილი, უხშირესად კეფის არეში, გულისრევა, ღებინება, მხედველობის დარღვევა, თავბრუხვევა, რყევა-რხევა, ზოგჯერ მტევნის თითების ბოლოების, ცხვირის, ტუჩებისა და ენის დაბუჟება. მოუსვენრობიას მოგვიანებით მოდუნებულობა და სისუსტე ენაცვლება, ზოგჯერ ვლინდება ცნობიერების დაბინდვა. მწვავე ღვიძლისმიერი, თირკმლისმიერი და პანკრეასული ენცეფალოპათიების დროს არცთუ იშვიათად ვითარდება ცნობიერების დარღვევა და გულყრის შეტევები. ენცეფალოპათიის მწვავე განვითარება ინტენსიურ თავის ტკივილთან, გულისრევასთან, ღებინებასთან, ნისტაგმთან, პარეზებთან, ფსიქიკურ დარღვევებთან, იშვიათად კრუნჩხვებთან ერთად, შეინიშნება ფილტვის არტერიის ემბოლიის, ინფრაქტული პნევმონიის, ცალკეულ შემთხვევებში კი ქრონიკული პნევმონიის გამწვავების დროს.

დიაგნოსტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენცეფალოპათიის დიაგნოსტიკისა და მისი განსაზღვრისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ანამნეზს. სპეციალისტები საგულდაგულოდ არკვევენ, აღენიშნება თუ არა პაციენტს: პერინატალური პათოლოგია, ინტოქსიკაცია, ქალა-ტვინის ტრავმა, მეტაბოლიზმის თანდაყოლილი ან შეძენილი დარღვევები, გამოხატული ათეროსკლეროზი, ჰიპერტონიული დაავადება, ფილტვის, თირკმლების, პანკრეასისა და ღვიძლის დაავადებები, მაიონიზებელი გამოსხივების ზემოქმედება.

ელექტროენცეფალოგრაფიული (ეგგ) რეგისტრირდება ძირითადი რიტმების დეზორგანიზაცია, ვლინდება პათოლოგიური ნელი ტალღები, ეპილეფსიური აქტივობა. კომპიუტერულ-ტომოგრაფიული და მაგნიტურ-რეზონანსული კომპიუტერული კვლევისას ვლინდება თავის ტვინის დიფუზური დაზიანების ნიშნები: პარკუჭებისა და სუბარაქნოიდული სივრცის გაგანიერება, ტვინის ხვეულების გაღრმავება. სისხლის, შარდის, ცერებროსპინალური (თავ-ზურგტვინის) სითხის ბიოქიმიური ანალიზი, ტოქსიკურ ნივთიერებათა გამოვლენა აზუსტებს ენცეფალოპათიის ეტიოლოგიასა და პათოგენეზს.

ენცეფალოპათიის ფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამომწვევ მიზეზსა (ეტიოლოგიასა) და პათოგენეზზე დამოკიდებულებით განასხვავებენ ენცეფალოპათიების რამდენიმე ჯგუფს. თითოეული მათგანი დაავადების სხვადასხვა ფორმას აერთიანებს. გთავაზობთ ენცეფალოპათიის ყველაზე გავრცელებული ფორმების მოკლე დახასიათებას.

ალკოჰოლური ენცეფალოპათია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალკოჰოლური ენცეფალოპათია ალკოჰოლური ფსიქოზის მძიმე ფორმაა. ის ძირითადად ალკოჰოლიზმის მესამე სტადიაზე ვითარდება. არსობრივად ეს არის ჯგუფი რამდენიმე დაავადებისა, რომლებიც კლინიკური სურათითა და გამომწვევი მიზეზებით ემსგავსებიან ერთმაენთს. ალკოჰოლური ენცეფალოპათია ხასიათდება მძიმე ნევროლოგიური და სომატური გამოვლინებებით.

დაავადების განვითარებისა და მიმდინარეობის სიჩქარეზე დამოკიდებულებით განასხვავებენ ალკოჰოლური ენცეფალოპათიის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. ძალიან ხშირად ალკოჰოლური ენცეფალოპათიის მქონე პირებს ანამნეზში აღენიშნებათ სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სუროგატების ბოროტად გამოყენება. ეს პირები უწინ სხვებზე ხშირად მოხვედრილან ტოქსიკოლოგიურ ან ნარკოლოგიურ განყოფილებაში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის (მოწამვლის) გამო. ამ კატეგორიის პრაქტიკულად ყველა პაციენტს აღენიშნება შინაგანი ორგანოების ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პათოლოგია. ხშირად ენცეფალოპათიის კლინიკურად გამოვლენას წინ უძღვის მრავალდღიანი ან მრავალთვიანი თრობა. არცთუ იშვიათად დაავადება ვლინდება გაზაფხულის პერიოდში, როდესაც ყველა ვიტამინის ნაკლებობა შეინიშნება. ამ მდგომარეობას აღრმავებს ისიც, რომ ლოთობის (გაბმით სმის) ფონზე ავადმყოფები პრაქტიკულად არ იღებენ საკვებს. მეტიც, მათ საკვებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება (განრიდება) უვითარდებათ, რასაც თან ახლავს გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, ბოყინი, ტკივილი მუცლის არეში. ხშირია ყაბზობა, რომელსაც ფაღარათი ცვლის. შედეგად პაციენტები კატასტროფულად იკლებენ წონას.

მათთვის დამახასიათებელია:

  • ძილის დარღვევა (ვერ იძინებენ ვერც ღამით და ვერც დღისით);
  • პარესთეზია (სხეულის სხვადასხვა უბანზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება);
  • ქვედა კიდურების კრუნჩხვა;
  • ზოგადი სისუსტე;
  • მოძრაობათა კოორდინაციის დარღვევა;
  • თავბრუხვევა;
  • მთელი სხეულის კანკალი;
  • ცხელება, რომელიც უმეტესად ღამღამობით ვითარდება შეტევისებურად, ან კიდევ წამოხურება ოფლიანობით;
  • გულისცემის აჩქარება;
  • ჰაერის უკმარისობა;
  • უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში;
  • სხეულის ცალკეულ ნაწილებში სიცივისა და მტვრევის შეგრძნება, დაბუჟება და ტკივილი.

დისცირკულატორული ენცეფალოპათია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისცირკულატორული ენცეფალოპათია ტვინის ქსოვილის პროგრესირებად ორგანულ ცვლილებათა ერთობლიობაა, რომელიც ტვინის სისხლით მომარაგების სხვადასხვა ტიპის დარღვევის გამო ვითარდება. განასხვავებენ ათეროსკლეროზულ, ჰიპერტონიულ, შერეულ (ათეროსკლეროზი და არტერიული ჰიპერტენზია) და ვენურ ენცეფალოპათიებს.

დისცირკულატორული ათეროსკლეროზული ენცეფალოპათია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაზე ხშირად გვხვდება დისცირკულატორული ათეროსკლეროზული ენცეფალოპათია. ამ პათოლოგიის სამ სტადიას გამოყოფენ:

I სტადია - მას ზომიერად გამოხატულ, კომპენსირებულ სტადიასაც უწოდებენ. ვლინდება ცერებრასთენიული სინდრომით (მეხსიერების დაქვეითება, ემოციური არამდგრადობა, გაღიზიანებადობა, თავის ტკივილი, არასისტემატური თავბრუხვევა), დისტონიური ვეგეტოსისხლძარღვოვანი რეაქციებითა და ფსიქოპათოლოგიურ სინდრომთა სხვადასხვა ვარიანტით (ასთენოდეპრესიული, ასთენოიპოქონდრიული, პარანოიდული, აფექტური). ამ სტადიაზე მყარი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომები არ შეინიშნება. შესაძლოა გამოვლინდეს მსუბუქად გამოხატული პაროქსიზმული დარღვევები. დისცირკულატორული ენცეფალოპათიის საწყის სტადიაზე ჭარბობს ცერებრასთენიის ჰიპერდინამიკური ფორმა, რომელიც ვლინდება აგზნებადობით, თავშეკავებულობით, გუნება-განწყობის ლაბილობით, მშფოთვარე ძილით.

II სტადია - გამოხატული, სუბკომპენსირებული სტადიაა. ამ დროს იმატებს სტრუქტურული ორგანული ცვლილებები. სიმპტომატიკა არათუ ღრმავდება, უფრო მყარდება კიდეც. თავის ტკივილი მუდმივ ხასიათს იძენს, ვლინდება გაბმული ხმაური თავში, ღრმავდება ფსიქოპათოლოგიური სინდრომები, ცერებრასთენია ჰიპოდინამიკურ ფორმას (მოდუნებულობა, სწრაფად დაღლა, გუნება-განწყობის დაქვეითება, ტირილისადმი მიდრეკილება, ყურადღების შესუსტება, მეხსიერების დაქვეითება, ძილის დარღვევა) იძენს. დიფუზური სისხლძარღვოვანი უკმარისობა იწვევს თავის ტვინის სტრუქტურების წვრილკეროვან დაზიანებებს, ამის შედეგად ყალიბდება შესაბამისი კლინიკურ-ნევროლოგიური სინდრომი. ყველაზე ხშირად გვხვდება ფსევდობულბურ, ამიოსტატიკური სინდრომები, ასევე პირამიდული უკმარისობა. ამ უკანასკნელს ახასიათებს:

  • დიზართრიან (დანაწევრებული მეტყველების უნარის დარღვევა);
  • დისფონია (ხმის ჩახლეჩა, ხრინწიანობა);
  • ორალური ავტომატიზმის რეფლექსები;
  • სახის ქვედა ნაწილისა და ენის ინერვაციის დარღვევა - დევიაცია ანუ ნორმალური მდგომარეობიდან გადახვევა, მოძრაობის შენელება, ჰიპომიმია ანუ სახის კუნთების მიმიკური მოძრაობის შესუსტება, შებორკილობა;
  • თავისა და ხელების რიტმული ტრემორი (კანკალი);
  • დისკოორდინაცია;
  • ხელის თითების მოძრაობათა უხერხულობა;
  • მხედველობის დარღვევა ფოტოფსიის ანუ სინათლის ჰალუცინაციური შეგრძნების სახით;
  • სმენის დაქვეითება;
  • ჯექსონის ტიპის გულყრა;
  • ანიზორეფლექსია (სხეულის მარჯვენა და მარცხენა მხარეს რეფლექსების სხვადასხვაგვარობა);
  • მოხრის ტიპის პათოლოგიური რეფლექსები;

III სტადია - მკვეთრად გამოხატული, დეკომპენსირებული სტადიაა. ხასიათდება ტვინის ქსოვილის მძიმე დიფუზურ-მორფოლოგიური ცვლილებებით. წარმოიქმნება პერივასკულური ლაკუნები, შესაძლოა განვითარდეს თავის ტვინის ჰემისფეროთა ქერქის ატროფია. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით განისაზღვრება ტვინის თეთრი ნივთიერების სიმკვრივის დაქვეითება როგორც გვერდითი პარკუჭების გარშემო, ასევე სუბკორტიკულ (ქერქქვეშა) შრეებში, ე.წ. ლეიკოარიოზი. ამ სტადიაზე უკვე არსებული სიმპტომები ღრმავდება და მძიმდება, ჭარბობს თავის ტვინის რომელიმე უბნის დაზიანების ნიშნები, ნათხემისეული დარღვევები, პარეზები, მეტყველებისა და მეხსიერების დარღვევა, ვითარდება ეპილეფსიური გულყრები, ფსიქიკის მძიმე ცვლილებები ხშირად ღრმა დემენციას იწვევს. ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებათა კვალად სომატური მდგომარეობაც მძიმდება. ამ სტადიაზე შესაძლოა განვითარდეს ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა.

დისცირკულატორული ჰიპერტონიული ენცეფალოპათია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ათეროსკლეროზულისგან განსხვავებით, ჰიპერტონიული დისცირკულატორული ენცეფალოპათია შედარებით ახალგაზრდა ასაკში იწყება და სწრაფად მიმდინარეობს, განსაკუთრებით - ცერებრული ჰიპერტონიული კრიზების ფონზე. ამ დაავადების დროს ახალი სიმპტომები ხშირად მწვავედ ვლინდება კრიზების დროს. ფსიქიკურ ცვლილებებს შორის პირველ ეტაპზე ვლინდება აჟიტირებულობა, ემოციური არამდგრადობა, ეიფორია.

დისცირკულატორული ვენური ენცეფალოპათია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვენური ენცეფალოპათია დისცირკულატორული ენცეფალოპათიის განსაკუთრებული ფორმაა. ის გვხვდება ისეთი მდგომარეობების დროს, როდესაც შეინიშნება ქალას ღრუდან ვენური ნაკადის გადინების ქრონიკული დარღვევა (ვენური ტონუსის რეგულაციის პირველადი დარღვევები - ცერებრული ვენური დისტონია, პათოლოგიური პროცესებით ქალასშიდა და ქალასგარეთა ვენებზე ზეწოლა). ამ დროს თავის ტვინში ვითარდება ვენური შეგუბება ქრონიკული შეშუპებით. კლინიკურ სურათში ჭარბობს ქრონიკულად რემისირებადი ჰიპერტენზიული სინდრომი, რომელსაც ახასიათებს თავის ყრუ, მოჭერითი ხასიათის ტკივილი, რომელიც ძლიერდება ხველის, ცხვირცემინების, ჭინთვის დროს, ხშირად არასისტემური თავბრუხვევა, მოდუნებულობა, აპათია, უძილობა, არცთუ იშვიათად - თავის ტვინის გაფანტული, წვრილკეროვანი დაზიანების სიმპტომები, მძიმე შემთხვევებში - გულისრევა და ღებინება, შეგუბება თვალის ფსკერზე, მენინგეალური ნიშნები.

პერინატალური ენცეფალოპათია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერინატალური ენცეფალოპათია პერინატალურ (მუცლადყოფნის) პერიოდში აღმოცენებული ტვინის პათოლოგიაა. არსობრივად ეს ჯგუფი აერთიანებს ყველა დაზუსტებულ (კონკრეტულად განუსაზღვრელ) ტვინის დისფუქციას და შესაბამისად, ტერმინი პერინატალური ენცეფალოპათია აუცილებლად ტვინის დაზიანებას არ ნიშნავს. ზოგიერთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ასეთი დიაგნოზის დასმა მართებულია ახალშობილის სიცოცხლის ერთი თვის თავზე, სხვები კი ამტკიცებენ, რომ შესაძლებელია ერთი წლის განმავლობაშიც. საზოგადოდ, ერთი თვის ასაკამდე განსაზღვრა იმისა, კონკრეტულად ტვინის რომელი პათოლოგია აღენიშნება ჩვილს, მეტისმეტად რთულია. ამიტომაც თავის ტვინის ნებისმიერ სტრუქტურულ თუ ფუნქციურ დაზიანებას პერინატალურ ენცეფალოპათიად მოიხსენიებენ. საინტერესოა ისიც, რომ ამ ტიპის ენცეფალოპათიებს მრავალგვარი გამოვლინება აქვს. მაღალპროფესიონალი ნევროლოგები, ჩვეულებრივ, დიაგნოზს ასეთი სახით სვამენ: პერინატალური ენცეფალოპათია ამა და ამ სინდრომის სახით“. რეალურად, ექიმისგან სწორედ ასეთი ფორმულირების მიღებაა საჭირო, რადგან ასეთ შემთხვევაში უფრო ბევრი რამ ხდება გასაგები როგორც დაავადების გამოვლინებათა თვალსაზრისით, ასევე პროგნოზის კუთხით.

კონკრეტული სინდრომები, რომლებითაც შეიძლება გამოვლინდეს პერინატალური ენცეფალოპათია:

  • მოძრაობითი დარღვევების;
  • მომატებული ნერვულ-რეფლექსური აგზნებადობის;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის;
  • ქალაქსშიდა ჰიპერტენზიის;
  • კრუნჩხვითი სინდრომი.

ტრავმული ენცეფალოპათია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრავმული ენცეფალოპათია ნევროლოგიურ და ფსიქიკურ დარღვევათა კომპლექსია, რომელიც ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომ ან მოგვიანებით პერიოდში აღმოცენდება. მას რამდენიმე სინონიმი აქვს:

  • ტრავმული აპათია;
  • ტრავმული ხასიათის პათოლოგიური ცვლილებები;
  • ტრავმული აფექტური დარღვევები;
  • ტრავმული ეპილეფსია;
  • ტრავმული ჭკუასუსტობა;
  • ტრავმული ასთენია.

ტრავმული ენცეფალოპათია განპირობებულია ტრავმის შედეგად ტვინის ქსოვილის დეგენერაციული, დისტროფიული და ნაწიბუროვანი ცვლილებებით. ნევრულ-ფსიქიკური სიმპტომების გამოვლენის ვადა, ხარისხი და სპეციფიკურობა დამოკიდებულია ტრავმის სიმძიმისა და ლოკალიზაციაზე, დაზარალებულის ასაკზე, მკურნალობის ეფექტურობასა და სხვა ფაქტორებზე. ნევროლოგიური დარღვევები გამოიხატება ვეგეტო-და ვაზოპათიით, ქრონიკული ჰიპერტენზიური სინდრომით, ცერებროსპინალური (თავ-ზურგტვინის) სითხის დინამიკის დარღვევით, ტრავმული არაქნოიდიტით (ტვინის ქსელისებრი გარსის ანთებით), არაქნოენცეფალიტით (ტვინისა და მისი ქსელისებრი გარსის ანთებით), ეპილეფსიური გულყრებითა და კეროვანი ნევროლოგიური დარღვევებით. ნევროლოგიურ დარღვევებს თან ახლავს ფსიქოორგანული სინდრომისთვის დამახასიათებელი ფსიქიკური დარღვევებიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Diagnosis of Stupor and Coma by Plum and Posner, ISBN 0-19-513898-8, remains one of the best detailed observational references to the condition.
  • მედიცინის დიდი ცნობარი ტომი I, სამედიცინო ტერმინოლოგიისა და დაავადებათა ენციკლოპედია, გამომცემლობა პალიტრა L, თბ 2016 წელი, გვ.318-324