ენცელადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ენცელადისატურნის მეექვსე უდიდესი მთვარე. მისი დიამეტრი დაახლოებით 500 კილომეტრია[1] და ამ მაჩვენებლით თითქმის ათჯერ ჩამოუვარდება სატურნის უდიდეს მთვარეს, ტიტანს. ენცელადი დაფარულია სუფთა ყინულით, რის გამოც, არის მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე ამრეკლავი სხეული. შედეგად, მისი ზედაპირის ტემპერატურა შუადღეს −198 °C-ია, ანუ გაცილებით ცივია, ვიდრე სინათლის შთანთმთქმელი სხეული იქნებოდა. მიუხედევად პატარა ზომისა, ენცელადი გამოირჩევა ზედაპირის მახასიათებელთა ფართო სპექტრით, დაწყებული ძველი, ძლიერ კრატერირებული რეგიონებით, დამთავრებული ახალგაზრდა, ტექტონიკურად დეფორმირებული რელიეფით.

ენცელადი 1789 წლის 28 აგვისტოს, ინგლისელმა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა,[2][3][4] მაგრამ მის შესახებ ძალიან ცოტა რამ იყო ცნობილი იქამდე, ვიდრე 1980-იან წლებში მას ორი ხომალდი, Voyager 1 და Voyager 2 გადაუფრენდა.[5] 2005 წელს, ენცელადზე ახლო გადაფრენები დაიწყო ხომალდმა „კასინიმ“, რომელმაც დიდი დეტალებით შეისწავლა მისი ზედაპირი და გარემო. განსაკუთრებით აღსანიშნავის ის, რომ „კასინიმ“ აღმოაჩინა, როგორ იფრქვევა სამხრეთ პოლარული რეგიონიდან წყლის ჭავლები.[6] გაირკვა, რომ სამხრეთ პოლუსის სიახლოვეს არსებული კრიოვულკანები კოსმოსში ისვრის წამში 200 კგ ოდენობის გეიზერის მსგავს ჭავლებს, რომლებიც შედგება წყლის ორთქლის, მოლეკულური წყალბადის, სხვა აქროლადებისა და მყარი მასალებისაგან, მათ შორის, ნატრიუმის ქლორიდის კრისტალებისა და ყინულის ნაწილაკებისგან.[7][5][8] აღმოჩენილია 100-ზე მეტი გეიზერი.[9] წყლის ორთქლის გარკვეული ნაწილი უკან, „თოვლის“ სახით ბრუნდება; დანარჩენი კი გარბის და მატერიით ამარაგებს სატურნის E რგოლს.[10][11] NASA-ს მეცნიერების განცხადებით, ჭავლები შემადგენლობით კომეტებს ჰგავს.[12] 2014 წელს, NASA-მ განაცხადა, რომ „კასინიმ“ სამხრეთ პოლუსთან აღმოაჩინა თხვეადი წყლის ვრცელი ზედაპირქვეშა ოკეანე, რომლის სიღრმეც დაახლოებით 10 კილომეტრია.[13][14][15]

გეიზერებზე დაკვირვება, ზემოთ ამოსული წიაღისეული სითბო და ძალიან ცოტა დარტყმითი კრატერი სამხრეთ პოლუსთან, მიუთითებს, რომ ენცელადი გეოლოგიურად აქტიურია. გიგანტურ პლანეტათა სხვა მრავალი თანამგზავრის მსგავსად, ენცელადი ორბიტულ რეზონანსშია ჩაჭედილი. მისი რეზონანსი კიდევ ერთ მთვარე დიონასთან, იწვევს ორბიტულ ექსცენტრიულობას, რასაც ახშობს გრავიტაციული ძალები, გრავიტაციულად აცხელებს მის წიაღს და წარმართავს გეოლოგიურ აქტიურობას.[16]

2018 წლის 27 ივნისს, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ენცელადიდან ამოფრქვეულ ჭავლებში, რომელთა ნიმუშებიც ხომალდმა „კასინიმ“ აიღო, აღმოჩენილია კომპლექსური მაკრომოლეკულური ორგანული ნივთიერებები.[17][18]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოჩენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენცელადი 1789 წლის 28 აგვისტოს, ინგლისელმა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა, როდესაც ინგლისის ქალაქ სლაუში, სახლის ობსერვატორიაში პირველად გამოიყენა თავის ახალი, 1,2-მეტრიანი ტელესკოპი. დაბალი ვარსკვლავიერი სიდიდისა (+11,7) და გაცილებით კაშკაშა სატურნთან და მის რგოლებთან სიახლოვის გამო, დედამიწიდან ენცელადზე პატარა ტელესკოპებით დაკვირვება საკმაოდ რთულია. კოსმოსურ ხანამდე აღმოჩენილი სატურნის სხვა მრავალი პატარა თანამგზავრის მსგავსად, ენცელადზე პირველი დაკვირვება სატურნის ბუნიაობის დროს განხორციელდა, როდესაც დედამიწა რგოლების სიბრტყეში ექცევა. ამ პერიოდში, რგოლების ნათების შემცირება თვარეების დანახვას გაცილებით აადვილებს. Voyager-ის მისიებამდე, ენცელადის ხედი სულ ოდნავ გაუმჯობესდა ჰერშელის მიერ დანახულ წერტილთან შედარებით. ცნობილი იყო მხოლოდ მისი ორბიტული მახასიათებლები, მასის, სიმკვრივისა და ალბედოს სავარაუდო მონაცემები.

სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენცელადს სახელი ეწოდა ბერძნული მითოლოგიის გიგანტის, ენცელადის მიხედვით. სატურნის პირველად აღმოჩენილი შვიდი მთვარის მსგავსად, ენცელადის სახელი საზოგადოებას უილიამ ჰერშელის ვაჟმა შესთავაზა, 1847 წელს. ეს სახელები მან შეარჩია იმიტომ, რომ სატურნი, ბერძნულ მითოლოგიაში იგივე კრონოსი, ტიტანების ხელმძღვანელი იყო.

ენცელადის სხვადასხვა მახასიათებლებს სახელები საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა არაბული კრებულის, „ათას ერთი ღამის“ ადგილების მიხედვით უწოდა. დარტყმით კრატერებს პერსონაჟების სახელები ჰქვია, სხვა მახასიათებლებს კი, მაგალითად, ნაპრალებს, ქედებს, ვაკეებს, ღარებსა და კლდეებს — ადგილების მიხედვით. საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ოფიციალური სახელი უწოდა ენცელადის 85 სხვადასხვა მახასიათებელს.

ორბიტა და ბრუნვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენცელადი სატურნის ერთ-ერთი მთავარი შიდა თანამგზავრია დიონასთან, თეტისთან და მიმასთან ერთად. ორბიტაზე მოძრაობს სატურნის ცენტრიდან 238,000 ილომეტრის და მისი ღრუბლების ზედა ნაწილიდან 180,000 კმ მანძილზე, მიმასისა და თეტისის ორბიტებს შორის. სატურნს გარს უვლის ყოველ 32.9 საათში ერთხელ, რაც საკმაო სისწრაფეა იმისათვის, რათა მის მოძრაობას სულ რაღაც ერთ ღამეში დავაკვირდეთ. ენცელადი ამჟამად 2:1 საშუალო მოძრაობის ორბიტულ რეზონანსშია დიონასთან, ანუ სატურნის გარშემო მისი ორი შემოვლის დროს, დიონა პლანეტის გარშემოვლას მხოლოდ ერთხელ ასწრებს. ასეთი რეზონანსი ენცელადის ორბიტას უნარჩუნებს ექსცენტრიულობას (0.0047), რასაც იძულებით ექსცენტრიულობას უწოდებენ. ეს ნულს ზემოთ მაჩვენებლის მქონე ექსცენტრიულობა კი განაპირობებს ენცელადის გრავიტაციულ დეფორმაციას. ამ დეფორმირების დროს გამოყოფილი სიცხე ენცელადის გეოლოგიური აქტივობისათვის საჭირო სითბოს ძირითადი წყაროა. ენცელადი ორბიტაზე მოძრაობს სატურნის E რგოლის ყველაზე მკვრივ ნაწილს შიგნით, რომელიც ყველაზე გარეთა რგოლია ძირითად რგოლებს შორის და ენცელადი ძირითადი წყაროა მისი შემადგენლობის შესავსებად.

სატურნის დიდი თანამგზავრების უმეტესობის მსგავსად, ენცელადი საკუთარი ღერძის გარშემო ორბიტულ პერიოდთან სინქრონულად ბრუნავს, რის გამოც, მისი ერთი მხარე მუდმივას სატურნისკენაა მოქცეული. დედამიწის მთვარისგან განსხვავებით, ენცელადი თავის ღერძისადმი 1.5°-ზე მეტად არ იხრება. თუმცა, ენცელადის ფორმის ანალიზები მიუთითებს, რომ ერთ დროს ის უფრო მეტად იხრებოდა. ეს რხევა (ლიბრაცია) შეიძლება წარმოადგენს ენცელადის სითბოს დამატებით წყაროს.

E რგოლის წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენცელადიდან ამოტყორცნილი ჭავლები, რომლებიც შემადგენლობით კომეტების მსგავსია, სატურნის E რგოლის წყაროა. E რგოლი სატურნის ყველაზე ფართო და გარე რგოლია. ის უკიდურესად განიერია, მაგრამ დიფუზიური დისკოა, შედგება ყინულისა და მტვრის მიკროსკოპული მასალებისგან, რომლებიც მიმასისა და ტიტანის ორბიტებს შორისაა განაწილებული.

როგორც მათემატიკური მოდელები აჩვენებს, E რგოლი არასტაბილურია და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 000 - 1 000 000 წელია; შესაბამისად, მის შემადგენელ ნაწილაკებს ხელახლა შევსება სჭირდება. ენცელადი სატურნის გარშემო ამ რგოლს შიგნით მოძრაობს, მის ყველაზე ვიწრო, მაგრამ მკვრივ წერტილთან. 1980-იან წლებში ზოგიერთი მეცნიერი ეჭვობდა, რომ ენცელადი ამ რგოლის ნაწილაკების ძირითადი წყაროა. ეს ჰიპოთეზა 2005 წელს ხომალდმა „კასინიმ“ დაადასტურა ახლო გადაფრენისას.

2005 წლის ნოემბერში ვიზუალურად დადასტურდა ენცელადის სამხრეთ პოლუსის რეგიონიდან ამოფრქვეული წყლის ჭავლები, როდესაც „კასინიმ“ ყინულის ნაწილაკების გეიზერები გადაიღო.

გეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზედაპირის მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Enceladus: Facts & Figures. Solar System Exploration. NASA (August 12, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 16, 2013. ციტირების თარიღი: April 26, 2014.
  2. Planetary Body Names and Discoverers. Gazetteer of Planetary Nomenclature. USGS Astrogeology Science Center. ციტირების თარიღი: January 12, 2015.
  3. Herschel, W. (January 1, 1790). „Account of the Discovery of a Sixth and Seventh Satellite of the Planet Saturn; With Remarks on the Construction of Its Ring, Its Atmosphere, Its Rotation on an Axis, and Its Spheroidal Figure“. Philosophical Transactions of the Royal Society of London. 80: 1–20. doi:10.1098/rstl.1790.0004.
  4. Herschel, W. (1795). „Description of a Forty-feet Reflecting Telescope“. Philosophical Transactions of the Royal Society of London. 85: 347–409. Bibcode:1795RSPT...85..347H. doi:10.1098/rstl.1795.0021. (reported by Arago, M.. (1871) Herschel. Annual Report of the Board of Regents of the Smithsonian Institution გვ. 198–223. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 13, 2016.)
  5. 5.0 5.1 Lovett, Richard A.. (September 4, 2012) Secret life of Saturn's moon: Enceladus. Cosmos Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 15, 2014. ციტირების თარიღი: August 29, 2013.
  6. Chang, Kenneth (March 12, 2015). „Suddenly, It Seems, Water Is Everywhere in Solar System“. The New York Times. ციტირების თარიღი: March 13, 2015.
  7. Hansen, Candice J.; Esposito, L.; et al. (2006). „Enceladus' Water Vapor Plume“. Science. 311 (5766): 1422–5. Bibcode:2006Sci...311.1422H. doi:10.1126/science.1121254. PMID 16527971.
  8. Spencer, J. R.; Nimmo, F. (May 2013). „Enceladus: An Active Ice World in the Saturn System“. Annual Review of Earth and Planetary Sciences. 41: 693–717. Bibcode:2013AREPS..41..693S. doi:10.1146/annurev-earth-050212-124025.
  9. Dyches, Preston; Brown, Dwayne. (July 28, 2014) Cassini Spacecraft Reveals 101 Geysers and More on Icy Saturn Moon. NASA/JPL. ციტირების თარიღი: July 29, 2014.
  10. „Icy Tendrils Reaching into Saturn Ring Traced to Their Source“. NASA News. April 14, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 16, 2015. ციტირების თარიღი: April 15, 2015.
  11. Ghostly Fingers of Enceladus. NASA/JPL/Space Science Institute (September 19, 2006). ციტირების თარიღი: April 26, 2014.
  12. Battersby, Stephen. (March 26, 2008) Saturn's moon Enceladus surprisingly comet-like. New Scientist. ციტირების თარიღი: April 16, 2015.
  13. Platt, Jane; Bell, Brian. (April 3, 2014) NASA Space Assets Detect Ocean inside Saturn Moon. NASA/JPL. ციტირების თარიღი: April 3, 2014.
  14. Witze, A. (April 3, 2014). „Icy Enceladus hides a watery ocean“. Nature. doi:10.1038/nature.2014.14985.
  15. Iess, L.; Stevenson, D. J.; et al. (April 4, 2014). „The Gravity Field and Interior Structure of Enceladus“ (PDF). Science. 344 (6179): 78–80. Bibcode:2014Sci...344...78I. doi:10.1126/science.1250551. PMID 24700854.
  16. Efroimsky, M. (January 1, 2018). „Tidal viscosity of Enceladus“. Icarus. 300: 223–226. arXiv:1706.09000. Bibcode:2018Icar..300..223E. doi:10.1016/j.icarus.2017.09.013.
  17. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის NAT-20180627 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  18. McCartney, Gretchen; Brown, Dwayne; Wendel, JoAnna; Bauer, Markus. Complex Organics Bubble up from Enceladus. NASA/JPL (June 27, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 5, 2019. ციტირების თარიღი: June 27, 2018.