ელენე აფხაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელენე აფხაზი
დაბადების თარიღი 1881
გარდაცვალების თარიღი 1942
საფრანგეთი
ეროვნება ქართველი

ელენე აფხაზი (დ. 13 იანვარი, 1881, — გ. 8 მაისი, 1942, პარიზი[1]) — ქართველი ფილანთროპი. იგი ქალიშვილობაში იოსელიანი, იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ილია ჭავჭავაძის დისშვილის, გენერალ კონსტანტინე აფხაზის მეუღლე. პოდპოლკოვნიკ იასონ სოფრომის ძე იოსელიანის ასული.

ელენეს კოტე აფხაზთან ქორწინებაში შესძენია ორი შვილი – ნიკოლოზი და ილია. უმცროსი ვაჟი ადრეულ ასაკში გარდაცვლილა. უფროსმა, ნიკოლოზმა, დაამთავრა თბილისის ქართული სათვადაზნაურო გიმნაზია და 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურობის უკანასკნელი მარშალი კოტე აფხაზი სამშობლოს გულმხურვალე პატრიოტი იყო. მან 1917 წლის ნოემბერში ეროვნულ საბჭოს გადასცა ილია ჭავჭავაძის ბანკის მიერ შენაძენი ქონება – 28 მილიონი მანეთი ოქროთი. ელენე მეუღლეს მხარში ედგა, ოჯახსაც უძღვებოდა და საქველმოქმედო ღონისძიებებშიც აქტიურად იყო ჩართული. 1898 წლის 28 იანვრის „ივერიაში“ დაბეჭდილია მისი „წერილი რედაქციის მიმართ“, რომელშიც იგი საჯაროდ უხდის მადლობას კარდენახის სამკითხველოს სასარგებლოდ წიგნებისა და ფულის შემომწირველთ.

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წელს, ნიკოლოზ და ელენე აფხაზები საფრანგეთში გაიხიზნენ და მოუთმენლად ელოდნენ კოტეს ჩასვლას. საქართველოში დარჩენილი კოტე აფხაზი კი შეურიგებლად იბრძოდა დამპყრობლების წინააღმდეგ. იგი ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრს, რომელიც კოორდინაციას უწევდა საყოველთაო–სახალხო ეროვნული ამბოხების მომზადებას. 1923 წლის თებერვალში კოტე აფხაზი და სამხედრო ცენტრის წევრები დააპატიმრეს. 14 მაისს საშინელი წამების შემდეგ ყველანი დახვრიტეს დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე.

ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის წევრმა შალვა ამირეჯიბმა წერილით მიუსამძიმრა დამწუხრებულ ქვრივს კოტე აფხაზის ტრაგიკულად დაღუპვა: „დიდად პატივცემულო ქალბატონო ელენე, გიგზავნით ლექსს, მიძღვნილს ჩემთვის დაუვიწყარ, თავადი კოტეს ხსოვნისათვის. მე გახლდით მაშინ ქუთაისში, როცა არ მახსოვს, 22–ს თუ 23–ს მაისს, კაკო დგებუაძემ (ის და მისი ძმა ლეო – ორივე სტუდენტები დახვრეტილ იქნენ აჯანყების დროს) შემომიტანა გაზეთის ნომერი, სადაც გამოცხადებული იყო თხუთმეტ დახვრეტილთა სია. მე არ აგიწერთ იმ შთაბეჭდილებას, რომელიც მოახდინა ამ საშინელმა ამბავმა. რამდენიმე დღის შემდეგ მე დავწერე ეს ლექსი. ერთი კვირის შემდეგ მე უკვე თბილისში ვიყავი. მე არ მიმიღია ჩემს ცხოვრებაში ჯილდო ჯერ უფრო დიდი, ვიდრე ის რომ ჩავმდგარიყავ მის ადგილზე“.

ნიკო აფხაზმა 1926 წელს პარიზში დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიიღო დოქტორის ხარისხი. იგი მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჰქონდა საადვოკატო პრაქტიკა, ჰყავდა მდიდარი ამერიკელი კლიენტები, მათ შორის ამერიკელი ცოლ–ქმარი კელები. მათ ნიკოლოზ აფხაზს სამეურვეოდ მიანდეს შესანიშნავი კარ–მიდამო მერეველის შატოში, სადაც იგი დედასთან ერთად ცხოვრობდა 1930–იან წლებში.

დედა–შვილი ქართული სათვისტომოს აქტიური წევრები იყვნენ. ელენე იყო „ძველ ქართველ მებრძოლთა ასოციაციისა“ და პარიზის ქართული სამრევლო საბჭოს წევრი. იგი მეგობრობდა ცნობილ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწესთან, ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთ ლიდერთან გიორგი გვაზავასთან და მისი ვაჟის ჯამლეთის ნათლიაც გახდა.

1929 წლის 3 მარტს პარიზში დაარსდა „ტუბერკულოზით ავადმყოფ ქართველთა დამხმარე კომიტეტი“, რომლის საპატიო თავმჯდომარედ აკაკი ჩხენკელი აირჩიეს, თავმჯდომარედ კი – ელენე აფხაზი. თანხების მოსაზიდად რეგულარულად ტარდებოდა საქველმოქმედო საღამოები. კომიტეტი სხვადასხვა კატეგორიის 40 ავადმყოფს პატრონობდა, აფინანსებდა მკურნალობას სანატორიუმებში, საავადმყოფოებში, ბინაზე; მოსახლეობისგან აგროვებდა ნახმარ ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და საცვლებს; აწვდიდა მედიკამენტებს, საკვებს, თანხას მკურნალობისთვის. კომიტეტის წევრთა თავდადებული საქმიანობა ავადმყოფებს მდგომარეობას უმსუბუქებდა.

1930–იანი წლების დამლევს ნიკოლოზ აფხაზი ოფიცრის წოდებით შევიდა სამხედრო სამსახურში საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში, რომლის რიგებშიც იბრძოდა II მსოფლიო ომის დროს ჩრდილოეთ აფრიკაში, ალჟირსა და ლიბიაში. გამოჩენილი მამაცობისათვის იგი დაჯილდოვებული იყო საფრანგეთის რამდენიმე პრესტიჟული სამხედრო ჯილდოთი, მათ შორის, საპატიო ლეგიონის ორდენით.

1941 წელს, ერთ–ერთი ოპერაციის დროს ნიკო ტყვედ ჩავარდა და გერმანელებმა საკონცენტრაციო ბანაკში გამოამწყვდიეს. ამ ამბავმა მოუსწრაფა სიცოცხლე ელენეს. იგი დაავადდა და 1946 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია პარიზის სენ ჟენევიევ დე ბუას სასაფლაოზე.

ნიკო აფხაზი ტყვეობიდან 1944 წელს გაათავისუფლეს ამერიკელებმა. 1946 წელს იგი დაქორწინდა მარჯორი (პეგი) ჰემბერტონ–კარტერზე. იმავე წელს ცოლ–ქმარი კანადაში გადავიდა საცხოვრებლად, კუნძულ ვანკუვერის ქალაქ ვიქტორიაში. ნიკო ეწეოდა ნაყოფიერ მოღვაწეობას ადვოკატურაში და დიდ დროს უთმობდა დეკორატიულ მებაღეობას. მეუღლეებმა შეიძინეს მოზრდილი ნაკვეთი და მიუხედავად კანადის მკაცრი კლიმატური პირობებისა. ულამაზესი ლანდშაფტური ბაღი გააშენეს. პეგი და ნიკო კარგა ხანია ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ “აფხაზების ბაღი“ დღესაც ახარებს მრავალრიცხოვან მნახველს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. «Новое слово». - Берлин. 1942, 17 июня, № 3917.