ებრაელთა მუზეუმი და ტოლერანტობის ცენტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ებრაელთა მუზეუმი და ტოლერანტობის ცენტრი
Jewish Museum and Tolerance Center Moscow Main Entrance.jpg
კოორდინატები: კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
დაარსდა 8 ნოემბერი, 2012
მდებარეობა მოსკოვი, რუსეთი
დირექტორი ალექსანდრე ბოროდა
ვებსაიტი ოფიციალური ვებგვერდი

ებრაელთა მუზეუმი და ტოლერანტობის ცენტრი (რუს. Еврейский музей и центр толерантности) — მუზეუმი მოსკოვში, რომელიც ეძღვნება ებრაელთა კულტურასა და რელიგიურ ტრადიციებს, ცხოვრების ისტორიას და განსახლებას, რუს ებრაელთა ისტორიას. მუზეუმი განთავსებულია ყოფილი ბახმეტევის ავტოფარეხის შენობაში. მდებარეობს მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მარინა-როშჩის რაიონში.

მუზეუმის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ებრაელთა მუზეუმი და ტოლერანტობის ცენტრი მსოფლიოში ყველაზე დიდი ებრაული მუზეუმი და ყველაზე დიდი დახურული საგამოფენო მოედანია ევროპაში: ექსპოზიციის ფართობია 4 500 მ², საერთო ფართობი კი - 8 500 მ². იგი მდებარეობს ობრაზცოვის ქუჩაზე ყოფილი ბახმეტევის ავტოფარეხის ისტორიულ შენობაში. შენობა საბჭოთა კონსტრუქტივიზმის ნიმუშია, აგებულია 1925-1927 წლებში არქიტექტორ კონსტანტინ მალნიკოვისა და ინჟინერ ვლადიმირ შუხოვის პროექტის მიხედვით[1].

თანამედროვე ეტაპზე ესაა ყველაზე ტექნოლოგიური მუზეუმი რუსეთში. მუზეუმის ექსპოზიცია ეფუძნება არა მხოლოდ ხელოვნების ნიმუშებს, არამედ ინტერაქტიული ფორმით წარდგენილ ინფორმაციას. ეს საშუალებას აძლევს სტუმარს ჩაერთოს კვლევის პროცესში. მუზეუმის შექმნაზე 50 მლნ დოლარი დაიხარჯა[2].

მუზეუმის ექსპოზიცია იყოფა რამდენიმე თემატურ სეგმენტად. მასში შედის დოკუმენტები, ფოტოები, წერილები, რომლებიც ეხება ებრაელთა ცხოვრებას რუსეთში, დაწყებული XIX საუკუნიდან თანამედროვე ეპოქამდე. აქ შესაძლებელია იხილოთ ტანკი Т-34 და თვითმფრინავი У-2[2]. მუზეუმს ასევე აქვს დროებითი საგამოფენო სივრცე, სადაც გამოფენები ეწყობა.

მუზეუმში ვიზიტორი პირველად ეწვევა მრგვალ დარბაზს, სადაც შესაძლებელია 4D ფილმის ნახვა, რომელიც ეძღვნება სამყაროს შექმნიდან მეორე ტაძრის დანგრევამდე და ებრაელთა დიასპორის ფორმირებამდე.

დიდ ინტერაქტიულ მაგიდაზე გამოსახულია ებრაელთა მიგრაციის ისტორია. ამ რუკაზე შესაძლებელია ხელით შეხება. რამდენიმე კონკრეტული ნაწილის წაკითხვისას, შესაძლებელია გაიგოთ ებრაული თემების ცხოვრება თითოეულ კონკრეტულ ქვეყანაში.

შემდეგ დარბაზში მოწყობილია ებრაელთა საცხოვრისის იმიტაცია, სინაგოგით და რელიგიური სკოლით.

შემდეგ ოთახში წარმოდგენილია XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის ოდესის კაფის ატმოსფერო.

შემდეგი ნაწილი ეძღვნება რუსეთის რევოლუციებს, სამოქლაქო ომსა და მათში ებრაელების მონაწილეობას. ამავდროულად გვიამბობენ 1917 წლის ბალფურის დეკლარაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც დიდმა ბრიტანეთმა მხარი დაუჭირა ისრაელის მიწაზე (პალესტინაში) „ებრაელი ხალხისათვის ეროვნული კერის“ ჩამოყალიბებას.

საბჭოთა კავშირისადმი მიძღვნილ დარბაზს აქვს სიმბოლური გაფორმება, მის ჭერზე დამონტაჟებულია ხუთქიმიანი ვარსკვლავი, რომლის დაბლა ეკანზე გადის ამ პეროდის ცნობილი ებრაელების ბიოგრაფიული კადრები.

დიდ ეკრანზე ჩანს კადრების ქრონიკა, ფოტოები და ვეტერანებთან ინტერვიუ, პარტიზანული მოძრაობის მონაწილეები, გეტოს ყოფილი პატიმრები და ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკები. აქ მთავარი როლი ენიჭება მოგონებებს[3].

ასევე განთავსებულია დარბაზები, რომელიც ეძღვნება ომის შემდგომ წლებს და პერესტროიკიდან დღევანდელ ეპოქას[4].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ებრაელთა მუზეუმი და ტოლერანტობის ცენტრი გაიხსნა 2012 წლის 8 ნოემბერს. საზეიმო გახსნაში მონაწილეობდნენ ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი[5].

მუზეუმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა რუსეთის მთავარი რაბინი ბერლ ლაზარი და რუსეთის ებრაელთა ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრ ბოროდა. 2001 წელს ბახმეტევის ყოფილი ავტოფარეხი გადაეცა მოსკოვის ებრაელთა საზოგადოებას. 2002 წლიდან დაიწყეს მუზეუმის კონცეფციის შემუშავება. 2004 წელს გამოაცხადეს კონკურსი და ტენდერი, რომელიც მოიგო ამერიკულმა კომპანიამ Ralph Appelbaum Associates, რომელსაც აგებული აქვს მსოფლიოს მრავალი წამყვანი მუზეუმი[6].

2016 წელს ებრაელთა მუზეუმის ტოლერანტობის ცენტრი გახდა იუნესკოს პრემიის ლაურეატი ტოლერანტობისა და არაძალადობრივი საქმიანობის იდეის ხელშეწყობისათვის[7].

ტოლერანტობის ცენტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექსპოზიციის ფარგლებში მოქმედებს ტოლერანტობის ცენტრი. ეს არის დამოუკიდებელი ფართი, რომელშიც მიმდინარეობს ტრენინგები, სემინარები, ლექციები, პრაქტიკუმები, მრგვალი მაგიდები და სხვა მსგავსი თავყრილობები[3][8].

მუზეუმში ასევე მოქმედებს ავანგარდის ცენტრი[9], მუზეუმის საბავშვო ცენტრი[3] და 2013 წელს გახსნილი შნეერსონის ბიბლიოთეკა[10][11].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Сайт Центра современной культуры «ГАРАЖ»
  2. 2.0 2.1 Выбор РИА Новости: главные культурные события 2012 года
  3. 3.0 3.1 3.2 Еврейский музей и Центр толерантности : 4D-кинотеатр, экспозиция с айпэдами и интерактивные инсталляции в Бахметьевском гараже — Город — Журнал — Афиша. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-07-02.
  4. Сайт Еврейского музея и центра толерантности
  5. Рахимджанова О. Путин открыл крупнейший в мире еврейский музей // Московский комсомолец. 2012 г., 8 ноября.
  6. «Это на самом деле музей о России» : Архитектор Еврейского музея в Москве о музеях без вещей и важности еврейского опыта — Город — Журнал — Афиша. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-07-02.
  7. Московский Центр толерантности стал лауреатом премии ЮНЕСКО // ТАСС, 21 сентября 2016
  8. Сайт Еврейского музея и центра толерантности
  9. Сайт Еврейского музея и центра толерантности
  10. Созаев-Гурьев Е. Библиотеку Шнеерсона перевезли в Еврейский музей в Москве // Известия. 2013 г., 13 июня.
  11. Сайт Еврейского музея и центра толерантности