შინაარსზე გადასვლა

დრამა (ერთეული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დრამა — ფულისა და მასის ერთეულის სახელწოდება შუა საუკუნეების საქართველოში. ტერმინი შემოვიდა სასანიანთა ირანიდან, სადაც, თავის მხრივ, შესულია ბერძნულიდან. სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ქართულ და უცხოურ მონეტებს აღნიშნავდა: სასანურს, ქართულ-სასანურს, არაბულს და XI-XII საუკუნეების ქართული ვერცხლის სრულნომინალიან მონეტებს. XII ს. 30-იანი წლებიდან 1230 წლამდე, „ვერცხლის კრიზისის" წლებში, დრამა ეწოდებოდა იძულებითი კურსის სწორი ჭედვის სპილენძის მონეტებს, 1230 წლიდან XVI ს-მდე კი კვლავ ვერცხლის მონეტებს აღნიშნავდა. ხმარებიდან გაქრა XVI საუკუნიდან.

დრამა მასის ერთეულად გამოიყენებოდა რუსული საზომი ერთეულის დამკვიდრებამდე (XIX საუკუნის 30-50-იან წლებში). XVII საუკუნემდე დრამა შეადგენდა 4 დანგს (დაახლოებით 2,97 გრამი), XVII-XVIII საუკუნეებში - 3,07 გრამი. დრამის წონის საფუძველზე თბილისში იჭრებოდა ერეკლე II-ის სირმა აბაზიანები.