დიღმის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიღმის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თბილისის სოფელ დიღმის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, ზემო უბანში, ფერდობზე, თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია უხეშად დამუშავებული მოზრდილი ქვებით. გვიანდელი შეკეთების დროს გამოუყენებიათ აგური და ფიქალი. ეკლესია ძლიერადაა დაზიანებული, კამარა, სახურავი და კედლების ზედა ნაწილი ჩამონგრეულია. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთის არაღრმა აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ნიშია. დარბაზის სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლები დანაწევრებულია წვრილი დეკორატიული თაღით. თაღები კუთეებში კონსოლებს, ხოლო ცენტრში პილასტრებს ეყრდნობა. ასეთივე თაღია დასავლეთის კედელზეც. დარბაზის დასავლეთ მონაკვეთში, გრძივ კედლებზე მიშენებულია კონტრფორსების მსგავსი გაურკვეველი დანიშნულების სქელი კედლები. აგურისა და ქვის დიდი ლოდებით ნაგები, ამჟამად დანგრეული კანკელი გვიანდელ ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება.

შესასვლელს გარედან ქვის არქიტრავი აქვს, რომლის ცენტრში, წრეში ჯვარია ამოკლეთილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]