შინაარსზე გადასვლა

დიდი გასეირნება (ფილმი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„დიდი გასეირნება“
ჟანრი კომედია
რეჟისორი ჟერარ ური
პროდიუსერი რობერ დორფმანი
სცენარის ავტორი დანიელ ტომპსონი, ჟერარ ური, მარსელ ჟულიანი, ჟორჟ ტაბე, ანდრე ტაბე
როლებში ლუი დე ფიუნესი, ბურვილი
კომპოზიტორი ჟორჟ ორიკი, ჰექტორ ბერლიოზი
სტუდია Les Films Corona
დისტრიბუტორი Union générale cinématographique, StudioCanal
პრემიერა 8 დეკემბერი, 1966 (1966-12-08)
ხანგრძლივობა 128 წთ.
ქვეყანა საფრანგეთის დროშა დიდი ბრიტანეთის დროშა
ენა ფრანგული, ინგლისური გერმანული
საიტი IMDb ID 0060474

დიდი გასეირნება (ფრანგ. La Grande Vadrouille) - ფრანგულ-ბრიტანული კინოკომედია, გადაღებული 1966 წელს. ფილმის რეჟისორი ჟერარ ური, მთავარ როლებში ლუი დე ფიუნესი და ბურვილი.

1942 წლის ზაფხულში ბრიტანელების ბომბდამშენს, რომელიც დავალებიდან ბრუნდებოდა, გერმანულების გაშვებული საზენიტო რაკეტა მოხვდა და პარიზის თავზე ჩამოვარდნა დაიწყო. მფრინავებმა პარაშუტები მოირგეს და გადმოხტომამდე შეთანხმდნენ რომ, თუ დაიკარგებიან ყველანი პარიზის თურქულ აბანოში შეხვდნენ. პაროლი კი ამერიკული სიმღერა «Tea for Two» იქნება, რომელსაც სტვენით შეასრულებენ. ხუთიდან ორ მფრინავს გერმანელთა პატრული დაიჭერს, სამი კი ქალაქში დაიფანტება. პირველი გადარჩენილი მფრინავი, დიდულვაშა სერ რეჯინანდ ბრუკი პარაშუტით პარიზის ზოოპარკში ჩავარდება, მას დარაჯი გადაარჩენს, დამალავს და უსაფთხოების მიზნით ულვაშების მოპარსვას ურჩევს. მეორე მფრინავი, დაჭრილი პიტერ კანინგემი, კორპუსების კედლების მღებავ ოგუსტენ ბუვესთან (ბურვილი) ჩახტება, რომელიც პარიზის გესტაპოს შტაბის მაღლა მუშაობს. გერმანელები შეამჩნევენ, სროლას აუტეხავენ და ოგუსტენი იძულებული იქნება მასთან ერთად სახურავით გაიქცეს. ისინი ახალგაზრდა პარიზელ გოგო ჟულიეტასთან დაიმალებიან. მესამე მფრინავი ალან მაკინტოში პაირიზის დიდ ოპერაში ჩავარდება და ბუზღუნა დირიჟორ სტანისლავ ლეფორთან (ლუი დე ფიუნესი) დაიმალება. პარიზის კომენდატურის გერმანელი მაიორი აშბახი გაჩხრეკს მთელ ოპერას, მაგრამ ვერაფერს იპოვნის და იქვე დარჩება, რადგანაც საღამოს წარმოდგენაზე გერმანელი მაღალჩინოსანი სამხედროები უნდა დაესწრონ. პარიზის „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრები დანაღმავენ ერთ ადგილს, სადაც გერმანელი ოფიცრები უნდა დასხდნენ. პიტერი ოგუსტენს სთხოვს აბანოში წავიდეს და იპოვნოს მისი ინგლისელი მეგობრები. იგივეს თხოვს ალანი სტანისლავს. აბანოში რეჯინანდი, სტანისლავი და ოგუსტენი შეხვდებიან ერთმანეთს და ყველაფერს მოუყვებიან. დირიჟორი ოპერაში დაბრუნდება, სტანისლავი და რეჯინანდი კი გერმანელი ოფიცრების ფორმას გადაიცვავენ და ჟულიეტასთან მივლენ. მისი ბაბუა ინგლისელებს პარიზიდან გაქცევაში და ვიშის ტერიტორიაზე გადასვლაში დაეხმარება. მანამდე კი ბურგუნდიის ქალაქ მერსოში უნდა ჩავიდნენ. ამასობაში აშბახი ალანის სამალავს მიაგნებს და დირიჟორს დააკავებს, მფრინავს კი წინააღმდეგობის მოძრაობის ხალხი დამალავს. სტანისლავს საღამოს სპექტაკლის ჩატარების უფლებას მისცემენ, ალანის გადასარჩენად შესულ გადაცმულ ოგუსტენს და რეჯინანდს, გერმანელ ოფიცრებად მიიღებენ და დანაღმულ ადგილას დასვავენ. მღებავი შემთხვევით გააფუჭებს ნაღმს და აფეთქებაც სუსტი გამოვა. არეულობაში წინააღმდეგობის მოძრაობის ხალხი სტანისლავს, ოგუსტენს და ორ მფრინავს გააპარებს თეატრიდან. პიტერი და ჟულიეტა მათ სადგურზე, ბურგუნდიის მატარებელზე ელოდებიან, მაგრამ ოთხეული ვერ მისუწრებს და ისინიც მარტო გაემგზავრებიან. მატარებელში გერმანელები ინგლისელს გემოიჭერენ და დააკავებენ. ოთხეული მოპარული მანქანით წავა ბურგუნდიაში, მაგრამ გზად გაუფუჭდებათ და ახალს მონაზონს მოპარავენ. მონაზონი მარი-ოდილი როცა გაიგებს, მათ ვინაობას დახმარებას შესთავაზებს. ოგუსტენი და სტანისლავი მარსოში წავლენ, მღებავს ჟულიეტა შეუყვარდა და მისი ნახვა სურს, რომელიც სასტუმრო „გლობუსში“ ელოდება. იქ მისულებს გერმანელები დახვდებიან. ჟულიეტა მათ სასტუმროდან გაქცევაში დაეხმარება, მაგრამ ტყეში გერმანელების პატრულს ჩაუვარდებიან და ქალაქის კომენდატურაში წაიყვანენ, სადაც ასევე პიტერი ყავთ დაკავებული. მონაზონი ალანს და რეჯინანდს კომენდატურაში შესვლაში და იქიდან მეგობრების გათავისუფლებაში დაეხმარება. ექვსივე საზღვრისკენ გაიქცევა, საიდანაც ორი პლანერით ვიშის ტერიტორიაზე გადავლენ.

მსახიობი როლი
ლუი დე ფიუნესი სტანისლავ ლეფორი
ბურვილი ოგუსტენ ბუვე
ტერი-ტომასი სერ რეჯინალდ ბრუკი
ბენო შტერცენბახი მაიორი აშბახი
კლაუდიო ბრუკი პიტერ კანინგემი
მაიკ მარშალი ალან მაკინტოში
მარი დიუბუა ჟულიეტა
ანდრეა პარიზი მარი-ოდელი
ანრი ჟენე ზოოპარკის დარაჯი
პრემია წლები კატეგორია ნომინაცია შედეგი
David di Donatello Awards 1967 საუკეთესო პროდიუსერი რობერ დორფმანი გამარჯვებული
Golden Screen, Germany 1977 გამარჯვებული

საინტერესო ფაქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი საფრანგეთში ყველაზე წარმატებულად ითვლებოდა გამოსვლიდან 1997 წლამდე, სანამ ეკრანებზე "ტიტანიკი" არ გამოვიდა. გარდა ამისა მთელი 42 წელი საფრანგეთის კინოგაქირავებაში პირველ ადგილზე იყო და დაახლოებით 17 მილიონმა ადამიანმა ნახა. რეკორდი კი 2008 წელს დაემხო, როცა კინოკომედია "Welcome to the Sticks" გამოვიდა

თვითმფრინავში მფრინავები სტვენით ასრულებენ 1924 წელს გამოსულ მუსიკას ამერიკულ სიმღერას «Tea for Two».

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]