დვარკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
დვარკა
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 22°14′25″ ჩ. გ. 68°58′07″ ა. გ. / 22.24028° ჩ. გ. 68.96861° ა. გ. / 22.24028; 68.96861
ცენტრის სიმაღლე 0±1 მეტრი
მოსახლეობა 38 873 (2011)
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 2892
საფოსტო ინდექსი 361335
დვარკა — ინდოეთი
დვარკა

დვარკა (ჰინ. द्वारका) − ქალაქი და მუნიციპალიტეტი დევბჰუმი-დვარკის რაიონში, ინდოეთის შტატ გუჯარათში. მდებარეობს ოხამანდალის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზე, მდინარე გომთის მარჯვენა სანაპიროზე, კაჩის ყურის შესართავთან, არაბეთის ზღვის სანაპიროზე.

დვარკაში მდებარეობს დვარკადჰიშის ტაძარი, რომელიც კრიშნას სახელზეა აგებული და ერთ-ერთია ინდუიზმის მომლოცველთა ოთხ წმინდა ძეგლს შორის, რომლებსაც ჩარდჰამი ეწოდება და შანკარამ ქვეყნის ოთხ კუთხეში დააარსა. ტაძარი დაარსდა როგორც სამონასტრო ცენტრი და დვარკის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია. დვარკა ერთ-ერთია ინდოეთის შვიდ უძველეს რელიგიურ ძეგლს შორის.[1][2]

დვარკა „კრიშნას მოლოცვის წრის“ ნაწილია, რომელიც მოიცავს: ვრინდავანს, მათურას, ბარსანას, გოკულს, გოვარდჰანს, კურუკშეტრასა და პურის.[3] დვარკა ერთ-ერთია ინდოეთის კულტურული მემკვიდრეობის 12 ძეგლს შორის, რომლებიც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ინდოეთის მთავრობამ HRIDAY-ის პროგრამისთვის შეარჩია.[4]

ქალაქი ცხელ და არიდულ კლიმატურ ზონაშია და 16 დღიანი წვიმის სეზონი აქვს. 2011 წელს დვარკის მოსახლეობა 38 873 ადამიანს შეადგენდა. მთავარი დღესასწაული, ბჰადრაპადა, აგვისტო-სექტემბერში აღინიშნება.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დვარკის პლაჟი

დვარკა კაჩის ყურის შესართავთან, ოხამანდალის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზე, მდინარე გომთის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს.[5] გომთი XIX საუკუნემდე ნავსადგური იყო.[6]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, დვარკა სუბტროპიკული უდაბნო/დაბალი განედების არიდული ცხელი კლმატის სარტყელშია მოქცეული. ჰოლდრიჯის სასიცოცხლო ზონების ბიოკლიმატური კლასიფიკაციით, დვარკა სუბტროპიკული ტყიანი მიწების ბიომს მიეკუთვნება.[7] საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 403 მმ-ია. წვიმის პერიოდი 16 დღეს გრძელდება. შედარებით მშრალი პერიოდი ივნისიდან სექტემბრამდეა. საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა 30 °C-ია (86 °F). რეკორდული ტემპერატურა 42.7 °C-ია (108.9 °F). საშუალო მინიმალური ტემპერატურა 23.6 °C-ია (74.5 °F), ხოლო რეკორდული მინიმუმი − 6.1 °C (43.0 °F). საშუალო წლიური შეფარდებითი ტენიანობის მაჩვენებელი 72%-ს უდრის, ხოლო მაქსიმალური − 80%-ს.

ჰავის მონაცემები — დვარკა
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 34.0 36.5 38.8 41.1 42.7 39.5 36.4 33.8 39.4 40.0 37.6 35.2 42.7
საშუალო მაღალი °C 26.4 27.2 28.7 30.3 31.8 32.4 31.1 30.0 30.7 31.7 31.6 28.4 30.0
საშუალო დაბალი °C 16.5 18.7 22.3 25.2 27.4 28.4 27.6 26.4 26.1 24.9 21.7 17.9 23.6
რეკორდულად დაბალი °C 6.1 8.3 7.8 17.2 20.0 22.0 21.3 20.6 21.8 16.7 12.2 8.3 6.1
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 1.0 1.0 0.6 0.0 0.0 66.5 188.8 141.8 84.4 3.9 2.2 0.5 490.8
წვიმიანი დღეები საშუალოდ 0.1 0.1 0.1 0.0 0.0 2.2 6.6 5.5 2.7 0.5 0.1 0.1 17.9
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) 53 62 73 77 79 79 83 83 80 72 56 49 70
წყარო: India Meteorological Department[8][9]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის აღწერის მიხედვით, დვარკის მოსახლეობა 38 873 ადამიანს შეადგენდა (20 306 კაცი და 18 567 ქალი).[10][11] დვარკაში წერა-კითხვის ცოდნის დონე 75.94%-ია, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე, 78.03%-ზე ნაკლებია. მამაკაცებს შორის წერა-კითხვის ცოდნის დონე 83%-ს შეადგენს, ხოლო ქალებს შორის ― 68.27%-ს. მოსახლეობის 11.98% 6 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება.[10]

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დვარაკადიშას ტაძარი

დვარკა წმინდა ქალაქად მიიჩნევა და ტაძრებითაა ცნობილი. იგი ინდუსი მომლოცველებისთვის ერთ-ერთ რელიგიურ ცენტრს წარმოადგენს. ქალაქის ცენტრში დვარაკადიშას ტაძარი მდებარეობს, რომელსაც ჯაგატ მანდირსაც უწოდებენ. დვარაკადიშა ვიშნუისტური სალოცავია.[2] აიგო რაჯა ჯაგატ სინგჰ რათორის მიერ.[12] ტაძარი დასავლეთისკენაა მოქცეული. ზღვის დონიდან 12.19 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ვარაუდობენ, რომ ტაძრის ადგილი 2 500 წლის წინანდელია და ის ადგილია, სადაც კრიშნამ საკუთარი ქალაქი და ტაძარი ააგო. თავად დარაკადიშას ტაძარი XVI საუკუნით თარიღდება.[2][13] ხუთგანყოფილებიანი ტაძარი 72 სვეტზეა აგებული. ტაძრის სიმაღლე 78 მეტრია. ცენტრში აღმართულ სვეტზე დიდი დროშაა განთავსებული, რომელზეც მზე და მთვარეა გამოსახული.[13][2] ტაძრის მთავარი ღვთაებაა დვარკადეში, რომელიც ვიშნუს ავატარია და ოთხი ხელით გამოისახრება.[13]

რუკმინი დევის ტაძარი, რომელიც რუკმინის, კრიშნას მთავარ დედოფალს ეძღვნება, დვარკიდან 2 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. გადმოცემის თანახმად, ტაძარი ჯერ კიდევ 2 500 წლის წინ აიგო, მაგრამ დღევანდელი ფორმით XII საუკუნეში ააშენეს. მდიდრულად გამოყვანილი ტაძრის ექსტერიერი ღმერთებისა და ქალღმერთების ქანდაკებებითაა გაფორმებული.[14]

შუქურა და ტბა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დვარკის შუქურა

დვარკის ნახევარკუნძულზე შუქურა მდებარეობს, საიდანაც ქალაქის პანორამა იშლება. ერთ ადგილას განთავსებული შუქურა ზღვის დონიდან 21 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. შუქი 16 კმ-ის მანძილზე ჩანს. შუქურის კოშკის სიმაღლე 12 მეტრია.

ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ტბა (ან აზვი), რომელსაც გოპი ტალაბი ეწოდება.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Brockman 2011, p. 94.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Desai 2007, p. 285.
  3. Development of Ramayana and Krishna Circuits. ციტირების თარიღი: 8 October 2022
  4. Government to develop 12 heritage cities; blueprint by 2017. Daily News and Analysis (22 April 2015). ციტირების თარიღი: 30 April 2015
  5. Gaur, A.S.; Tripati, Sila. Ancient Dwarka: Study Based On Recent Underwater Archaeological Investigation გვ. 56–58. National Institute of Oceanography. ციტირების თარიღი: 11 April 2015
  6. Gaur, A. S.; Tripati, Sundaresh; Tripati, Sila (2004). „An ancient harbour at Dwarka: Study based on the recent underwater explorations“. Current Science. 86 (9): 1256–1260. ISSN 0011-3891. JSTOR 24109935.
  7. Dwarka Climate & Temperature. Dwarka.climatemps.com. ციტირების თარიღი: 9 April 2015
  8. Station: Dwarka Climatological Table 1981–2010 გვ. 263–264. India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 28 September 2020
  9. Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 28 September 2020
  10. 10.0 10.1 Census of India 2001: Data from the 2001 Census, including cities, villages and towns (Provisional). Census Commission of India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივნისი 2004. ციტირების თარიღი: 1 November 2008
  11. Dwarka Population Census 2011. Census2011.com. ციტირების თარიღი: 1 November 2008
  12. Bandyopadhyay 2014, p. 71.
  13. 13.0 13.1 13.2 Bansal 2008, pp. 20–23.
  14. Jamnagar. Government of Gujarat Tourism. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 14 April 2015