დე ბუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დე ბუა (ფრანგ. de Boyx) — XII საუკუნის ფრანგი ჯვაროსანი რაინდი. ვატიკანის ფონდში დაცულია დე ბუას საინტერესო წერილი საფრანგეთის ქალაქ ბეზანსონის არქიეპისკოპოსის ამადე დეტრემლესადმი. დაწერილი უნდა იყოს 1220-22 წწ (შ. ლომსაძე). წერილის ლათინური ტექსტი პირველად 1893 წელს გამოაქვეყნა რ. რერიხტმა. საქართველოში წერილის ლათინური ტექსტიც და თარგმანიც (ა. ურუშაძე) პირველად დაიბეჭდა 1974 წელს ვ. ჩაჩანიძის წიგნში „პეტრე იბერიელი და ქართული მონასტრის არქეოლოგიური გათხრები იერუსალიმში“.

დე ბუას წერილის შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანგი რაინდი წერს, რომ ვიღაც ქრისტიანები იბერიიდან, რომელთაც გეორგენებს (ქართველებს) უწოდებენ, ღვთის შემწეობით შეგონებულნი, უთვალავი მეომრით უშიშრად აღსდგნენ ურწმუნოთა წინააღმდეგ,აიღეს მათი 300 ციხესიმაგრე და 9 დიდი ქალაქი... სახელგანთქმული მათი თექვსმეტი წლის მეფე, მსგავსია ალექსანდრესი (მაკედონელის) შემართებითა და მოკრძალებულობით, რწმენით კი — არა. ამ ახალგაზრდას მოაქვს დედამისის — უძლიერესი დედოფლის თამარის ძვლები, ვინაიდან (თამარს) მისთვის სიცოცხლეში ანდერძად დაუტოვებია, როცა მოკვდებოდა, მისი ძვლები იერუსალიმში წაეღოთ და უფლის საფლავის ახლოს დაეკრძალათ. დედის სურვილის ღრმად პატივისმცემელს, მას გადაუწყვეტია დანაბარების აღსრულება და დედის ნეშტის წმინდა ქალაქში დამარხვა ურწმუნოთა ნება-სურვილის მიუხედავად“.

ვარაუდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთი მეცნიერის — ს. კაკაბაძის, შ. ამირანაშვილის — მოსაზრებით, ეს ახალგაზრდა მეფე ლაშა-გიორგია და შესაძლოა, თამარ მეფის ნეშტი მართლაც იერუსალიმში იყოს დაკრძალული. ვატიკანის ფონდებში დაცულმა ცნობამ დიდად შეუწყო ხელი არქეოლოგიური გათხრების დაწყებას 1946 წელს იერუსალიმში, იორდანიის უდაბნოში ვ. კორბოს ხელმძღვანელობით, რასაც შედეგად მოჰყვა V საუკუნის ქართული ტაძრის უძველესი ქართული წარწერის და კულტურის უძვირფასესი ძეგლების აღმოჩენა (1952).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]